თბილისში ცნობილი მხატვრის, ომარ დურმიშიძის კოლექცია სასამართლო დავის საგანი გახდა. 200-ზე მეტი დასახელების ფერწერულ ტილოებსა და მხატვრის პირად არქივს ერთმანეთს ომარ დურმიშიძის ქალიშვილი და მოქალაქე ზურაბ კუხალაშვილი ედავებიან. უკანონოდ მითვისებული ქონების დაბრუნება - ამ საფუძვლით წამოიწყო სასამართლო დავა თეა დურმიშიძემ, რომელიც თავადაც ფერმწერი გახლავთ. ვინ არის ზურაბ კუხალაშვილი და როგორ ჩაიგდო ხელში ცნობილი მხატვრის ტილოები? სანამ ამ დეტალებს გაგაცნობთ, გეტყვით იმას, რომ ომარ დურმიშიძე 1994 წელს გარდაიცვალა, მისი ნამუშევრები ამჟამად არაერთი კერძო კოლექციონერის საკუთრებაა, თუმცა მხატვარი წლების განმავლობაში ერთადერთი ქალიშვილისთვის ქმნიდა კოლექციას, რომელიც არასდროს გაუსხვისებია. დურმიშიძეს სახელოვნებო წრეებში "ღამის მხატვრის" მეტსახელითაც იცნობენ, რადგან ბევრი მისი ნამუშევარში სწორედ ღამის თბილისის პეიზაჟებია ასახული. მისთვის დამახასიათებელი გახლდათ ხატვის განსაკუთრებული ტექნოლოგია, ე.წ. ნაკაწრი... დღეს ომარ დურმიშიძის შემოქმედებითი მემკვიდრეობა, როგორც უკვე გითხარით დავის საგანი გახდა. თუ რატომ ვერ იბრუნებს მისი ერთადერთი მემკვიდრე მამის კოლექციას, ამას მხატვრის ქალიშვილი, თეა დურმიშიძე გვიამბობს:
- მამას სახლში ჰქონდა ნახატების მთელი კოლექცია, რომელსაც არ ასხვისებდა. ამ კოლექციას მიგროვებდა მე, მის ერთადერთ შვილს, თუ ვინმეს მოეწონებოდა რომელიმე ნამუშევარი ამ კოლექციიდან ახალს უხატავდა, თუმცა თვითონ კოლექციას ხელს არ ახლებდა. აცხადებდა: ეს არ იყიდება, თეასიაო! მამას ჰყავდა მეორე მეუღლე.
ჩემს დედინაცვალთან მამას გარდაცვალების შემდეგაც შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. ამ ქალბატონმა მამას ბინა გაყიდა, რაზეც მე ერთი წუთითაც არ გამომითქვამს პრეტენზია, გადავიდა სხვა სახლში და შესაბამისად მთელი კოლექცია გადავიტანეთ ამ სახლში, ვინადან დედინაცვალი მარტო ცხოვრობდა და ამის საშუალება იყო, მე თვითონ შესაბამისი დაცული სათავსო იმ დროისთვის არ მქონდა და მამას მიერ ჩემთვის დატოვებული კოლექცია ჩვეულებრივ იქ ინახებოდა. ერთი წუთითაც არ დამიშვია, რომ შესაძლოა რაიმე პრობლემა შექმნილიყო ამ ნამუშევრებთან დაკავშირებით. გარდა ნახატებისა, იქ არის მამას მთელი არქივი, პირადი ნივთები, ჩანაწერები და ათასი რამ. ვფიქრობდი გამეკეთებინა სახლმუზეუმი, მაგრამ იმ ეტაპზე ეს არ მოხერხდა. მამას გარდაცვალების შემდეგ მოვაწყეთ მისი არაერთი გამოფენაც და ჩვეულებრივ ასე ვურთიერთობდით მე და ჩემი დედინაცვალი.
- და როდის შეიქმნა პრობლემები?
- ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა მამას მეორე ცოლი და ნასყიდობის ხელშეკრულებით ბინა გადასცა ძმიშვილს, თუმცა ბინის გარდა, ამ ადამიანის ხელში აღმოჩნდა მამაჩემის ნახატები და პირადი არქივი. მე ბინაზე არანაირი პრეტენზია არ მაქვს და ვითხოვ მხოლოდ იმ კოლექციის დაბრუნებას, რომელიც მამამ ჩემთვის შექმნა. ჩემს გარდა ომარ დურმიშიძეს შვილი საერთოდ არ ჰყოლია. დღეს კი ეს ადამიანები მიმტკიცებენ, რომ მთელი ეს შემოქმედება ეკუთვნის არა მხატვრის პირდაპირ მემკვიდრეს, არამედ მეორე ცოლის ძმის შვილს.
მე მივედი კოლექციის წამოსაღებად, რაზეც მითხრეს, რომ შენ არაფერი გეკუთვნის და ყველაფერი ჩვენიაო. აქეთ მემუქრებოდნენ, რომ მთელ ნახატებს დავწვავთო. შევიტანე სარჩელი სასამართლოში. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.
მირიან ბოქოლიშვილი
R