ზემო აფხაზეთს შესაძლოა, სახელი შეეცვალოს

ზემო აფხაზეთს შესაძლოა, სახელი შეეცვალოს

ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი უქმდება. მის ნაცვლად კი ახალი სტრუქტურა - ზემო აფხაზეთში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა იქმნება.

ამ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ორი  დადგენილება გამოსცა, რომელიც "საკანონმდებლო მაცნეში" უკვე გამოქვეყნდა.

კერძოდ, საქმე 2006 წელს აფხაზეთის მთავრობის ფარგლებში შექმნილ სტრუქტურას ეხება, როცა კოდორის ხეობას, სამხედრო ოპერაციის შემდეგ, პრეზიდენტის განკარგულებით, ზემო აფხაზეთი ეწოდა და ზემო აფხაზეთში აფხაზეთის მინისტრის აპარატი ჩამოყალიბდა.

ვახტანგ ყოლბაიას მიერ გამოცემული დადგენილების თანახმად, 11 ნოემბრამდე ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ლიკვიდაცია უნდა განხორციელდეს. ამ მიზნით სალიკვიდაციო კომისია შეიქმნა, რომელმაც 11 ნოემბრამდე უნდა უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მინისტრის აპარატის ბალანსზე რიცხული ქონების სრული ინვენტარიზაცია და აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა, ასევე, სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა.

ამავე დადგენილებით, აფხაზეთის ფინანსთა სამინისტროს მინისტრის აპარატის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით აფხაზეთის ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება დაევალა. ასევე 11 ნოემბრიდან ძალადაკარგულად ცხადდება "აფხაზეთის მთავრობაში, ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის თანამდებობის შემოღების, ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის მთავრობის 2006 წლის 18 სექტემბრის დადგენილება.

რაც შეეხება ზემო აფხაზეთის წარმომადგენლობის შექმნის საკითხს, ამაზე მუშაობა 31 ოქტომბრიდან დაიწყება, როცა ძალაში შესაბამისი დადგენილება შევა. ვახტანგ ყოლბაია ჯერ ვერ აკონკრეტებს რა ფორმით ჩამოყალიბდება წარმომადგენლობა და სად განთავსდება ის. ამასთან დაკავშირებით ყოლბაიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ წარმომადგენლობა მინისტრის აპარატზე მცირე მოცულობის იქნება, დაკავშირებული ნაკლებ ხარჯებთან და სავარაუდოდ, ზემო აფხაზეთთან ახლოს განთავსდება.

ამასთან, ყოლბაია მიიჩნევს, რომ ზემო აფხაზეთს სახელი უნდა შეცვალოს, რადგან "ის ხელოვნურია და რეალურად კოდორის ხეობაა". ყოლბაია ზემო აფხეზეთისთვის სახელწოდების შეცვლას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ელის, რადგან 2006 წლიდან კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი სწორედ პრეზიდენტის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის საფუძველზე ჰქვია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა