მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავები" ძალას თანდათან იკრებს. მონაწილეები პროექტში აქტრიურად არიან ჩართულები და ცდილობენ, ცეკვები მაქსიმალურად კარგად შეისწავლონ.
რეპეტიციებს მართალია სარეპეტიციო დარბაზში გადიან, მაგრამ წინასაკონკურსო დღეს უკვე ცირკის არენაზე ინაცვლებენ, გენერალურ რეპეტიციას იქ გადიან. "ამბები.გე" მათ სწორედ ამ დროს ეწვია.
ნოდარ გურგენაშვილი, მსახიობი, (ეს-ესაა რეპეტიცია დაასრულა):
- არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ გამოვალ და ისე ვიცეკვებ, რომ გავიმარჯვებ! რთულია, ასე უცბად სამეჯლისო ცეკვების შესწავლა, მაგრამ ერთი რამ უნდა ვთქვა: აქამდე სამეჯლისო ცეკვების მიმართ რატომღაც არასერიოზული დამოკიდებულება მქონდა. თუმცა ბავშვობაში ქართულ ცეკვებზე კი დავდიოდი და ქართული ცეკვა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ის, რაც მუსიკაში, როლის თამაშისას, ან კითხვისას მსიამოვნებს, ასეთი განცდა სამეჯლისო ცეკვის მიმართ არ მქონდა.
ახლა, როცა ამ ყველაფრის ანაბანა ამიხსნეს, მივხვდი, რომ მაგარი რაღაც ყოფილა, მაგრამ ძალიან რთულია მისი ათვისება. თუმცა ვაღიარებ და ვიმეორებ, რომ ცეკვის პროცესი მომწონს. მისი მთავარი "მუღამი" დავიჭირე და მივხვდი, რატომ უყვართ ცეკვა და რატომ ცეკვავენ. მოკლედ, ეს საქმიანობა ისე მომეწონა, ვამბობ ხომ არ გავაგრძელო-მეთქი ( ამბობს სიცილით).
- რეპეტიციებზე ხომ არ აგვიანებ?
- რეპეტიციებზე ყოველდღე დავდივარ, დღეში 2-3 საათს ვმუშაობ. რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ და ცეკვას დღის განმავლობაში საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ.
- არ იღლები?
- როგორ არა... ამასთან, ბევრ სიგარეტს ვეწევი, "დიხანიე" არ მყოფნის და მალე ამის გამოც ვიღლები. ამიტომაც იყო, რომ წინა ჯერზე რაღაცები კარგად არ გამოვიდა. შოუს გრანდიოზულ გახსნაზე იმ "მუღამით" ვერ ვიცეკვე, როგორც საჭირო იყო.
- ხათუნა, როგორ მუშაობს ნოდარი? ხომ არ გაბრაზებს?
ხათუნა ოქტიაშვილი, პარტნიორი:
- არ ზარმაცობს, მთავარია, რეპეტიციაზე არ დააგვიანოს, კარგად მუშაობს.
ნოდარი:
- ჰო, რა ვიცი, ესენი - მოცეკვავეები მიჩვეულები არიან ამდენ შრომას, სულ რეჟიმში არიან, ჩვენ ამას ახლა ვეჩვევით.
- ხათუნა, რამდენი წელია, რაც ცეკვავ?
- 4 წლიდან ვცეკვავ. ახლა 20 წლის ვარ. დღის განმავლობაში ამ საქმიანობას 3 საათს მაინც ვუთმობ.
ნოდარი:
- მინიმუმ 4 საათს კიდევ ჩემთან ცეკვავს და წარმოიდგინეთ, რა დღეშია...
სანამ ნოდარს და მის მეწყვილეს ველაპარაკებოდი, ცირკის არენაზე რეპეტიციას ქეთი ხატიაშვილი (მეცამეტე მონაწილე) და გიორგი ბარბაქაძე გადიოდნენ. რეპეტიცია რომ დაასრულეს, აზრი მათაც ვკითხე.
- როგორც გატყობ, რეპეტიციაზე მუშაობა არ გიჭირს...
ქეთი ხატიაშვილი:
- არა, რატომ, ჩვენც გვიჭირს, მაგრამ ვცდილობთ, სირთულეებს თავი გავართვათ და ყველაფერი ისე გავაკეთოთ, მაყურებელს მოეწონოს.
- რას გვეტყვი პროექტზე?
- რომ მომწონდა, მასში მონაწილეობა ამიტომაც გადავწყვიტე, მაგრამ მისი სამზარეულო კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა: შიდა პროცესები, 24-საათიანი რეპეტიციები, მკერავებთან "პრიმერკები" (ცეკვისთვის შესაბამისი სამოსი რომ მოგვარგონ), საცეკვაო მუსიკის ერთად შერჩევა, - ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, ამავე დროს რთული, სახალისო და საპასუხისმგებლოც.
გიორგი ბარბაქაძე, თანამედროვე ცეკვების მოცეკვავე (ქეთის პარტნიორი):
- ჩემი მეწყვილე ძალიან ნიჭიერი, შრომისმოყვარე და კარგი ადამიანია. მომწონს მასთან მუშაობა, საქმის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება აქვს. უნდა, რომ ბოლომდე დაიხარჯოს, ცეკვას ზერელედ არ უდგება და საკუთარი თავით არასდროს არის კმაყოფილი. ასეთი ვარ მეც. ძალიან ვმეგობრობთ და ისე არ არის, რომ ამ ყველაფერს უნდა გავუძლოთ, პირიქით, რეპეტიციებზე მოსვლა გვიხარია. და არ გვიჭირს იმ ცეკვებზე მუშობა, რასაც მოსამზადებლად გვაძლევენ. გვინდა, რომ ჩვენი ნომრები კარგი ქულებით შეფასდეს. დასამახსოვრებელი იყოს. ხალხისთვის ვცეკვავთ, ეს ხომ შოუა, რომელიც მაყურებლისთვის კეთდება. თუ ხალხმა მხარი არ დაგიჭირა, ისე რა იქნება?
- გიორგი, შენ I სეზონზეც ცეკვავდი, ხომ?
- კი, I სეზონზე ჩემი მეწყვილე ქრისტინე იმედაძე იყო. II სეზონზე არ მიცეკვია.
- რას გვეტყვით თქვენს უკრაინელ ქორეოგრაფებზე?
ქეთი:
- საუკეთესო და ნიჭიერი ქორეოგრაფები გვყავს. აი, ჩემ გვერდით, საშა ოხრიმენკო დგას, რომელიც "ოქროს ბიჭია". საშა, ალიონა და დიმაც იმდენ ენერგიას ხარჯავენ ჩვენზე, რომ მადლობის მეტი, რა გვეთქმის. 10-ჯერ რომ გვეუბნებიან ერთსა და იმავეს და ვერ ვიმეორებთ, მათი მართლა მრცხვენია ხოლმე. მე "საშას მასწს" ვეძახი.
საშა ოხრიმენკო (ქორეოგრაფი):
- მუშაობენ, ვარჯიშობენ, ცდილობენ... რა ქნან, ერთმანეთს რეპეტიციებზე ურტყამენ კიდეც... ხან ხელს, ხან ფეხს ისე გაიქნევენ, რომ ერთმანეთს აზიანებენ... ჩხუბობენ კიდეც, რაღაცებზე ვერ რიგდებიან, მაგრამ მალე გადაუვლით ხოლმე...
ის იყო, ამ ჯგუფთან ლაპარაკს მოვრჩი, რომ შემდეგი წყვილი - მომღერალი - ნინი ცნობილაძე და იაკობ ყუფუნია მოემზადნენ სარეპეტიციოდ.
ნინი ცნობილაძე:
- რა გითხრათ, მთელი სხეული, კუნთები, ყველაფერი საშინლად მტკივა. არც კი ვიცი, რას ვიზამ... მაგრამ თავისთავად პროცესი მომწონს. საერთოდ სხვა რაღაცას ვაკეთებ. თან, ცეკვა ისე შემოვიდა ჩემში, რომ ყველგან ვცეკვავ, ყველგან მეცეკვება. ეს კარგის ნიშანია, ამ ყველაფერმა მაგარი მუხტი მომცა. მყავს ყველაზე მაგარი პარტნიორი. მართლა მაგარი ბიჭია. 17 წლის არის იაკობი, პატარაა, მეც არ ვარ დიდი, მაგრამ მაინც არის სხვაობა ასაკში. ხშირად ვჩხუბობთ, გვინდა, რომ ნომრები კარგად მოვამზადოთ, მეტი ვიშრომოთ. ვნახოთ, იმედია, ყველაფერი გამოგვივა.
- გამარჯვებაზე ფიქრობ?
- რატომაც არა, ამ პროექტში ვინც მოდის, ყველა მაგაზე ფიქრობს.
იაკობ ყუფუნია (ნინის მეწყვილე):
- ნინი მონდომებულია, ადვილად ითვისებს და მგონი, ყველაფერი გამოგვივა, მაგრამ ბევრი მუშაობაა საჭირო, და მუშაობა არა მარტო ჩვენ, ყველას სჭირდება. ყველაფერს ვაკეთებთ და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. მგონი, გარეგნულად ერთმანეთს ვუხდებით, პირველი ნომერიც კარგი გამოგვივიდა.
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის