"ცეკვავენ ვარსკვალავების" II სეზონის მეორე ეპიზოდში, მაყურებლის მიერ გაგზავნილი ესემესების შედეგად, პროექტი პირველმა წყვილმა - მომღერალმა გია სურამელაშვილმა და მისმა პარტნიორმა, ვერიკო ჯაჯანიძემ დატოვა.
"ამბები.გე" შეეცადა, გია სურამელაშვილს დაკავშირებოდა, მაგრამ ის სატელეფონო ზარს არ პასუხობს. სამაგიეროდ, დავუკავშირდით მის მეწყვილეს, ვერიკო ჯაჯანიძეს.
- გული ძალიან დამწყდა, პროექტი პირველებმა რომ დავტოვეთ, არავის უნდა ასეთი მაგარი და ცნობილი პროექტიდან წამოსვლა. მას ხომ მოცეკვავეები საქართველოში წლების განმავლობაში ველოდით. ის საკუთარი თავის წარმოჩენის საუკეთესო საშუალებას გვაძლევს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ მაყურებელმა ამ მცირე ხნის განმავლობაში მაინც გამიცნო და შემიყვარა. თუ მართლა ასეა, მოხარული ვიქნები.
- კმაყოფილი ხარ გუშინდელი ცეკვით?
- გუშინ სიყვარულის ცეკვა - "რუმბა" წარმოვადგინეთ, ვეცადეთ, რომ ყოფილიყო კარგი ნომერი, მაგრამ სწორედ "სიყვარულის ცეკვაზე" გამოვვარდით...
- რას იტყვი შენს პარტნიორზე, გია სურამელაშვილზე?
- ცუდს ვერაფერს ვიტყვი. ძალიან კარგი ადამიანია, რაც გავიცანი, მას მერე გიასგან სითბოს მეტი არაფერი მახსოვს. დილაობით სულ ის მაღვიძებდა. პირველი ზარი მისი იყო ხოლმე. ერთი ის არის, რომ მუშაობისას ცოტას ზარმაცობდა. ჩემთვის და ქორეოგრაფებისთვის რომ დაეჯერებინა, შეიძლება, ასეთი შედეგი არ მიგვეღო. რეპეტიციებზე ხანდახან აგვიანებდა. ისე, ერთხელ დამასწრო მისვლა და მელოდებოდა (სიცილით ამბობს). ისე, რეპეტიციებზე უკეთესი შედეგი ჰქონდა ყოველთვის, როგორც ჩანს, შოუზე ზედმეტად ნერვიულობდა, რაც ნომრის წარმოდგენაში ხელს უშლიდა.
- მომეჩვენა, რომ გიამ სცენა გულდაწყვეტილმა და ცოტა გაბრაზებულმაც დატოვა.
- გული ორივეს დაგვწყდა. ის კი არა, შემდეგ ცეკვაზე ფიქრობდა, ამბობდა, "ტანგო" უნდა ვიცეკვოო და ამისთვის საკუთარ თავსაც და მეც განმაწყობდა. ძალიან მაგრად უნდა გამოვიდეო, - ამბობდა. არ ელოდა, რომ პროექტს დატოვებდა, დარჩენა უნდოდა.
მოკლედ, შოუ პირველებმა დავტოვეთ... მადლობა მინდა, გადავუხადო მთელ შემოქმედებით ჯგუფს - ნოე სულაბერიძეს და მის თანამშრომლებს, ვინც ამ გრანდიოზულ შოუზე მუშაობს...
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის