ნანუკა ლითანიშვილი საბავშვო ლიტერატურას მიუბრუნდა

ნანუკა ლითანიშვილი საბავშვო ლიტერატურას მიუბრუნდა

მსახიობი ნანუკა ლითანიშვილი ოთხი შვილის დედაა. მისი მეუღლე მსახიობი, რეჟისორი და თუმანიშვილის თეატრის მმართველი ზურა გეწაძეა. მათ ოჯახში ხშირად ყიდულობენ ახალ-ახალ წიგნებს, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით უმცროსი ქალიშვილი ნუცასთვის. ნანუკა ახლახან ირლანდიელი მწერლისა და უოლტერ სკოტის უახლოესი მეგობრის, მარია ეჯუორტის შემოქმედებამ გაიტაცა. პროფესიიდან გამომდინარე ხშირად უწევს თანამედროვე ქართველი დრამატურგების შემოქმედების გაცნობა და კლასიკად ქცეულ ავტორებთან, შექსპირთან და ჩეხოვთან მიბრუნებაც...

- მე და ჩემს ძმას ბებია ძილის წინ ყოველთვის გვიკითხავდა ზღაპრებს. ცოტა რომ წამოვიზარდეთ, "სერიოზულ ლიტერატურაზეც" გადავიდა. მოგვიანებით, როცა თავად დავიწყე წიგნების კითხვა, ბევრი ნაწარმოები ახდენდა ჩემზე დიდ გავლენას. განსაკუთრებით გამოვყოფ ჩარლზ დიკენსის "დევიდ კოპერფილდს", რომელიც სულ მინდოდა მეკითხა და მივბრუნებოდი. დიდ ხანს ვიყავი "უთავო მხედრისა" და "სამი მუშკეტერის" გავლენის ქვეშაც. საერთოდ, ის სავალდებულო ლიტერატურა, რომელიც ჩემს ბავშვობაში არსებობდა, წაკითხული მქონდა და სამწუხაროდ, დღევანდელი ახალი თაობისთვის ეს ყველაფერი დაიკარგა.

- გოგონები განსაკუთრებით ინტერესდებიან რომანებითა და სასიყვარულო თემებით 12-13 წლის შემდეგ. "იზა", "ჯეინ ეარი" "უცნობი ქალის წერილი" - ამ თუ სხვა ნაწარმოებებიდან თქვენთვის საყვარელი პერსონაჟები გამოვყოთ...

- შტეფან ცვაიგი რომ წავიკითხე, მისით დიდად არ მოვიხიბლე, რადგან მისი პერსონაჟი ქალების პოზიცია, ცხოვრებისა და სიყვარულისადმი დამოკიდებულება ჩემთვის მიუღებელია. არ მიყვარს ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენილი ქალი. პატარაობაშიც ასე ვფიქრობდი და დღესაც. ოდნავ მოგვიანებით წავიკითხე და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ჯონ გოლზუორთის "ფორსაიტების საგამ", რომლის პერსონაჟები - მამაკაცებიცა და ქალებიც ძალიან ბევრი იყო ჩემთვის მისაბაძი.

- რომელი მამაკაცი პერსონაჟისადმი გქონდათ დიდი სიმპათია, ვთქვათ, რომელიც გსურდათ თქვენი მეორე ნახევრის სტატუსით გეხილათ?

- ასე და ამ დონეზე არ ამყავდა პერსონაჟები, რომელიმე გმირზე შეყვარებული არ ვყოფილვარ და არც ვინმეს სტერეოტიპი მინდოდა მეპოვა.

- თქვენმა მეუღლემ ამავე რუბრიკაში საუბრისას მითხრა, რომ დ' არტანიანი უყვარდა ძალიან და ბავშვობაში ჰბაძავდა...

- დ'არტანიანი მეც ძალიან მიყვარდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, უფრო მეტად ათოსზე ვგიჟდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ქალი ვარ, კაცი რომ ვყოფილიყავი, ათოსის როლს სიამოვნებით შევასრულებდი. საერთოდ, დიუმა ისეთი მწერალია, ის არ უნდა იკითხო მხოლოდ ბავშვობაში. ავად რომ ვიყავი და ლოგინში დიდი ხნით ვწვებოდი, ვიღებდი დიუმას ნაწარმოებებს და კითხვას ვიწყებდი.

- ალბათ, ისიც გიფიქრიათ, რომელი ქალი პერსონაჟის როლს ითამაშებდით?

- ჩემი სენივით იყო, რა წიგნსაც ვკითხულობდი ამა თუ იმ დროს, იქ რომელ­იმე პერსონაჟს ყო­­ველთვის ვირჩევდი და მისი თამაში მინდოდა. რა გინდ გასაკვირი უნდა იყოს, "სამ მუშკეტერში" მილედის როლს შევასრულებდი. "ფორსაი­ტების საგაში" ირ­­ენი მინდოდა ვყოფილიყავი და ა.შ. ახლა, ვფიქრობ, ჩვენი გამარჯვებაა, რომ ყველაფერი ნელ-ნელა ქართულ ენაზე ითარგმნება. ჩემს დროს რუსულად გვიწევდა კითხვა, ჩემი შვილები კი წიგნებს ქართულად კითხულობენ. როცა ქართულად ნათარგმნი მსოფლიო ლიტერატურა აღმოვაჩინე, ძალიან მომინდა, ბავშვობაში წაკითხული წიგნები ხელახლა, მაგრამ ამჯერად ქართულად ნათარგმნი მეკითხა. კარგი თარგმანებია, ყოველ შემთხვევაში, რაც მე ვნახე და წავიკითხე. ასე რომ, მეც ჩემს შვილებთან ერთად ვკითხულობ ჯეკ ლონდონს, თუ სხვა ავტორებს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს