საქართველოში ბევრ ადამიანს დღიური ლუკმის შოვნაც კი უჭირს. საბედნიეროდ, არსებობენ ისეთებიც, ვინც ცდილობს გასაჭირში მყოფ თანამოძმეს მძიმე ხვედრი შეუმსუბუქოს, მხარში ამოუდგეს. სწორედ ამ პრობლემებზე გვესაუბრება მღვდელი მიქაელ მეკრავიშვილი:
- მამაო, მაინც რა არის სიღარიბე - განსაცდელი თუ სასჯელი?
- სიღარიბე არამც და არამც არ არის ღვთისაგან მოვლენილი სასჯელი იმიტომ, რომ უფალი არასოდეს არავის სჯის. ჩვენ, ადამიანები, ჩვენივე ცოდვების გამო ვისჯებით, რადგან ხშირად ვამახინჯებთ კანონს, რომელიც უფალმა დაგვიწესა, სწორედ ამის გამო ვვარდებით განსაცდელში, განსაცდელი კი ადამიანს სიღარიბის სახითაც ევლინება ხოლმე. შეიძლება რაღაც ეკოლოგიური კატასტროფა ან მიწისძვრა მოხდა და ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. შეიძლება ომის ან სხვა უბედურების გამო იქცა ლტოლვილად, ან ის დაეღუპა, ვინც ოჯახს არჩენდა - ძალიან ბევრი რამ შეიძლება გახდეს ადამიანის გაღატაკების მიზეზი, თუმცა, უმეტესწილად საფუძველს სიღარიბისათვის ჩვენვე ვქმნით. შეიძლება ადამიანმა თავის დროზე არ იშრომა, იზარმაცა და გაღატაკდა. ამის საპირისპიროდ, ზოგიერთი დღედაღამ შრომობს, უქმად ყოფნას ვერ იტანს და ამ თვისების წყალობით მისი მატერიალური მდგომარეობაც დღითი დღე უმჯობესდება.
- სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა.
- არსებობს ასეთი ჩინური წყევლა: იცხოვრე საინტერესო დროში. როდესაც ერთი წყობა მეორით იცვლება, ეს პროცესი ყოველთვის მტკივნეულია. საბჭოთა სივრცეში ყოფნის დროს ჩვენი ხალხი მიჩვეული იყო, რომ სოციალურად დაცული იყო, რომ ყველას უნდა ესწავლა, ემუშავა, მაგრამ სულაც არ ნიშნავს, რომ ახალ წყობაში გადასვლის შემდეგ ხელი ჩავიქნიოთ და არ ვიშრომოთ. რამდენი ადამიანი იცით, რომელმაც სოფელში თავისი კარ-მიდამო მიატოვა და საზღვარგარეთ დღიურ მუშად, მოახლედ ან მთლად უარესი - მეძავად იქცა? არადა, ამ დროს მიტოვებული აქვთ მიწები, სადაც შეიძლება ადამიანმა მოსავალიც მოიწიოს და ოჯახიც გამოკვებოს. ამისათვის კი შრომაა საჭირო. წმინდა მამები წერენ, როდესაც ადამიანი შრომას იწყებს, პრობლემები აღარა აქვსო. იმიტომ, რომ ის ამ დროს სულიერადაც იზრდება და ფიზიკურადაც უფრო ძლიერი, ამტანი ხდება. სიდუხჭირე არ უნდა გახდეს საბაბი ლოთობის, ნარკოტიკის მიღების, ქურდობისა და სხვა უამრავი ცოდვის ჩადენისა. რაც უნდა გვიჭირდეს, ყოველთვის უნდა გვქონდეს უფლის მოწყალების იმედი, იმედი იმისა, რომ ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვლება.
- დღეს ძალიან ბევრი ადამიანი თუ ორგანიზაცია ეწევა ქველმოქმედებას, ისინი ეხმარებიან ავადმყოფებს, მიუსაფარ და გასაჭირში მყოფ ადამიანებს, თუმცა ეს საქმეს ვერ შველის.
- დიახ, არსებობს საქველმოქმედო ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებიც ცდილობენ დაეხმარონ გაჭირვებულებს, მაგრამ ალბათ თქვენც გაგიგიათ - ჭეშმარიტი ქველმოქმედი ის კი არ არის, ვინც ადამიანს ყოველდღიურად თევზს მისცემს, არამედ ის, ვინც თევზის ჭერას ასწავლისო. ადამიანი სულ ხელგაწვდილი კი არ უნდა იყოს, მან თავისი შრომით უნდა მოიპოვოს სარჩო-საბადებელი და თუ შევძლებთ, ამაში ხელი უნდა შევუწყოთ. სხვათა შორის, პატრიარქის სურვილი იყო, რომ ასეთი ადამიანები დაესახლებინათ სოფლებში, მიეცათ მათთვის მიწა, რომ მეურნეობა ეწარმოებინათ და ოჯახები ერჩინათ. უწმინდესსა და უნეტარესს არაერთგზის უქადაგია, რომ ასეთი სოფლები უნდა შეიქმნას და რომ ადამიანებმა საკუთარი მარჯვენით უნდა შეძლონ თავის გატანა.
- მამაო, ევალება თუ არა მდიდარ ადამიანს, რომ ყველას ხელი გაუმართოს?
- წმინდა მამები გვირჩევენ, რომ ადამიანი შეძლებისდაგვარად ყველას უნდა დაეხმაროს. აი, როგორ არიგებდნენ ისინი მდიდრებს: მარხვით ვერ მარხულობ, ლოცვაც გეზარება და მოწყალება მაინც გაეცი, რომ უფლის გული შენკენ მოიდრიკოო. ქრისტიანისათვის ქველმოქმედება აუცილებელია. თუ ადამიანი არ არის ქველმოქმედი, მაშინ ის ქრისტიანიც ვერ იქნება. უფალი ამბობს - როგორც გასცემ, ისევე მოგეგებაო და როცა ვინმეს ხელს უმართავ, იმ ადამიანში ქრისტე უნდა დაინახო. ბოლოს და ბოლოს, საკუთარი თავი მაინც უნდა დაინახო და არ იფიქრო, რომ ადამიანი, ვისაც ეხმარები, რაღაცით შენზე დაბლა დგას. უფალს ორივე ერთნაირად უყვარს და რასაც გასცემ, ორმაგად დაგიბრუნდება, რადგან ამ დროს უფლის ნებას ასრულებ. წმინდა იოანე ოქროპირი გვარიგებს: როდესაც მოწყალებას გასცემ, ჯერ გაეცი ის, რაც არ გჭირდება, შემდეგ გაეცი ის, რაც შენთვისაც საჭიროა, მაგრამ უმისობით არაფერი მოგაკლდება, შემდგომ ეტაპზე უკვე იქამდეც მიხვალ, რომ გასცემ იმას, რაც ყველაზე მეტად გჭირდება ან მოგწონს და ამით თავგანწირვას ისწავლიო.
- ზოგჯერ მდიდარ ადამიანებსაც ბევრი სთხოვს დახმარებას. ბუნებრივია, ისინი ვერ ახერხებენ ყველას ხელი გაუწოდონ...
- უწმინდესს არაერთხელ უქადაგია ქველმოქმედების მნიშვნელობაზე, ის ხშირად ლოცავს ორგანიზაციებსა და ადამიანებს, რომლებიც ქველმოქმედებას ეწევიან. მე მგონი, ყველამ კარგად ვიცით, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და ხომ შეიძლება, მდიდარმა ადამიანმა დროებით მაინც არ შეიძინოს ფუფუნების საგნები, მანქანა ან აგარაკი? მე იმას კი არ ვამბობ, რომ საერთოდ არ იყიდოს, მაგრამ ხელი გაუმართოს იმას, ვისაც გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება, ან მშიერია და ნაგვის ბუნკერში ეძებს სარჩო-საბადებელს, ან უსახლკაროა და ღამეს ქუჩაში ათევს. ასეთები ბევრნი არიან, მიიხედ-მოიხედეთ, ეძებეთ ასეთი ადამიანები, რომ სამაგიეროდ უფალმა გიპოვოთ თქვენ!
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)