პატიმართა წამების ამსახველი სკანდალური ვიდეოფირის გავრცელებიდან წელიწადი გავიდა. შარშან სხვადასხვა ბრალდებით 24 000 კაცი იხდიდა სასჯელს, უმრავლესობა დღეს თავისუფალია, ამჟამად კი 9 000 პატიმარი იხდის სასჯელს. რედაქციაში უამრავი წერილი მოდის, პატიმრები ციხიდან გვირეკავენ და თავიანთი გასაჭირის შესახებ გვიყვებიან - უმეტესად საქმეების გადახედვას ითხოვენ, თუმცა არიან ციხის ადმინისტრაციით უკმაყოფილონიც.
რა ვითარებაა დღეს დაწესებულებებში, რატომ უთვალთვალებენ პატიმრებს და როგორ აპირებს პრობლემების მოგვარებას, ამ საკითხებზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე მიხეილ ღურწკაია გვესაუბრება:
- სასჯელაღსრულების სისტემაში ურთულესი ვითარება დამხვდა. უამრავი პატიმარი ნაწამები, ტრავმირებული იყო, ჰქონდათ როგორც ფსიქიკური, ასევე ძვალსახსროვანი და სხვა დაავადებები და ამას ემატებოდა აგრესია. უმრავლესობა ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე იყო დამოკიდებული. მოუწესრიგებელი იყო ინფრასტრუქტურა, იყო საკადრო პრობლემაც.
დაახლოებით ასი საკანონმდებლო ცვლილება მოვამზადეთ მსჯავრდადებულების უფლებების დასაცავად; 50-მდე კანონქვემდებარე აქტი შევქმენით; გავამარტივეთ აკრძალული ნივთების ჩამონათვალი. აქამდე ციხეში რუკის ან სანთებელის შეტანა 3 წლამდე სასჯელს ითვალისწინებდა.
- ვანო მერაბიშვილთან ადვოკატს რუკა არ შეატანინეს, ამას კანონი კრძალავდა?
- რომ შეეტანათ, 3 წლამდე პატიმრობა დაემუქრებოდა. ახლა მერაბიშვილს აქვს რუკა. სამაგიეროდ, არ შეიძლება პატიმარს სამართებელი ჰქონდეს, ამისთვის სასჯელი დავაწესეთ, რადგან ამით ხშირად თავს იზიანებენ და სხვებსაც აზიანებენ. ამ აკრძალვის შემდეგ ციხეში თვითდაზიანების შემთხვევამ გაცილებით იკლო. უახლოეს პერიოდში მსჯავრდადებულების კლასიფიკაციაც მოხდება.
- რის მიხედვით?
- მათი ქცევის, ცხოვრების წესის მიხედვით განისაზღვრება განთავსების საკითხი. ნაწილი ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში განთავსდება, სადაც იქნება საგანმანათლებლო სკოლა, პროფესიული სასწავლებელი, სადაც დასაქმდებიან, გრძელი და მოკლევადიანი პაემნებისთვის საუკეთესო პირობები ექნებათ.
- ამ პრივილეგიით, ალბათ, მსუბუქი დანაშაულისთვის ბრალდებულები ისარგებლებენ?
- შეიძლება მძიმე დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს, მაგრამ აქ მოხვედრა დაიმსახურონ ცხოვრების წესით, ჩადენილის მონანიებით და ა.შ. რუსთავის მე-16 დაწესებულებაში ასეთი მსჯავრდადებულები განთავსდებიან.
- პატიმრებს კატეგორიებად თანამშრომლები დაყოფენ? ეს ხომ არ გახდება კორუფციის წყარო?
- პატიმრებს დეპარტამენტის მულტიდისციპლინური ჯგუფი შეარჩევს. ამჟამად მსჯავრდადებულის ტიპს მე, დეპარტამენტის უფროსი განვსაზღვრავ, რაც არასწორია, რადგან მე არა ვარ კომპეტენტური. მულტიდისციპლინურ ჯგუფში კი იმუშავებენ უსაფრთხოების, რეჟიმის თანამშრომელი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ექიმი, სოციალური მუშაკი და ისინი გადაწყვეტენ, სად უნდა განთავსდეს ესა თუ ის პატიმარი.
ყველაზე მკაცრი იქნება ლაითურის ციხე, სადაც დახურული სისტემაა. იქ მოხვედრილ პატიმრებს გრძელვადიანი პაემნის უფლება არ ექნებათ. მაღალი რისკის პატიმრები ცალ-ცალკე საკნებში განთავსდებიან და მათ ხმას მეორე საკანში მყოფი ვერ გაიგებს. ასევე იქნება ცალკე დაწესებულება საშუალო რისკის მქონე პატიმრებისთვის.
- ბევრი პატიმრისგან მსმენია, რომ საკანში ფსიქიკურად დაავადებულებთან ერთად არიან.
- მათი განცალკევება ვერ მოხერხდება, სანამ რამდენიმე პილოტური დაწესებულება მაინც არ გაკეთდება. სანამ სპეციალური დაწესებულება გაიხსნება, ვფიქრობთ, ქვიტირის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადავიყვანოთ.
- ბევრი ფსიქიკურად დაავადებული პატიმარი გყავთ?
- დაახლოებით 400 კაცი. მათგან 30-40 პატიმარს მძიმე ფსიქიკური პრობლემა აქვთ, მაგრამ მათ დასკვნაში შეურაცხადი არ უწერიათ. კიდევ ერთი ნაწილი პერიოდულად ხდება ცუდად და საშიშია საზოგადოებისთვის. არის ასევე სიმულაციის შემთხვევებიც. მომავალში რუსთავში, ამჟამინდელ ქალთა დაწესებულებაში მოთავსდებიან ფსიქიკურად დაავადებულები. იქ იქნება ოთხი კორპუსი, სადაც პატიმრებს დაავადების სიმძიმის მიხედვით განვათავსებთ.
- ხშირად პატიმრები პროტესტის ნიშნად თვითდაზიანებას იყენებენ, რატომ მიმართავენ ასეთ უკიდურეს ფორმას?
- როცა პირი თვითდაზიანებას მიმართავს, მას ფსიქიკური პრობლემა აქვს. გვქონია შემთხვევა, როცა პატიმარმა ყური მოიჭრა და შეჭამა, საკუთარ ხორცს იჭრიან, მარილს აყრიან და ჭამენ; ერთმა სასქესო ორგანოც დაიჭედა, მეორემ თითი მოიჭამა. პირის ამოკერვასა და სხვადასხვა საგნის გადაყლაპვაზე აღარაფერს ვიტყვი.