ყველა თანხმდება იმაზე, რომ ოლიმპიადა ყოველგვარი პოლიტიკისგან შორს დგას და სახელმწიფოთა ურთიერთობები მასზე არ უნდა აისახოს (თუმცა, მეორე მხრივ, ისიც უთქვამთ, რომ სპორტი ყველაზე დიდი პოლიტიკაა). თავის დროზე ახალმა ხელისუფლებამ სწორედ ამ მოტივით გადაწყვიტა სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა. მაგრამ ოლიმპიადის აპოლიტიკურობის ცნება რამდენიმე დღის წინ თავად რუსეთმა დაარღვია, როცა აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის რუსეთის "გმირად" შერაცხილი პილოტი ივან ნეჩაევი სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთ მეჩირაღდნედ შეარჩია. საქართველოში ამან მძაფრი რეაქცია გამოიწვია და სამართლიანადაც - საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ქვეყნისთვის შეურაცხყოფაა და ოლიმპიადის ბოიკოტს ითხოვს. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით კი, შესაბამის პეტიციაზე ხელმოწერები დაიწყო. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება და ოლიმპიური კომიტეტი.
მანამდე კი, "ყველა სიახლე" დაინტერესდა, რა პოზიცია აქვს მოციგურავე ელენე გედევანიშვილს, რომელიც ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს მთავარ იმედად მიიჩნევა. ჩვენ გედევანიშვილს აშშ-ში დავუკავშირდით:
- რაც უნდა გადაწყვიტოს ხელისუფლებამ, მიმაჩნია, რომ სპორტსმენები პოლიტიკაში არ უნდა ჩავერიოთ. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და ვარჯიში განვაგრძოთ.
- კულტურის ყოფილმა მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ განაცხადა, რომ თქვენ მზად ხართ, უარი თქვათ ამ ოლიმპიადაში მონაწილეობაზე.
- უარს ვიტყვი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საქართველოს მონაწილეობას სოჭის ოლიმპიადაში. ამიტომ დაველოდები კომიტეტის გადაწყვეტილებას. მანამდე კი ჩემს მოვალეობას შევასრულებ და ვარჯიშს განვაგრძობ.
- ამ დღეებში ყველას გაახსენდა, რომ წლების განმავლობაში თქვენ რუსეთში ვარჯიშობდით, მაგრამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ იქ ვარჯიშის გაგრძელების საშუალება აღარ მოგცეს.
- რუსებისგან წყენა ისევ მახსოვს. ძალიან უსამართლოდ მომექცნენ, მას შემდეგ იქ აღარ ჩავსულვარ. ვცდილობ, ამ თემას არ შევეხო ხოლმე. მიუხედავად ჩემი წყენისა, მზად ვარ ყველაფერი დავივიწყო და ჩემი ქვეყნის წარმოსაჩენად სოჭში ჩავიდე, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიური კომიტეტი სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარს არ იტყვის.
ალბათ, საინტერესოა, რას ფიქრობენ სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტის საკითხზე ოლიმპიური ჩემპიონები.
2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონის გიორგი ასანიძის აზრით, ახლა რაიმეს გადაწყვეტა, როგორც ხელისუფლების, ისე სპორტსმენების მხრიდან ნაადრევი იქნება:
- ახლა ვერ გაგცემდით პასუხს, წავიდოდი თუ არა სოჭში, მე რომ მქონოდა ოლიმპიადის საგზური. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ და ჩემი მხრიდან გამართლებული არ იქნება ახლა რაიმე განცხადების გაკეთება.
ვფიქრობ, ახალმა ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა განაცხადა პროცესს დავაკვირდებითო. ჯერ კიდევ ოთხი თვე გვაქვს დრო და სჯობს სპორტსმენებმაც და ხელისუფლებამაც მოგვიანებით მიიღონ გადაწყვეტილება. რაც შეეხება რუსეთის ამ ქმედებას, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან მათ უკვე მიიღეს გაფრთხილება. საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია მოკლე, მაგრამ მკვეთრი იყო. ამიტომ დაველოდოთ რა მოხდება.
2008 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ირაკლი ცირეკიძემ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, თუმცა დასძინა, რომ სპორტსმენები პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიონ:
- გამიჭირდება იმის თქმა, თუ რას ვიზამდი სოჭის ოლიმპიადის საგზურის ქონის შემთხვევაში. ალბათ ყველა სპორტსმენი, ვინც სოჭის ოლიმპიადის საგზურს მოიპოვებს, ინდივიდუალურად გადაწყვეტს, რას გააკეთებს.
2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი რევაზ მინდორაშვილი: - მეც ვიზიარებ იმ აზრს, რომ სპორტსმენები პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიონ და ყოველგვარი პოლიტიკური გადაწყვეტილებისგან თავი შეიკავონ.
"ყველა სიახლე" საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლების აზრითაც დაინტერესდა.
გია ბუღაძე - მხატვარი: მე რომ სპორტსმენი ვიყო, იქ ნამდვილად არ წავიდოდი - უბრალოდ, კაცური ღირსების გამო. ამით რუსეთი კიდევ ერთხელ გვეუბნება: როდესაც მომინდება, თავზე გადაგივლი და შენს ღირსებას გავთელავო! განა არ შეიძლებოდა, რომ ამოდენა ქვეყანაში მეჩირაღდნედ სხვა ვინმე მოეძებნათ? - არა, მაინცდამაინც აგვისტოს ომის მონაწილე შეარჩიეს - თანაც, "გმირი". რუსეთის ბუნებაა ასეთი - თავს რომ დაუხრი, უფრო მეტად გადაგივლის, მოეფერები? - უფრო მეტად გაგთელავს და გულზე გაგხეთქავს - ეს არის მათი პოლიტიკა და ჩვენც უნდა დავუწვეთ და თავი ვაცემინოთ?! ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ მათ საქართველო სახელმწიფოდ არ მიაჩნიათ, ღირსეულ ხალხად არ მივაჩნივართ! ეტყობა, უნდათ ბოლომდე გადაგვყლაპონ და გაგვსრისონ, როგორც ერი. მათთვის ჩვენ ვართ სათამაშო, პამპულა, მხდალი ნაცია, რომელსაც ყველაფერს გაუბედავ. ვიცი, რომ გამოხტებიან ჩვენი რუსოფილები და იტყვიან: რა მნიშვნელობა აქვს მეჩირაღდნე ვინ იქნებაო? - კი ბატონო, დაუწექით რუსეთს და საბოლოოდ ყველანაირ ღირსებას წაგართმევენ.
დიმა ჯაიანი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი:
- თუ დასავლეთის ქვეყნები მხარს დაგვიჭერენ და ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარს იტყვიან, მაშინ ქართველი სპორტსმენებიც არ უნდა წავიდნენ, მაგრამ დღევანდელი მთავრობა და საერთოდ, "ქართული ოცნება" ამგვარ პროვოკაციებს არ აჰყვება, რადგან უაზრობაა რუსეთს ყელში ეცე და ძალით დაუპირისპირდე.
გენო კალანდია - პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი:
- ალბათ რუსეთი - XIX-XX საუკუნეში ჩარჩა - როცა ბერლინის კედელი ინგრევა და მსოფლიო წინ მიდის, რა დროს მავთულხლართებია? უბრალოდ, სირცხვილია ის, რაც ხდება, რასაც ისინი აკეთებენ. გამოგიტყდებით, რომ პუშკინის, ტოლსტოისა და დოსტოევსკის რუსეთი მიყვარს, მაგრამ იმას რომ ვუყურებ, რაც დღეს ხდება, გული მტკივა! ეს - საშინელებაა, აუტანელია. თანაც ვფიქრობ, სოჭის ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადება მოგვცემს რამეს? - არა მგონია, ამან დიდი წინსვლა მოგვიტანოს. ომი ნამდვილად არ მიკვირს, აფხაზეთიდან ვარ, თანაც, ომის ვეტერანი, მაგრამ რაც დღეს ხდება, ეს უბედურებაა.
სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის ინფორმაციით, ივან ნეჩაევის თვითმფრინავი რუსმა სერჟანტმა, ალექსეი ტიურინმა დააზიანა და რუსული და ოსური მხარეეები ამის მიჩქმალვას დღემდე ცდილობენ. ალადაშვილის თქმით, ნეჩაევის მოიერიშე თვითმფრინავს 11 აგვისტოს ესროლეს, როდესაც ცხინვალის თავზე დაფრინავდა და ქალაქს ბომბავდა. "ნეჩაევი აფრინდა ბუდიონოვკის აეროდრომიდან. როგორც თვითონ ამბობს, ცხინვალის თავზე, კოლონას ვბომბავდიო. მას ეგონა, რომ ქართველების კოლონას ბომბავდა, მაგრამ ბომბავდა რუსების კოლონას. იმათ რომ დაინახეს, ეგონათ ქართველების "სუ"-25 იყო და რაკეტა ესროლეს. თვითმფრინავს ორივე ძრავა დაუზიანდა. რომ დასვა, თქვა - დიდება კონსტრუქტორებს, ვინც ეს თვითმფრინავი გააკეთაო. ეს თვითმფრინავი კი დამზადებული იყო თბილისის საავიაციო ქარხანაში."
მარი ონეზაშვილი
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)