"იმ ქალმა ხელზე დაუწყო მოფერება და ხელები შემოხვია - მაკოცეო. ეს გოგო კიდევ წამოხტა, თავში ტაფა ჩაარტყა და იატაკზე დააგდო. მერე დანას დასტაცა ხელი და დაჩეხვა დაუწყო"
მკვლელობა, რომელმაც დაახლოებით სამი თვის წინ მანგლისში გარდაცვლილ 71 წლის მოხუცთან ერთად 22 წლის გოგონაც "შეიწირა", დღემდე გაუხმაურებელად რჩებოდა. სიტყვა "შეწირვა" შემთხვევით არ მოგვიხმია - 22 წლის ს. კ. სასჯელს რუსთავის ციხეში იხდის და მკვლელობის ფსიქოლოგიური კოშმარიდან გამოსვლა შეძლება მთელი ცხოვრება ვერ შეძლოს., - "მოძღვარიც ელაპარაკება და ფსიქოლოგიც, ის კი ისევ ისევ ცუდად არის, მეშინია, რომ ნორმალურ ცხოვრებას ვერასოდეს შეძლებს" - ამბობს ს. კ-ს დედა და სტრესიდან გამოსვლა თვითონაც უჭირს. ამ მკვლელობამ 5 თვის წინ მთელი მანგლისი შოკში ჩაააგდო, - ყელგამოჭრილი ყოფილი ექთანი მეზობელმა საკუთარ სახლში შემთხვევით იპოვა და პოლიციას შეატყობინა. პოლიციამ მკვლელის ძებნა ყველგან დაიწყო და ყველასათვის მოულოდნელად წააწყდა, - გოგონა მასთან თვითონ მივიდა და სთხოვა, ძალიან ცუდად ვარ და პოლიციაში წამიყვანეთო. ეს პოლიციელისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მკვლელს ხვეწნაც კი დასჭირდა. თუმცა მის პოლიციაში მიყვანისთანავე გაირკვა, რომ მან შემზარავი დანაშაული ნამდვილად ჩაიდინა.
სასამართლომ 22 წლის მკვლელს თითქმის მინიმალური სასჯელი, 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, შემთხვევასთან დაკავშირებით კი ადგილობრივებში კითხვები ჯერ კიდევ რჩება, - რამ აიძულა ახალგაზრდა ქალი, რომ ხანდაზმული მოხუცი დანით ისე დაესახიჩრებინა, რომ მკვლელობის ადგილას მისულ მეზობლებს ერთმანეთში არეული სისხლი და სხეული დახვედროდათ! როგორ იქცა ერთ ღამეში 22 წლის ახალგაზრდა ქალი ცივსისხლიან მკვლელად?! ჩვენ შევეცადეთ, ეს ყველაფერი ადგილობრივებთან საუბარში გაგვერკვია.
დ. კ:
- საერთოდ, მოკლულს დიდიხანია ვიცნობდი, - მთელი სიცოცხლე მარტოხელა იყო, მაგრამ ამას არ განიცდიდა. საერთოდ ომახიანი ქალი იყო. თავს არავის დააჩაგვრინებდა და კაცებიც კი დაუჯაბნია. მეტით არაფრით განსხვავდებოდა არავისაგან, - დამახასიათებელი ის ჰქონდა, რომ თმები მუდამ ბიჭურად ჰქონდა შეკრეჭილი. ამბობდა, ქალისთვის შეუფერებელი სახე მაქვს და თმებს იმიტომ არ ვიზრდი, არ მიხდებაო. საერთოდ, ხალხში არ უყვარდა დიდად გამოჩენა. ამ მკვლელობაზე რომ გავიგე, მოტივს ვერ მივხვდი. ზოგმა რა თქვა, ზოგმა რა, მათ შორის ისიც თქვეს, ალბათ ფული ჰქონდა შენახული და იმიტომ მოკლა იმ გოგომო. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს გამორიცხულია, - იმდენ ფულს მაგას არავინ მისცემდა, რომ ამისთვის მოეკლათ.
ც. დ:
- ჯერ პირობა მომეცით, რომ ჩემს ვინაობას არ გაამხელთ და მერე გეტყვით, ეგ მკვლელობა რატომ მოხდა( ჩვენ ამ ადამიანს, ისევე როგორც ამ სტატიის ყველა რესპონდენტს პირობას ვუსრულებთ, რის გამო ინიციალებსაც ვცვლით). მოკლედ, ეგ ქალი ქალების სიყვარულში იყო შემჩნეული, - ახლა ყველას კი არ ეტაკებოდა, რასაკვირველია, მაგრამ არიან ხალხი, ვისაც "ნამიოკით" აგრძნობინა თავისი სურვილები და მერე ისინი ამას ამბობდნენ. ეგ გოგო, მაგის მკვლელი, მაგის კარის მეზობელი იყო, მის თვალწინ გაიზარდა და სტუმრადაც დადიოდა. ისე ცოდვა გამხელილი სჯობს, - ხანდახან კი გამიფიქრებია, ნეტავი, რას აგზავნის დედამისი იმ ქალთან, არ იცის თავისი მეზობლის ამბავი-მეთქი, მაგრამ მერე მე თავად შემრცხვენია ამ ფიქრის, - რა დროს მაგის ეს ამბებია, უკვე ხანდაზმულია-მეთქი! მერე სასამართლოდან რომ გამოვიდა ხმა, იმ გოგომ მეზობელი ქალი სექსუალურ ნიადაგზე მოკლაო, იმ წუთში ეს ამბავი გამახსენდა.
რ. გ:
- აბა, რა ვიცი, რა გითხრათ, მე რაც გავიგე, ის იყო, რომ ეს გოგო მაგ ქალთან ღამე სტუმრად მივიდა. იმან ჩაი გაამზადა და დაპატიჟა. მაგიდასთან რომ დასხდნენ, იმ ქალმა ხელზე დაუწყო მოფერება და ხელები შემოხვია, ზურგიდან, - მაკოცეო. ეს გოგო კიდევ წამოხტა, თავში ტაფა ჩაარტყა და იატაკზე დააგდო. მერე დანას დასტაცა ხელი და დაჩეხვა დაუწყო. მაგრამ მე ის მიკვირს, ასე მწარედ როგორ დაჩეხა, რომ თავს აღარ ანებებდა. ყელის გამოჭრაც კი მოუნდომებია, - ცხედარი რომ ვნახე, ყელზე დანა ერთ-ორჯერ ჰქონდა დასმული. ისე, ის გოგოც ძალიან ძლიერი ბავშვია ფიზიკურად და მასავით კაციც ვერ იხმარს დანას.