ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას მოსახლეობის იმ ნაწილისაც ესმის და გაგებით ეკიდება, ვინც შალვა ნათელაშვილს და გიორგი თარგამაძეს უჭერს მხარს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური მედიის და რადიოების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"შალვა ნათელაშვილს აქვს 1 თუ 2 პროცენტი. 20 წელიწადია ატყუებს საზოგადოებას და მაინც დარჩა ხალხი. ლამის მასხარა გახდა ეს კაცი და დღესაც 1-2 პროცენტი აქვს. ეს პრობლემაა საზოგადოების, მას არ აქვს იდეოლოგია. ის დღესაც ანაბრებს ჰპირდება საზოგადოებას, რომელიც საბჭოთა დროს დაკარგეს და ასეთ უმეცარ სიცრუებზე სურს საზოგადოება აცხოვროს. მცირე ნაწილი დარჩა მას მხარდამჭერების და ესეც კარგია. ოდესღაც მას 20-30 პროცენტი ჰქოდნა", -განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერმა კიდევ ერთ საპრეზიდენტო კანდიდატზე, გიორგი თარგამაძეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის მის თვალში მოღალატის ეტალონია.
"ამ კაცს მუდამ ქვეყნის საწინააღმდეგო პოზიცია ეჭირა. მოღალატის ეტალონს გავს ეს კაცი ჩემს თვალში. სულ ყოველთვის იქ იდგა, სადაც ქვეყანას არ სჭირდებოდა და ქვეყნის საპირისპირო პოზიცია ეჭირა. იმასაც 1-2% აქვს. მე ამ მოსახლეობასაც გაგებით ვეკიდები. მესმის, რომ ბევრს არ აქვს სწორი ანალიზის გაკეთების უნარი და ისინი ახერხებენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას",-განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, ივანიშვილის განცხადებით, ყველა ანალიზით, ბაქრაძე მას მცირედით უსწრებს.
"თუ მეორე ტურიც იქნება, ღმერთმა მოახმაროთ ბაქრაძე და ბურჯანაძე",-განაცხადა ივანიშვილმა.