ქუთაისის საპატიმროში გარდაცვლილი 16 წლის გოგი ძველაიას ოჯახის წევრების განცხადებით, არასრულწლოვანს პრობლემები ე.წ. ციხის მაყურებელთან ჰქონდა და შესაძლოა, გარდაცვალების მიზეზი ეს დაპირისპირება გამხდარიყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ოჯახის წევრებმა აცნობეს, არასრულწლოვანი გირაოს გადახდის შემდეგ უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა თვითმკვლელობის შესახებ შეატყობინეს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ სოზარ სუბარის ინფორმაციით, ქურდობის ბრალდებით დაკავებული 16 წლის სენაკელი ახალგაზრდა საპატიმროში 24 საათის შეყვანილი იყო.
როგორც მინისტრმა განმარტა, არასრულწლოვანი მარიამობის დღესასწაულზე საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, თუმცა იგი საპატიმროში მეორედ მოხვდა.
"ერთი წლის განმავლობაში პირველად მოხდა არასრულწლოვანის გარდაცვალება. წინასწარი ინფორმაციით, ეს არის სუიციდი. 24 საათიც არ იყო გასული მისი შემოყვანიდან, თუმცა ეს იყო მისი მეორე პატიმრობა. დღის განმავლობაში იგი რამდენჯერმე მოინახულეს. სოციალური სამსახურის წარმომადგენელი ნახევარი საათის გასული იყო მისი საკნიდან, როდესაც ეს ფაქტი მოხდა", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
ძველაიას ოჯახი სენაკში, ჩიქობავას ქუჩაზე ცხოვრობს.