გლობალური დეველოპერული ფესტივალი "DevFest თბილისი" ხვალ სასტუმრო "რედისონში" კონფერენციით გაიხსნება. ფესტივალი Google-ს დეველოპერების ჯგუფის ორგანიზებით იმართება და მისი სპონსორები არიან "პალიტრა მედია", Google და SAMSUNG.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის, "GDG თბილისის" მენეჯერმა, გიორგი კინწურაშვილმა განუცხადა, "DevFest თბილისის" ფარგლებში, 19-20 ოქტომბერს გაიმართება ჰაკათონი - დეველოპერული შეჯიბრი მოკლე დროში ანდროიდის მობილური აპლიკაციების შექმნაში. ჰაკათონში წინასწარ რეგისტრირებული პირები მიიღებენ მონაწილეობას.
მონაწილეები უნდა ფლობდნენ ანდროიდს, ჰქონდეთ ინოვაციური იდეა და ჰყავდეთ 2-3 წევრისგან შემდგარი გუნდი. ჰაკათონის თემატიკა იქნება ტურიზმი და სოფლის მეურნეობა.
"დახურულ სივრცეში, მოკლე დროში დეველოპერები ეჯიბრებიან, თუ ვინ უფრო კარგ პროდუქტს შექმნის. ერთი ჰაკათონი არის 3D მოდელირებაში, მეორე ანდროიდზე მობილური აპლიკაციების შექმნაში. 3D მოდელირების თემატიკა იქნება კახეთის ღვინის შატოები. Google map-ი 3D-ზე გადავიდა და სამ განზომილებიანი შენობებია. შევარჩიეთ კახეთის რამდენიმე შატო და შეიქმნება მათი 3D მოდელები, რომელიც დატანილი იქნება რუკაზე. ანდროიდის ჰაკათონზე შეიქმნება მობილური აპლიკაციები ტურიზმის და სოფლის მეურნეობისთვის. სხვადასხვა აპლიკაციები იქნება ნერგების მოვლაზე, ქართულ სამზარეულოზე, ღვინოზე და ა.შ. გუნდებს უკვე აქვთ იდეები და ისინი შაბათ-კვირას, დახურულ სივრცეში, სასტუმრო "რედისონში" შეეჯიბრებიან ერთმანეთს კარგი პროდუქტების შექმნაში. ჰაკათონში მონაწილეობის მსურველები ძირითადი არიან სტუდენტები და დეველოპერები", - განაცხადა კინწურაშვილმა.
მისივე თქმით, ჰაკათონის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგი კრეატიულ აზროვნებასა და იდეებზე მუშაობაში, ასევე ტექნიკურ საკითხებსა და ანდროიდის თემატიკაზე.
ჰაკათონი 20 ოქტომბერს, სასტუმრო "რედისონში" დასრულდება, რის შემდეგაც გაიმართება მონაწილეების პროდუქტის პრეზენტაცია და დაჯილდოება. ჰაკათონის გამარჯვებული მიიღებს ფასიან პრიზებს კომპანია "სამსუნგისაგან", კომპანია "პალიტრა მედია" კი საკუთარ რჩეულ გუნდს დაეხმარება ინვესტორების მოძიებასა და იდეის სტარტაპად ქცევაში.
როგორც ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის, "GDG თბილისის" მენეჯერმა გიორგი კინწურაშვილმა განუცხადა, ფესტივალი 4-დღიანია. "ხვალინდელ კონფერენციას დაესწრებიან ეკონომიკის მინისტრი, მისი მოადგილე, ამავე უწყების IT დეპარტამენტის უფროსი, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები. კონფერენციები ოთხივე დღეს სხვადასხვა თემატიკაზე გაიმართება", - აღნიშნა მან.
"DevFest თბილისი" რეგიონული ღონისძიების ხასიათს ატარებს, რომელიც Google-ის მხარდაჭერით აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის დეველოპერებს უმასპინძლებს.