მამა ანდრიას ძმა, მამა ელიზბარი: "ერთი აფხაზი ყმაწვილი ბერის მკვლელობას ძალიან განიცდიდა და ამბობდა, - ამ ომში კაცი არ მომიკლავს, მაგრამ მამა ანდრიას სისხლს არავის შევარჩენო"
სოხუმის მახლობლად, სოფელი კომანი ღვთის მადლით არის აღსავსე. აქ აღავლინა უკანასკნელი ლოცვა მსოფლიოს დიდმა ქადაგმა იოანე ოქროპირმა, აქ იპოვეს იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი, აქ 308 წელს ქრისტიანობისთვის აწამეს წმინდა თეოდორე ტირონელის ძმისწული წმინდა ვასილისკო...
1993 წლის 5 ივლისს ახალაღდგენილ წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარში, ურწმუნოთა ჯგუფმა ტაძრის წინამძღვარი, ბერი ანდრია ყურაშვილი იმისთვის მოკლა, რომ აფხაზეთის მიწა საქართველოდ და საქართველო - უფლის მიწად მოიხსენია. მკვლელებმა არ დაინდეს ტაძარს შეფარებული მრევლიც და წმინდა ადგილი ცხედრებით აავსეს.
27 წლის მღვდელმონაზონმა თავისი მოწამეობით მკვლელებიც კი ჩააფიქრა. მამა ანდრიას ცხოვრება ნიშანსვეტი გახდა მისი 7 ხორციელი და-ძმისთვის. მათგან 4 დღეს სასულიერო პირია. "კვირის პალიტრა" ბერი ანდრიას ხორციელ ძმას, კაცხის სვიმონ მესვეტის მამათა მონასტრის წინამძღვარს, მამა ელიზბარს ესაუბრა.
- რა ცნობები შემოგვინახა ისტორიამ კაცხის სვეტისა და აქ მოღვაწე მამების შესახებ?
- კაცხი სვანური სიტყვაა, მწვერვალს ნიშნავს. ქვაზე ნაპოვნი წარწერა გვამცნობს: "ქრისტე ღმერთო, მეოხებითა მშობელისა შენისათა და ძალისა ჯვარისა წმიდისათა და ზეცისა ძალისა და ყოველთა წმინდანთა შენთათა, შეიწყალე სული ფრიად ცოდვილისა გიორგისი, რომელმან აღაშენა სამნი ესე სახლი სადიდებლად, შეწევნად დაყუდებულთა შენთა, წმიდისა ძელისა ცხოვრებისა და განსასვენებლად მსახურთა მისთა".
მეცნიერებმა ეს წარწერა XIII საუკუნეს მიაკუთვნეს. ზოგიერთი არქეოლოგის აზრით, ტაძარი X-XI საუკუნეების მიჯნაზე უნდა აშენებულიყო. 1944 წლის ივლისში სვეტზე ავიდა ალპინისტთა ჯგუფი ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. ნატაძრალი რომ გაწმინდეს, სარკოფაგში ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს. ფიქრობენ, რომ ეს იყო ბოლო ბერი, ვინც სვეტზე ცხოვრობდა. ვარაუდობენ, რომ სიკვდილის მოახლოების ჟამს სარკოფაგში თავად შევიდა...