ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ქეთი მელუას ბლიც-ინტერვიუს ბრიტანული ვებსაიტი whatsinmyhandbag.com აქვეყნებს.
დღეს მე... რეპეტიციისთვის ვემზადები. მალე ევროპულ ტურში მივდივარ. ბენდის წევრთა უმეტესობა ბრიტანელია, მხოლოდ გიტარისტი გვყავს ფრანგი. რეპეტიციაზე ახალ ალბომში "ქეთევანი" შესულ ყველა სიმღერას ვიმღერებ.
ჩემი სამუშაო გარდერობი არის... ძალიან განსხვავებული. დამოკიდებული ვარ იმაზე, სად მიწვევენ, ტელევიზიაში თუ სცენაზე. დღეს კი კომფორტული ჯინსი და ბოტასი მაცვია. შესაბამისად, მთელი დღე თავისუფლად ვიმოძრავებ.
მუშაობა არ შემიძლია... ინტერნეტის გარეშე. რეპეტიციებზე, შესვენების დროს სისტემატურად ვამოწმებ იმეილს და ვხსნი "ფეისბუქის" გვერდს.
ყოველთვის აღმაფრთოვანებს... დედა და მამა. მათ ძალიან კარგად აღმზარდეს. მამაჩემმა წარმოუდგენელი შეძლო - კომუნისტური ქვეყნიდან წამოსულმა ბრიტანეთში სამუშაო იპოვა. დედამ კი ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მუსიკა შემყვარებოდა.
ძალიან დიდი პაუზა ავიღე... გაკვეთილებზე, სადაც გიტარის უკეთ შესწავლას ვაპირებდი.
მომღერალი რომ არ ვიყო... ბიოლოგად ვიმუშავებდი. შევეცდებოდი პროექტი შემემუშავებინა, რომელიც ოკეანეში თევზის სახეობების შენარჩუნებას შეუწყობდა ხელს. ძალიან მიყვარს ყვინთა და ხშირად მივდივარ ტურებში, რომელიც წყალქვეშა სამყაროში მოგზაურობას გვთავაზობს.
მომზადებულია whatsinmyhandbag.com-ის მიხედვით.