"დღეს საზოგადოება ძალიან ნათელი არჩევანის წინაშე დგას: ან იმარჯვებს ბურჯანაძე, ან ბრუნდება "ნაციონალური მოძრაობა" - ამის შესახებ "პალიტრა TV"-ს გადაცემა "ცხელი ხაზის" ეთერში პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. მისი თქმით, მარგველაშვილის გამარჯვება ხელ-ფეხს გაუხსნის "ნაციონალურ მოძრაობას", რაც ერთწლიანმა კოჰაბიტაციის პერიოდმაც დაადასტურა.
"ის, რომ სააკაშვილი ბედავს თქმას, ჩვენ მოვბრუნდებით იმაზე ადრე, ვიდრე სხვებს ჰგონიათო, სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის ბრალია. დღეს სააკაშვილი განსასჯელის სკამზე თუ არა, სასამართლოს წინაშე მაინც იყოს წარმდგარი მის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულებების გამო, ის ამას ვერ გაბედავდა", - დასძინა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
გადაცემის ეთერში, პრეზიდენტობის კანდიდატი ქართულ სკოლებში აფხაზური ენის შესწავლის ინიციატივით გამოვიდა: "თავის დროზე დავიწყე აფხაზური ენის სწავლა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარედ ამირჩიეს და დიდ წარმატებებს ვერ მივაღწიე, რადგან ძალიან რთული ენაა, მაგრამ ვდებ პირობას, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში, აფხაზურად და ოსურად რამდენიმე სიტყვის თქმას გულწრფელად შევძლებ", - დასძინა ბურჯანაძემ.
იხილეთ გადაცემა "ცხელი ხაზი" სრულად