ავიაციის ისტორიაში ბევრი შემზარავი ავიაკატასტროფა მომხდარა. თუმცა რამდენიმე მათგანმა მსოფლიო ისტორიის ფურცლებზე განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. 1972 წლის 13 ოქტომბერს ურუგვაის თვითმფრინავი FH-227 ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მიფრინავდა. ბორტზე ეკიპაჟის ხუთი წევრი და 40 მგზავრი - ურუგვაის რეგბის გუნდ Old Christians-ის მოთამაშეები, მათი მწვრთნელები, ნათესავები და სპონსორები იმყოფებოდნენ.
ანდების მთების გადაფრენისას, თვითმფრინავი ძლიერ ციკლონში მოხვდა და ცუდი ხილვადობის გამო კუდით მთის მწვერვალს წამოედო. უშუალოდ ჩამოვარდნისას, 45 ადამიანიდან 12 დაიღუპა. კიდევ 5 მეორე დილას გარდაიცვალა. ავიაკატასტროფაში გადარჩენილი 27 ადამიანი 3600 მ-ის სიმაღლეზე, უმკაცრეს კლიმატურ პირობებში, თბილი ტანსაცმლის, საწვავის, საკვების და მედიკამენტების გარეშე სიკვდილის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები თვითმფრინავის გაუჩინარებისთანავე დაიწყო. პროცედურა მხოლოდ 11 დღეს გაგრძელდა და მისი შეწყვეტის შესახებ გადარჩენილებმა პატარა რადიოთი შეიტყვეს. ხელისუფლებამ ისინი დაღუპულებად ჩათვალა.
გადარჩენილთა მდგომარეობას საჭმლის მინიმალური მარაგი აუარესებდა. მათ მხოლოდ რამდენიმე შოკოლადის ფილა და ღვინის ბოთლი ჰქონდათ. მკაცრი ეკონომიის მიუხედავად, საკვები მალე გათავდა და შიმშილმა ისინი უკიდურეს ზღვრამდე - კანიბალიზმამდე მიიყვანა. მათ დაღუპული ადამიანების ხორცის ჭამა დაიწყეს.
29 ოქტომბერს, ჩამოწოლილმა ზვავმა კიდევ 8 ადამიანი შეიწირა. სამი დღის განმავლობაში გვამებთან ერთად გადარჩენილები თვითმფრინავის ფრაგმენტებში იყვნენ მოყოლილნი, სანამ ნანდო პარადომ პილოტის კაბინაში ფანჯარა არ გაამტვრია.
დახმარება არსაიდან ჩანდა და მგზავრებმა გადარჩენაზე ზრუნვა თავად დაიწყეს. ოთხი მათგანი - ნანდო პარადო, რობერტო კანესა, ნუმა ტურკატი და ანტონიო ვისინტინი დასავლეთისკენ - ჩილეს დაბლობებისკენ გაეშურა. მათ შემთხვევით თვითმფრინავის კუდი იპოვეს სადაც ბარგი ინახებოდა. ჩემოდნებში შოკოლადს და თბილ ტანსაცმელს მიაგნეს. ბარგში ნაპოვნმა აკუმულატორებმა გადარჩენილებს SOS სიგნალის გადაცემის იმედი მისცა. თუმცა იმედი იმედად დარჩა. ერთადერთი გამოსავალი ანდების გადაკვეთაში იყო.
12 დეკემბერს თბილი ტანსაცმლითა და ადამიანის ხორცით მომარაგებული პარადო, კენესა და ვისინტინი გზას გაუდგნენ. ექსპედიციის მეოთხე წევრი - ტურკატი რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა.
თოვლით დაფარულ მთებში რუკის, სათანადო აღჭურვილობისა და თბილი ტანსაცმლის გარეშე ურთულეს პირობებში 11 დღიანი მოგზაურობისა და 55 კმ-ის გავლის შემდეგ, მათ ჩილელ მწყემსს, სერხიო კატალანას მიაგნეს. 571-ე რეისის კატასტროფაში გადარჩენილთა შესახებ ხელისუფლებას სწორედ მან აუწყა.
22 დეკემბერს, ორმა შვეულმფრენმა თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილს მიაგნო. შიმშილის, ყინულის, სიცივისა და თოვლის ტყვეობაში გატარებული 72 დღის შემდეგ მაშველებმა 16 ადამიანი გადაარჩინეს. მომხდარმა მთელი მსოფლიო შეძრა. წლების შემდეგ, ნანდო პარადოს და მწერალ პირს პოლ რიდის თანამშრომლობა 571-ე რეისის შესახებ გამოცემული წიგნით დასრულდა. 1993 წელს რეჟისორმა ფრენკ მარშალმა ავიაკატასტროფისა და გადარჩენილების შესახებ ფილმი "ცოცხლები" გადაიღო.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ www.fresher.ru-ის მიხედვით.