ამ კითხვაზე პასუხი ქართველმა საზოგადოებამ აქამდე ვერ იპოვა, რადგან რადიკალურად განსხვავებული პოზიციები ისმის, მონაწილეებიც კი დაბნეულები ჩანან. დიდი ხანია ცნობილია, რომ საქართველო სოჭის ოლიმპიადაზე მონაწილეობს, მაგრამ სპორტსმენების წასვლა-არწასვლის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც რუსულმა მხარემ მეჩირაღდნედ ივან ნიჩაევი გამოაცხადა. რუსი მაიორი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა. ერთ-ერთი დავალების შესრულების დროს კი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა მოხვდა, რის შემდეგაც დაზიანებული თვითმფრინავი აეროდრომზე დასვა. მოგვიანებით ნიჩაევს "რუსეთის გმირის" წოდება მიენიჭა.
რუსეთის საქციელმა თითქმის მთელი საქართველო გააღიზიანა, მით უმეტეს, რომ ამას რუსი ოკუპანტების მიერ საზღვრების უკანონოდ გადმოწევა მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჯობს, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ და მერე მივიღოთ გადაწყვეტილება, მაგრამ პეტიციას "პროტესტი სოჭის ოლიმპიადას" ინტერნეტში უკვე რამდენიმე ათასი ხელმომწერი ჰყავს. თემაზე აზრი საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს ვკითხეთ.
ია სუხიტაშვილი, მსახიობი:
- რამდენიმე დღის წინ ხელოვანები დვანში ჩავედით, ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტმა იგივე კითხვა დამისვა და თქვენთანაც გავიმეორებ. არ მინდა, ვინმემ დემაგოგიაში ან ჭკუის სწავლებაში ჩამომართვას, ასე ცხოვრებაში არ მოვქცეულვარ, უბრალოდ, არის რაღაც, რაც ყველას გვტკივა და გვაწუხებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვისი ბრალია, საზღვრები რომ იწევს, ჩვენი მთავრობის თუ რუსეთის, რომელიც დამპყრობელი ქვეყანაა, მაგრამ მე პირადად ამ ოლიმპიადაზე არ წავიდოდი. რას გავაკეთებთ ამით, კარგს თუ ცუდს, არ ვიცი. ძალიან დაბნეული ვარ. არის რაღაც მოვლენები, რაც ყველას ეხება. ბევრმა შეიძლება, ამის გამო გამაქილიკოს, ეს ჩემი პირადი აზრია და არც ერთ სპორტსმენს არ ეგონოს, ვინც მონაწილეობას იღებს, რომ ჩემს აზრს თავს ვახვევ. მათი გადასაწყვეტია...
იხილეთ სტატიის სრული ვერსია