ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობისთვის გასამართლებული კობა ყურუა სასჯელაღსრულების #7 დაწესებულების ადმინისტრაციას ადანაშაულებს.
ყურუას ადვოკატმა ირმა შალამბერიძემ "ინტერპრესნიუსს" გამოკითხვის ოქმი მიაწოდა, სადაც პატიმარი აღიარებითი ჩვენების მიცემის მოთხოვნით, მის მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს.
პატიმარი წერს, რომ რუსთავის #6 დაწესებულებაში გადაყვანამდე იმყოფებოდა #7 დაწესებულებაში, სადაც მას ციხის ადმინისტრაციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და გაუპატიურებით დაემუქრა.
ყურუას განცხადებით, მასზე ზეწოლა #8 დაწესებულებაშიც განხორციელდა.
"#7 დაწესებულებაში, 3 ოქტომბერს საღამოს რომელიღაც კაბინეტში შემიყვანა დაწესებულების დირექტორის მოადგილემ სახელად გიამ (გვარი არ ვიცი). მიჩვენა დაწერილი ფურცელი და მითხრა, რომ ხელი მოაწერე ადუაშვილის მკვლელობის ფაქტსო. ზუსტად ისევე, როგორც მთავაზობდა #8 დაწესებულების უფროსი გია ფიფია, რომელზეც საჩივარი უკვე დაწერილი მაქვს. თუ ხელს არ მოაწერ, საკუთარ თავს დააბრალე, რაც მოგივაო. ამ დროს ოთახში იმყოფებოდა კიდევ ორი პიროვნება, რომელთაგან ერთი თავში მირტყამდა წიგნს და მეუბნებოდა, დაუჯერე, რასაც გეუბნებაო. როცა უარი განვაცხადე ხელის მოწერაზე, იმ ორმა გამიკავა ხელები, გიამ კი დამიწყო ცემა პოლიეთილენის წყლით სავსე ბოთლით თავში და გვერდებში. შემდეგ იმ ორმა დამაყენეს ოთხზე და გია მიყვიროდა ამ ჯოხს გაგიკეთებ უკანო. მხედველობაში ჰქონდა ჩემი ხელჯოხი, რომლის გარეშე გადაადგილება მიჭირს", - აღნიშნულია გამოკითხვის ოქმში, რომელიც ადვოკატმა ციხიდან გამოიტანა.
ამასთან, ადვოკატის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სათვალიდან მინა გამოიღო და თავის დაცვა თვითდაზიანებით სცადა. კერძოდ მინით დაისერა სხეული. მეორე დღეს კი, გადაიყვანეს #6 დაწესებულებაში და მხოლოდ ამის შემდეგ გაეწია სამედიცინო დახმარება.
ამასთან, ადვოკატი ირმა შალამბერიძე ძალადობის კიდევ ერთ ფაქტზე საუბრობს, რომელიც ე.წ. კანონიერი ქურდის, ტარიელ ფოცხვერიას საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ცანავას მიმართ ძალადობას ეხება.
"ინტერპრესნიუსისთვის" ცნობილი გახდა ცანავას გამოკითხვის ოქმიც. იგი ყვება, რომ საქალაქო სასამართლოში პროცესის შემდეგ მას პატიმრის ოთახში შეხვდა რამდენიმე მამაკაცი და ერთ-ერთმა უთხრა, რომ "უჭირს ტარიელის საქმეს" და უნდა დახმარებოდა.
"მითხრეს, თქვი, რომ 1000 დოლარი გადმოარიცხვინა გიორგი ავალიანმა შენთვის "ობშიაკის" ფული, რომელიც მიუტანე ტარიელ ფოცხვერიას, რის სანაცვლოდაც შეგპირდნენ, რომ რამდენიმე დღეში გაგათავისუფლებდნენო", - წერს პატიმარი.
გამოკითხვის ოქმის მიხედვით, სწორედ თანამშრომლობაზე უარის თქმის შემდეგ განხორციელდა მასზე ფიზიკური ძალადობა.
"#6 დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ე. იოსავას ოთახში ვიმყოფებოდით მხოლოდ ჩვენ ორნი, იოსავამ მითხრა: ციხიდან გასვლის შანსი გეძლევა, თუ იტყვი, რომ 1000 დოლარი მიუტანე ტარიელ ფოცხვერიას. ეს ამბავი შეთანხმებულია დეპარტამენტთან და სამინისტროსთანო, რაზეც შევლაპარაკდით და დამარტყა ხელი სახეში, ხოლო მუცელში, სადაც ჭრილობა მქონდა, ჩამარტყა მუხლი. იგივე განმეორდა მეორე დღესაც: დაწესებულების უფროსის მოადგილემ, დემურ ცომაიამ წამომიყენა იგივე წინადადება, კერძოდ, წყნარად ამიხსნა, რომ ჩემს წინააღმდეგ არანაირი სამხილი არ აქვთ, მაგრამ თავის დაზიანებები ვერ გიშველის, ამიტომ რახან ტარიელ ფოცხვერიას საქმესაც უჭირს, არა აქვს ხელმოსაკიდი მტკიცებულება, დაგვეხმარე, მიეცი ჩვენება, რომ 1000 დოლარი გადაეცი მას. ეს ამბავი შეთანხმებულია, ვისთანაც საჭიროა, რა დროსაც ჩვენებას მისცემ, მეორე დღესვე გაგათავისუფლებთო", - წერს პატიმარი.
იგი ამბობს, რომ თანამშრომლობაზე უარის გამო, რამდენჯერმე სცემეს, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფის ფონზე #7 დაწესებულებაში გადაიყვანეს.
"მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საფრთხე ექმნება ჩემს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ასევე, მინდა დავაფიქსირო, რომ არ ვაპირებ თვითმკვლელობას ან ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებას", – აღნიშნულია ცანავას გამოკითხვის ოქმში.
ადვოკატი ირმა შალამბერიძე რეაგირებას ითხოვს. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფების მონაყოლ ორივე ფაქტზე საჩივრით პროკურატურას უკვე მიმართა.