ქართველმა რა შეიძლება შეაგროვოს, თუ არა "ვეფხისტყაოსანიო", - მითხრა ჩემმა კოლექციონერმა მასპინძელმა მამუკა ჩხეიძემ, ამდენი "ვეფხისტყაოსნის" დანახვით განცვიფრება რომ შემამჩნია. კარადაც რომ საგანგებოდ, "ვეფხისტყაოსნის" კოლექციისთვის გაუკეთებიათ! ყველა ეგზემპლარს საკუთარი ადგილი აქვს და მამუკას გარდა ბიბლიოთეკას თურმე ვერავინ შეეხება, გამოღებულ წიგნსაც კი ვერავინ გადაფურცლავს.
"ვეფხისტყაოსნით" კოლექციონერობა მის მამას, ნოდარ ჩხეიძეს დაუწყია და 1980-იანი წლებისთვის 160-170 ეგზემპლარი შეუკრებია. შემდეგ შვილიც მამის კვალს გაჰყოლია და დღეს ჩხეიძეების კოლექციაში "ვეფხისტყაოსნის" 400-ზე მეტი გამოცემაა. სხვათა შორის, ბატონ მამუკასა და ასევე ცნობილ კოლექციონერ ლევან თაქთაქიშვილს საკუთარი ილუსტრირებული კატალოგიც კი შეუდგენიათ და ჩვენს "პალიტრა L"-ში გამოუციათ. გვირგვინად კი ამ შესანიშნავ კოლექციას ამიერკავკასიაში პირველი ნაბეჭდი წიგნის - ვახტანგ მეექვსისეული ქართული "სახარების" უნიკალური ეგზემპლარი ადგას.
- თუ არ ვცდები, "ვეფხისტყაოსანი" 51 ენაზე ითარგმნა და მხოლოდ ერთი მაკლია - 1989 წელს ადიღეურად გამოცემული. კავკასიაში ვითარება რომ აირია, ვეღარაფრით მივაკვლიე. ჩემი კოლექციის უძველესი ეგზემპლარი კი "ვეფხისტყაოსნის", ფაქტობრივად, მეორე გამოცემა 1841 წლის არის. რამდენიმე გამოცემა საქართველოში ჩემ გარდა არავის აქვს, ზოგიერთი კი თვითონ აღმოვაჩინე. ჩინურად სამჯერ უთარგმნიათ "ვეფხისტყაოსანი". პირველი თარგმანი 1944 წლისაა, ბეივანს ეკუთვნის და ჩუნ სინში გამოსცეს, იმდროინდელი სხვა თარგმანიც არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოვიპოვე/. არსებობს კიდევ 1954 წლის, ლუ ცის თარგმანი. ორივე წიგნი ჩინურისთვის ტრადიციულად - მარჯვნიდან მარცხნივ იშლება, სტრიქონები კი ზემოდან ქვემოთ მოდის, თუმცა მოგვიანებით ლუ ცის მიერ თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი" ჩვეულებრივადაც გამოსცეს: "ევროპულად" იშლება და იეროგლიფებიც მარცხნიდან მარჯვნივ იკითხება. ერთ-ერთი ჩინური გამოცემა კი მართლაც ფანტასტიკურია - კომიქსი გახლავთ და მის შესახებ არავინ იცოდა. ამ კომიქსის 1957 წლის გამოცემაც არსებობს და 2002 წლისაც, პირველის ასლი. კიდევ ერთი უნიკალური ეგზემპლარიც ჩემ გარდა არავის აქვს - ვენესუელაშია გამოცემული 1974 წელს. პროფესორ ავგუსტ ლეონმა მისი მხოლოდ შესავალი გადათარგმნა, თვითონ ნაწარმოების მთარგმნელი კი უცნობია. "ვეფხისტყაოსნის" 450-460 გამოცემა არსებობს და, სიმართლე გითხრათ, სოსო რომ არ ყოფილიყო - იოსებ ბესარიონის ძე სტალინი, - მეეჭვება, ამდენჯერ გამოეცათ. სწორედ მისი დამსახურებაა, ჯერ მარტო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რამდენჯერმე რომ ითარგმნა შოთა რუსთაველი, შემდეგ კი - სხვა ქვეყნებში. მაგალითად, ეს წიგნი 1938 წელს მოსკოვში დაიბეჭდა, "ვეფხისტყაოსნის" საკმაოდ ცნობილი, უორდროპისეული თარგმანია და მართლაც აკადემიური გამოცემაა. კიდევ ერთ მის იდენტურ "ვეფხისტყაოსანს" ფასი აწერია, რაც უცხოეთში გამოცემული წიგნებისთვის უჩვეულოა. აღმოჩნდა, რომ მეორე გამოცემას სტალინის განკარგულებით, ყდა შეუცვალეს, დააწერეს ფასი 4,50 დოლარი და გაგზავნეს ამერიკაში, მუშათა წრეში გასავრცელებლად და გასაყიდად. ამ წიგნის არსებობა არავინ იცოდა და 3 ცალი მე ჩამოვიტანე ევროპიდან. მაქვს 1954 წლის უნგრული გამოცემაც. სკკპ-ის გენერალური მდივანი იური ანდროპოვი ოდესღაც უნგრეთში, საბჭოთა კავშირის საელჩოში მუშაობდა და სტალინის პერიოდში, ჩანს მისთვის თავის მოსაწონებლად, უნგრულად ათარგმნინა "ვეფხისტყაოსანი". სტალინი 1953 წელს გარდაიცვალა, მაგრამ რაკი წიგნი ნათარგმნი იყო, მაინც გამოსცეს. იაპონურად შოთა რუსთაველი 4-ჯერ თარგმნეს. უნიკალური გამოცემები მაქვს, შესანიშნავ ფურცელზეა დაბეჭდილი და ილუსტრაციებიც უმაღლესი ხარისხისაა. ებრაულ ენაზეც მაქვს "ვეფხისტყაოსანი". ქუთაისელი კაცი იყო, ბორის გაპონოვი, რომელიც ისრაელში გადასახლდა და იქ თარგმნა და გამოსცა "ვეფხისტყაოსანი". ჩემს კოლექციაში მეგრულად ნათარგმნი "ვეფხისტყაოსნის" - "ყილოში ტყებამის" - რამდენიმე ეგზემპლარიც მაქვს. ერთ-ერთი 1991 წელს სოხუმშია გამოცემული, არძინბას ბრძანებით. ყველასთვის ხომ ნათელია, რატომ მოინდომა არძინბამ მაინცდამაინც იმ დაძაბულ პერიოდში "ვეფხისტყაოსნის" მეგრულად გამოცემა? მაქვს ასევე, უსინათლოებისთვის ქართულად გამოცემული შოთა რუსთაველი და რუსული, ოღონდ არასრული თარგმანიც. ჩემს კოლექციაში შალვა ნუცუბიძისეული "ვეფხისტყაოსანიცაა", ფანქრით მეცნიერისვე მინაწერებით. ამას წინათ კი ხელით გაკეთებული ეგზემპლარი ვიშოვე, გერმანიიდანაა ჩამოტანილი. ეს გახლავთ 1935 წელს მიუნხენში ვინმე გიორგი ფრონელის მიერ გაკეთებული წიგნი. თარგმანი უცნობია. წიგნის ბოლოსიტყვაობაში კი ფრონელი მადლობას უხდის ემილ ვოლკერს, რომელსაც ინტერნეტით მივაკვლიე და აღმოჩნდა ჰიტლერის დროს მიუნხენის ბიბლიოთეკის დირექტორი, პირწავარდნილი ნაცისტი. ფრონელების ვინაობასაც ვარკვევ.
ირმა ხარშილაძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)