დავით მატინოვი ძლიერი სქესის ერთადერთი წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც სტრიპტიზს ცეკვავს. ის უკვე 5 წელია, ერთ-ერთ სტრიპტიზბარში მუშაობს. პროფესიით მხატვარია, მაგრამ დიდი ხანია, არაფერი დაუხატავს.
- 25 წლის ვარ, 20 წლის ასაკში დავიწყე სტრიპტიზბარში ცეკვა, ვერ ვიტყვი, რომ ეს ფინანსური კრიზისის გამო გადავწყვიტე, უბრალოდ, მომინდა სტრიპტიზის ცეკვა, მივედი სტრიპტიზბარში, გოგონებმა მასწავლეს ილეთები და უკვე ამდენი წელია ამ საქმეს ვემსახურები. ძალიან მომწონს ეს საქმიანობა, მით უმეტეს, ერთადერთი მამაკაცი ვარ საქართველოში, ვინც სტრიპტიზბარში მოცეკვავედ მუშაობს და პროფესიონალია.
- კარგი ანაზღაურება გაქვს?
- მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმ ანაზღაურებით, რაც მაქვს, თუმცა თანხას ზუსტად ვერ დავაკონკრეტებ. არეული გრაფიკით ვცხოვრობ, დილის 5 საათამდე ვცეკვავ ბარში. მუდმივად ვზრუნავ საკუთარ გარეგნობაზე. სპეციალური ცეკვები მაქვს, რომელსაც ვასრულებ, მაგრამ ხანდახან იმპროვიზაციაც არის საჭირო.
- ცნობილია, რომ ქართველი მამაკაცები ხშირად ჩუქნიან ფულს სტრიპტიზიორ გოგონებს, შენც გასაჩუქრებენ?
- ხშირად არის ასეთი შემთხვევა, მინდა აღვნიშნო, რომ ხელგაშლილი კაცები გვყავს საქართველოში. მოსწონთ ჩემი ცეკვა და გოგონებს ატანენ თანხას ჩემთან. უცხოელები კი ამ მხრივ უფრო გახსნილები არიან და სცენაზე მაყრიან ფულს, ამ მხრივ განსაკუთრებით დამამახსოვრდა აზერბაიჯანელი ცოლ-ქმარი, უამრავი ფული შემომაყარეს სცენაზე ცეკვის დროს.
- ალბათ განსაკუთრებული ნომრების შესრულებაც გიწევს.
- კი, ხშირად მიწევს პრივატულად ცეკვის შესრულება როგორც მამაკაცების, ასევე ქალებისთვის. ეს გაცილებით ძვირი ღირს. ასევე მიწვევენ კორპორაციულ ღონისძიებებზე, სადაც ერთ ცეკვაში 300 დოლარს მიხდიან. თავიდან ღონისძიებაზე შევდივარ მეზობლის, სტუმრის ან კიდევ პოლიციელის სტატუსით, მერე ვიხდი და შორტებით ვცეკვავ სტრიპტიზს.
- ბოლომდე გაშიშვლებას ხშირად გთხოვენ?
- მთხოვენ, მაგრამ არასდროს ვშიშვლდები ხალხის თვალწინ. ძალიან ძვირი სიამოვნებაა ჩემი მიწვევა კორპორაციულ ღონისძიებებზე, შესაბამისად, ის სეგმენტი მეპატიჟება, ვისაც ბევრი ფული აქვს.
- ხალხს რა რეაქცია აქვს, როცა სტრიპტიზიორ მამაკაცს ხედავს სცენაზე?
- თავდაპირველად ყველას უკვირს, მაგრამ შემდეგ ყველას სიამოვნებს ჩემი ხელოვნება და ერთობიან. ვისაც არ მოსწონს და უკვირს, ისინი სოფლებში არიან.
- ცნობილია, რომ სტრიპტიზბარს ფარულად ქართველი პოლიტიკოსებიც სტუმრობენ, შენც ცეკვავ მათთვის?
- ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია. სხვათა შორის, ყველა პოლიტიკოსი ერიდება სტრიპტიზბარში სტუმრობას, რადგან მეორე დღეს ამით აჭრელდება მთელი პრესა. ჩვენთან პოლიტიკოსები ადრე უფრო დადიოდნენ, ახლა განსაკუთრებულად ფრთხილობენ.
- ფორმას როგორ ინარჩუნებ?
- მუდმივად ვვარჯიშობ და ვცეკვავ. სულ ეს არის, რის გამოც არაჩვეულებრივ ფორმაში ვარ.
- არასდროს გიცდია საკუთარი შემოქმედების წარმოჩენა რომელიმე სატელევიზიო პროექტში?
- მქონია შემოთავაზება სხვადასხვა პროექტიდან, მაგრამ უარს ვამბობ. პროექტში თუ ვერ გაიმარჯვებ, "გაბანძდები" და "გაბანძებას" მირჩევნია, კარგად ვაკეთო ჩემი საქმე - პოპულარობის გარეშე.
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)