ასლან აბაშიძის ყოფილი პრესმდივანი თამაზ ბაკურიძე გაზეთ "ალიასთან" საუბარში
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძეს პატივმოყვარე და ახირებულ ადამიანად ახასიათებს.
"ეს კაცი ასეთია, სამსახურში მანქანით რომ მივა, სანამ კარს არ გაუღებენ, არ გადმოდის, სანამ დაცვა შენობის კარს არ გაუღებს, გარეთ არ გამოდის სამსახურიდან. არადა, ბერიძე ასლან აბაშიძეს აკრიტიკებდა, ზედმეტად თავმოყვარეაო. ასლანის კაბინეტში რომ შეხვიდოდი, არ არსებობდა, ფეხზე არ წამომდგარიყო. ის არც მანქანიდან გადმოსვლისას ელოდებოდა დაცვას. ხან დარეკვა ავიწყდებოდა, თუ მანქანა არ იყო, დაადებდა თავს და სამსახურში ფეხით მიდიოდა. ამის მერე შეფუცხუნდებოდნენ ხოლმე და იყო ერთი ამბავი. ახლა თანამდებობრივი კუთხით თუ მივუდგებით, ბერიძე ასლან აბაშიძის რანგის მოხელეა და როგორც კი მოჯდა, რა დაიწყო? ჟურნალისტების გამოყრა, თუ პრესკონფერენციაზე ვინმეს დააგვიანდა, აღარ უშვებს. ამ 10 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი გაუგებრობა ჟურნალისტებთან, გაწევ-გამოწევა და უბედურება ამას აქვს. გარდა ამისა, ხდება სასაცილო რამ, ბერიძის უნიჭო და უშინაარსო პრესკონფერენციებს აჭარის ტელევიზია გადასცემს პირდაპირ ეთერში. ვერ გავიგე, ვის რაში აინტერესებს საქართველოს სხვა კუთხეებში ბერიძის ერთკვირიანი მუშაობის შედეგები? ის არ ჯდება სამსახურის მანქანაში, თუ არ არის მისი ნომერი "001", სწორედ ამაზე ამბობენ აჭარაში, უნახავმა რა ნახაო...", - აცხადებს ბაკურიძე.
აბაშიძის ყოფილი პრესმდივანი აცხადებს, რომ ავთანდილ ბერიძე ძმები ბერძენიშვილების გუნდის წევრია და თანამდებობას მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს უნდა უმადლოდეს, ვინაიდან ბათუმში ავტორიტეტით არასდროს სარგებლობდა.
"ავთანდილ ბერიძე და ძმები ბერძენიშვილები არიან ერთ "სასტავში" და იმთავითვე ებრძოდნენ ასლან აბაშიძეს. ესენი ხალხში რაღაც ავტორიტეტით არადროს სარგებლობდნენ, რომ არა ივანიშვილი, ვერც ბერიძე გახდებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ვერც დანარჩენები მიიღებდნენ სკამებს", - ამბობს ბაკურიძე.
როგორ გაზეთი "ალია" წერს, 15 სექტემბერს ბათუმში საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა, სადაც სიტყვით ავთანდილ ბერიძე გამოვიდა, რომელიც ტრიბუნასთან ”მექოლგე ლაქიასთან” ერთად მივიდა. ამ ამბავს სოციალურ ქსელებში ინტერნეტ-მომხმარებლები ორი დღის განმვლობაში აქტიურად განიხილავდნენ.
ორი კვირის წინ ”ამბები.გე” წერდა, რომ ხშირად ავთანდილ ბერიძე ბათუმის ბულვარში მანქანით დადის. გარდა ამისა, ინტერნეტით გავრცელდა ბათუმის ლეიბორისტული პარტიის წევრის, დავით რობაქიძის მიერ გადაღებული ფოტო, სადაც ავთანდილ ბერიძის მანქანა, ბულვარში მანქანებისთვის აკრძალულ ტერიტორიაზე დგას. მოგვიანებით ავთანდილ ბერიძის პრეს-სპიკერმა, მარინა კუპრეიშვილმა ამ ფაქტის თაობაზე განაცხადა, რომ ავთანდილ ბერიძის დაცვის სამსახური არის VIP და ნებისმიერ ადგილას მისვლის უფლება აქვს.
იხილეთ ასევე: აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბულვარში ავტომობილით სეირნობს
"ავთანდილ ბერიძე არის VIP, ისევე როგორც მისი მანქანა და მას ყველგან შესვლის უფლება აქვს"