თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა რუსეთის მიერ საოკუპაციო ზოლთან განხორციელებულ ქმედებებზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 59-ე სესიაზე ისაუბრა.
სესიაშვილმა, რომელიც ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს, ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მიერ განხორციელებულ მიუღებელ ქმედებებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენსა და ალიანსის წევრს ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და არაღიარების პოლიტიკას მხარს უჭერენ, მადლობა გადაუხადა.
"ხაზი გავუსვი, რომ მიუხედავად ჩვენს მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯებისა, რუსეთი აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებს, რაც მიუღებელია", - განუცხადა ირაკლი სესიაშვილმა "ინტერპრესნიუსს".
ამასთან, მან ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებსა და მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისაუბრა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოში 20-კაციანი სადამკვირვებლო დელეგაციის მოვლენის გამო მადლობა გადაუხადა.
"ყურადღება გავამახვილე საოკუპაციო ზოლზე რუსეთის მიერ განხორციელებულ მიუღებელ ქმედებებთან დაკავშირებით. ასევე ვისაუბრე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და მადლობა გადავუხადე ნატოს გენერალურ მდივანს იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს 20 დამკვირვებლისგან შემდგარი ჯგუფი გაუწევს მონიტორინგს და გამოვხატე ჩემი ღრმა რწმენა, რომ ნატოელი კოლეგები დარწმუნდებიან იმაში, რომ საქართველო დემოკრატიულ გზას ადგას. ასევე გამოვთქვი იმედი, რომ ნატო ადეკვატურად შეაფასებს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ პროცესებს და ჩატარებული კარგი არჩევნების შემდგომ, გაითვალისწინებს საქართველოს წინსვლას შემდგომი ინტეგრაციის პროცესში", - განუცხადა ირაკლი სესიაშვილმა "ინტერპრესნიუსს".
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 59-ე სესია ხორვატიაში, ქალაქ დუბროვნიკში მიმდინარეობს. საქართველოს დელეგაციას ირაკლი სესიაშვილი ხელმძღვანელობს, მის შემადგენლობაში კი დეპუტატები ზურაბ აბაშიძე, ლევან ბერძენიშვილი და გიორგი ბარამიძე შედიან.