კოწახურის ხსენებაზე, ალბათ ბევრ ჩვენთაგანს ის წითელი გემრიელი კანფეტები გვახსენდება, ბავშვობაში ასე ძალიან რომ გვიყვარდა. კამფეტი, რა თქმა უნდა, ნაყოფისგან განსხვავდება, მაგრამ მისი ფერი და გემო კოწახურს მართლაც მოგვაგონებს.
შემოდგომით, როცა კოწახურის ნაყოფი მწიფდება, პატარა, წითელი მძივებივით ეკიდება ტოტებს და ბაღებს ალამაზებს. კოწახურის ბუჩქი ზამთარშიც ულამაზესია, როცა თეთრად შეფიფქული ტოტებიდან ალისფრად ელავს მწიფე ნაყოფი. მაგრამ კოწახური სულაც არაა მხოლოდ დეკორატიული მცენარე, პირიქით, ის ველურ ბუნებაშიც ხარობს და უამრავი სასარგებლო თვისებითაც იქცევს ჩვენს ყურადღებას.
კოწახურის ნაყოფი შეიცავს კაროტინს, С და К ვიტამინებს, ორგანულ მჟავებს, ალკალოიდებს, რკინას, მარგანეცს, კალიუმს, მაგნიუმს.
კოწახურის წვენი პოლივიტამინებით სავსე ელექსირია, რომელიც გულის კუნთს ამაგრებს, წნევას აქვეითებს, ნაღვლის ბუშტის სპაზმს ხსნის და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით ხასიათდება. ექიმები კოწახურის წვენის მიღებას პაციენტებს ცისტიტის, შარდკენჭოვანი დაავადებების, ავიტამინოზის დროს და ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლადაც ურჩევენ. მის მოსამზადებლად, მწიფე ნაყოფი წვენსაწურში უნდა გამოვწუროთ და თაფლი ან შაქარი დავამატოთ დასატკბობად. წვენი აუცილებლად მაცივარში უნდა შევინახოთ. ზამთრისთვის შესანახად წვენი უნდა წამოვადუღოთ და მოვხუფოთ.