საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, დასკვნით მატჩს გამართავს. თემურ ქეცბაიას გუნდი, ქალაქ ალბასეტეში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრებს დისკვალიფიკაციისა და სხვადასხვა მიზეზების გამო გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა, დავით თარგამაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, გია გრიგალავა, თორნიკე ოქრიაშვილი და ჯანო ანანიძე დააკლდებიან.
თემურ ქეცბაიას თქმით, ესპანეთთან ფრე შესანიშნავი შედეგი იქნება.
"ჩვენ ყველას გამარჯვება გვსურს, თუმცა მეტოქიდან გამომდინარე, ფრეც შესანიშნავი შედეგი იქნება. სიტყვებით ვერ აღვწერ, რა შეიძლება ვიგრძნო, ესპანეთში მსოფლიო ჩემპიონების დამარცხება რომ შევძლოთ", - აღნიშნა ქეცბაიამ.
საქართველოს ნაკრები დღევანდელ შეხვედრაში ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში ჯგუფში ბოლოს წინა, მეოთხე ადგილს დაიკავებს.
ჯგუფს ესპანეთი ლიდერობს 17 ქულით, მეორე ადგილზე საფრანგეთია 14 ქულით, მესამე ადგილზე ფინეთი 9 ქულით, მეოთხეზე საქართველო 5 ქულით და ბოლო ადგილს 4 ქულით ბელორუსი იკავებს, რომელსაც ყველა მატჩი ჩატარებული აქვს.
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: ჩვენი შანსის გამოყენებას აუცილებლად ვეცდებით