ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ნინო ბურჯანაძის შესახებ მორიგ ხმაურიან განცხადებას აკეთებს, რომელსაც "ამბები.ge" უცვლელად გთავაზობთ.
"ვილნიუსის სამიტის წინ, რუსეთმა უკვე გამოუცხადა სავაჭრო ომი უკრაინას და მოლდოვას და დაიყოლია სომხეთი საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე. საქართველოს ჯერი როგორც ჩანს 28 ოქტომბერს დადგება, როდესაც არჩევნების მეორე დღეს, გაყალბების საბაბით, ნინო ბურჯანაძის ხელით რუსეთს განზრახული აქვს თბილისში არეულობის მოწყობა, რაც დაახლოებით იქნება 26 მაისის სცენარის განმეორება. ამ მოვლენების გენერალური რეპეტიცია ნინო ბურჯანაძეს დაგეგმილი აქვს 24 ოქტომბერს.
კრემლი არ კმაყოფილდება დიცსა და დვანში მავთულხლართების გავლებით და სურს ბარიკადები ამჯერად უკვე რუსთაველის გამზირზე აღმართოს. რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ იცვლება - მას დაგეგმილი აქვს შიდა არეულობის მოწყობის გზით შეაფერხოს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი.
მინდა მოვუწოდო ყველას, პირველ რიგში პოლიციელებს, არავის მისცენ ქვეყანაში არეულობის მოწყობის საშუალება." - წერს მერაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ მერაბიშვილმა ნინო ბურჯანაძის შესახებ რამდენიმე დღის წინაც გააკეთა განცხადება, რომელშიც მან აღნიშნა, რომ 26 მაისის ცნობილი მოვლენების გამო საქართველოს იმდროინდელ მთავრობას სრული კანონიერი უფლება ჰქონდა პასუხისგებაში მიეცა ნინო ბურჯანაძე, ისევე როგორც მისი მეუღლე ბადრი ბიწაძე.
ასევე იხილეთ: რატომ თქვა უარი ვანო მერაბიშვილმა ნინო ბურჯანაძის დაკავებაზე