"ახალ ხმაში" ახალბედა, 16 წლის მომღერალი ანი ბახტაძე მონაწილეობს, რომელმაც ბრმა კასტინგი წარმატებით გაიარა და მწვრთნელად სტეფანე აირჩია. ის ახლა მონდომებით მუშაობს ნომრის მოსამზადებლად, რომელიც სტეფანემ შეურჩია და რინგზე უნდა წარმოადგინოს.
ანი ბახტაძე:
- მეგონა, თუ ბრმა კასტინგს გადავლახავდი, მერე სანერვიულო არაფერი მქონდა, მაგრამ შევცდი. ახლა მეტად ვნერვიულობ, ვიდრე მანამდე...
- მწვრთნელის არჩევისას, გეტყობოდა, რომ ძალიან ბევრი იფიქრე და ინერვიულე, მაგრამ საბლოოდ, მაინც სტეფანე შეარჩიე. რატომ?
- ჰო, მართლა ვინერვიულე. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ან მაია ამერჩია, ან სტეფანე, მაგრამ საბოლოოდ სტეფანესთან მუშაობა გადავწყვიტე, რადგანაც მგონია, რომ უფრო მეტად არის "ჩემკენ" და იქით წამიყვანს, სადაც მინდა. ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.
- მერე და შენ სად მიდიხარ?
- მე როკი მომწონს - ცოტა სხვანაირი მუსიკა და სტეფანე ამ მიმართულების ათვისებაში, ვიცი, მხარში დამიდგება და დამეხმარება... ახლა რინგზე წარსადგენ ნომერზე ვმუშაობთ. მგონი, კარგი გამოდის და იმედი მაქვს, რომ შემდეგ ტურზე გადავალ.
- ანი, კომპოზიტორ ლილიკო ნემსაძის შვილი ხარ. რას გეუბნება დედა?
- დედაჩემმა მომიწონა გადაწყვეტილება, - "ახალ ხმაში" მიმიეღო მონაწილეობა. ჩემი გამოსვლაც მოეწონა. რაღაც შენიშვნები კი ჰქონდა...
- ლილიკო პოპულარული ქართული სიმღერების ავტორია. შენი მუსიკალური გემოვნება დედის მუსიკალური გემოვნებისგან რადიკალურად განსხვავდება. ამაზე რას იტყვი?
- რა უნდა ვთქვა? მე ჩემი გემოვნება მაქვს. თან, ლილიკო ისეთ სიმღერებს, როგორიც მე მინდა და ამ პროექტს სჭირდება, ვერ დამიწერს, რადგანაც სხვა ჟანრში მოღვაწეობს.
- მამიდაშენი, მუსიკოსი რუსუდან ბახტაძე ვოკალის ცნობილი პედაგოგია, რომელსაც არაერთი ქართველი მომღერალი გაუზრდია. თქვენ სახლს "პატარა ფილარმონიასაც" ეძახიან. შენ არ გამეცადინებს?
- ისე, მამიდაჩემს უფრო მოვწონვარ, ვიდრე დედას... თუმცა მასაც აქვს ჩემ მიმართ წვრილმანი შენიშვნები. მას არასოდეს ვუმეცადინებივარ. მხოლოდ ახლა, სცენაზე რომ დამინახა, მითხრა, გამეცადინებო, მაგრამ უარი ვუთხარი, აღარ მჭირდება (ღიმილით ამბობს), მე უკვე მწვრთნელი მყავს-მეთქი... სიმართლე რომ გითხრათ, ადრე არასდროს მიმღერია, ეს საქმიანობა ახლა დავიწყე.
- და ასე კარგად?
- (სიცილით ამბობს) ჰო, რა ვიცი...
- მომავალში რა გეგმები გაქვს?
- მომღერლობა მინდა, მაგრამ ჯერ 16 წლის ვარ, მეთერთმეტეკლასელი. ფრანგულ კოლეჯში დავდივარ. ისე, სიმღერასთან ერთად, ცეკვაც მიყვარს.
- თანაკლასელებმა როგორ შეგაფასეს?
- "ახალ ხმაში" რომ ვმონაწილეობდი, ამის შესახებ მათთვის არაფერი მითქვამს და ტელევიზორში რომ მნახეს, გაგიჟდნენ, მირეკავდნენ, მესიჯს-მესიჯზე მიგზავნიდნენ...
რომ არ მოგატყუოთ, სცენაზე გამოსვლა მომეწონა და ამ საქმეს გემო გავუგე, ძალიან მაგარია!
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის