კინომცოდნე და რადიო თავისუფლების ბლოგერი გოგი გვახარია "ფესბუქის" საკუთარ გგვერდზე ფოტოგრაფ იური მეჩითოვს თომას ჰამარბერგისადმი გაგზავნილ წერილზე ხელმოწერის გამო აკრიტიკებს.
"მთელი დღეა ვფიქრობ, რატომ შეიძლებოდა იურა მეჩითოვს ხელი მოეწერა ამ შავრაზმული წერილისთვის. ხო ნამდვილად ვიცი, რომ იურა არაა ჰომოფობი.. ისიც ვიცი, რომ ჩინ-მედლებს არ ელოდება ამ წერილით... ჩემი აზრით, მას უბრალოდ სერიოზული ტრავმები აქვს მიღებული ცხოვრებაში სწორედ იმ ხალხისგან, ვისთანაც ერთად მოაწერა ხელი წერილს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ ხალხში ძალას ხედავს და მათთან "ინტეგრაციით" მათგანვე იცავს თავს.. ეს კი უარესია, ვიდრე ჩინ-მედლები:(", - წერს გვახარია.
ფოტოგრაფ იური მეჩითოვის შეფასებით, საქართველოში სექსუალური უმცირესობების უფლებები კი არ ირღვევა, არამედ მისი პროპაგანდა იზღუდება. ასე გამოეხმაურა მეჩითოვი საქართველოს მთავრობის მრჩევლის თომას ჰამარბერგის მისამართით გამოქვეყნებულ ღია წერილს, რომელიც კვირის პალიტრის გუშინდელ ნომერში დაიბეჭდა.
"რადგან ღმერთმა დააწესა ასე, რომ იბადებიან განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები, ამის საწინააღმდეგო არავის არაფერი არ უნდა ჰქონდეს. მაგრამ ერთია ამ უფლების ქონა და მეორეა ამის პროპაგანდა რაღაცა ფორმით", - განაცხადა მეჩითოვმა "ტაბულასთან" საუბარში.
ფოტოხელოვანის აზრით, სექსუალური უმცირესობების უფლებები არც 17 მაისს დარღვეულა, როდესაც აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი განმარტებით, უმცირესობების უფლებები მაშინ ირღვევა, თუ მისი შეხედულებების საფუძველზე ავიწროებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ან სამსახურში მიღებისას. მეჩითოვის თქმითვე, მიუღებელია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ისეთი ფესტივალის, ფლეშ-მობისა თუ სხვა ღონისძიებების გამართვა, "რომელიც ქვეყანაში არსებულ კულტურულ ფასეულობებს აუფასურებს".
"ეს უკვე იღებს პროპაგანდის ხასიათს, როცა ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ვიღაცას - იქადაგოს ის, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი კულტურული კოდისთვის", - თქვა მეჩითოვმა. მან აქვე დასძინა, რომ არ არსებობს ცალკე აღებული პიროვნების თავისუფლება, თუ მას არ მოსდევს პასუხისმგებლობა იმ სოციუმის წინაშე, რომელშიც ის ცხოვრობს.
"შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება ჩემი", - აღნიშნა მეჩითოვმა.
საზოგადოების წარმომადგენლებმა სამართლებრივ საკითხებში საქართველოს მთავრობის მრჩეველს, თომას ჰამარბერგს ღია წერილი გაუგზავნეს. წერილი ეხება ჰამარბერგის საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ დასკვნის იმ ნაწილს, სადაც უფლებადამცველი საუბრობს სექსუალური გარყვნილების პროპაგანდის უფლებაზე. მათი თქმით, დასკვნის ამ ნაწილში ჰამარბერგი რატომღაც ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებზე საუბრობს, რაც ოდეოლოგიური ფანდია.
"ეს უახლესი იდეოლოგიური ფანდი ჩვენთვის სრულიად მიუღებელი გახლავთ, რამდენადაც უნდა ეცადონ მის დამკვიდრებას დასავლეთში. დარწმუნებულნი ვართ, რომ სექსუალური პერვერსიის მატარებელი ადამიანების გაიგივება ნებისმიერი ქვეყნის რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან, რაც მიზანმიმართულად მოხდა შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპაში ამ ბოლო წლებში, ხელოვნური, განზრახ თავს მოხვეული იდეოლოგიაა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ადამიანური საზოგადოების ცხოვრების საუკუნოვან წესთან", - ნათქვამია წერილში.