სატელევიზიო პროექტმა, "ცეკვავენ ვარსკვლავები", მაყურებლის ინტერესი გამოიწვია. თავიდან ბევრმა არ იცოდა, ვინ იყო ჟიურის ერთ-ერთი წევრი, გოჩა ჩერტკოევი... ჯერ მისმა უცნაურმა ჩაცმულობამ მიიქცია ყურადღება, მერე ქართულ-ამერიკულმა მეტყველებამ, რომელშიც ხან იმერულ-გურული "ნამეტანი", "ძაან", "გულიზა" ერია, ხან უცხოური "ო,ქეი", "ოლ რაით", "სთოფ ენდ გო" და სხვ. ბუნებრივია, ეს ნაზავი საკვირველიც იყო და ღიმილის მომგვრელიც. თავიდან თუ ხალისობდნენ, მერე უკვე მიხვდნენ, რომ საქართველოდან 22 წლის წინ ამერიკაში გადასახლებულ კაცს გაუჭირდებოდა თავანკარა ქართულით საუბარი...
გოჩა ჩერტკოევთან იტერვიუს ჩასაწერად სამეჯლისო და სპორტული ცეკვების სტუდია "თელაში" მივედი. დიდი ხნის უნახავი მეგობარივით შემეგება. თბილი და გულწრფელია. საუბრისას ხშირად ხმარობს სიტყვას "ნამეტანი". ღიმილით ვეკითხები, - გაამერიკელებული წარმოშობით ოსი კაცის მეტყველებაში საიდან გაჩნდა ეს სიტყვა-მეთქი. გაჩეჩილაძეებმა მასწავლეს, მე ხომ მათ ხელში ვარ გაზრდილიო... გოჩას მეუღლე გახლავთ შორენა გაჩეჩილაძე, სამეჯლისო ცეკვების მსოფლიო ჩემპიონი და არაერთგზის გამარჯვებული. ჩერტკოევმა თავის პედაგოგს, თენგიზ გაჩეჩილაძეს, თავის დროზე ერთადერთი ქალიშვილი "მოსტაცა" და მალე იმერულად "ალაპარაკდა".
ტელეშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავები" ინგლისური პროექტია, რომელიც 2005 წელს ამერიკამ იყიდა და საორგანიზაციო საქმე ამერიკის ცეკვის ფედერაციამ ჩერტკოევს მიანდო. ის ამ პროექტს ზედმიწევნით იცნობს. სხვა ქვეყნებმაც უმალ აიტაცეს პროექტი და დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და ცნობილი გახლავთ.
- გოჩა, ათბალიანი სისტემით რამდენ ქულას დაუწერდით ქართულ ტელეშოუს?
- ალბათ, 2-ს. ისეთი შოუები მაქვს ნანახი, მათთან შედარებით ქართული არაფერია, მაგრამ იმედი მაქვს, თანდათან დაიხვეწება, მით უმეტეს, რომ ქართველებში ამის დიდ პოტენციალს ვხედავ.
- შეგიძლიათ შეაფასოთ ჩვენი მოცეკვავეები?
- შევაფასებ, ოღონდ ყველას ვერა. გული ძალიან დამწყდა ნუკიზე, კარგად ცეკვავს, ნიჭიერი და მომხიბვლელი გოგონაა, თუ ცეკვას გააგრძელებს, ბევრს მიაღწევს. მისი მეწყვილე ოთო ფოლადაშვილი პროფესიონალია, მაგრამ ხალხმა მაინც ეს წყვილი დატოვა პროექტის მიღმა. როსტოზე ბევრი ხუმრობს, - მოუქნელიაო, მაგრამ სამეჯლისო ცეკვებში დიდი მნიშვნელობა აქვს მამაკაცის შარმს, როსტო კი მოცეკვავეებს შორის ყველაზე მამაკაცურია. ქრისტინემ კარგად იცეკვა "ჯეირანი", თუმცა თითქოს დეპრესიული იყო, მის შესრულებას ხალისი აკლდა. ნანუკას ვეუბნებოდი, - რა კარგად იცეკვა "დარეჯანი", სხვა ცეკვებში რა მოუვიდა-მეთქი. ნანუკა გადაირია, - რა დარეჯანი, რის დარეჯანიო? "ჯეირანი" ვერ დავიმახსოვრე და რახან "ჯ" ორივეშია, ასე მოვნათლე ნინო რამიშვილის ცნობილი ცეკვა. ძალიან ძლიერია სალომე ჭაჭუა, თუმცა ის პროფესიონალი მოცეკვავეა და არც არის გასაკვირი. მისი საქმრო, გიორგი გაჩეჩილაძე, ჩემი ცოლისძმაა, მაგრამ ვერავინ დამწამებს, რომ სუბიექტური ვარ მის მიმართ. ჩაწყობები და ნათესაური კავშირები ჩემზე არ მოქმედებს. თიკო სადუნიშვილიც კარგად ცეკვავს, თურმე, ბავშვობაში საბალეტო სტუდიაში დადიოდა. ეს ეტყობა კიდეც. დანარჩენზე თავს შევიკავებ. შორენა ინტერნეტით უყურებს ტელეშოუს და მერე ერთმანეთს ვუზიარებთ შეხედულებებს. როგორც ყოველთვის, ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა.
- რამდენს გიხდიან ამ პროექტში მონაწილეობისათვის?
- არაფერს. "იმედი" ამ პროექტს რომ იწყებდა, ქართული მხარე ჯერ ჩემს მენეჯერს დაუკავშირდა, მაგრამ როცა ის ფინანსურ მხარეზე გადავიდა, ქართველებმა უცებ მოითხოვეს ჩემთან დალაპარაკება. მენეჯერს გაუკვირდა, - მე რატომ არ მითანხმებენო? მეღიმებოდა, - მათ იცოდნენ, რომ მე იოლად "შემაბავდნენ". მითხრეს, - ვიცით, რომ ამერიკაში ეს პროექტი თქვენ გააკეთეთ, იმედი გვაქვს, მეგობრულად დაგვეხმარებით, ხომ იცით, რომ გვიჭირსო.