საქართველოს ხელისუფლებამ პატარკაციშვილების ოჯახს ტელეკომპანია "იმედის" დათმობის სანაცვლოდ 400 მილიონამდე გადაუხადა - ამბობს ბიძინა ივანიშილი "გურია NEWS"-თან საუბრისას. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებასა და პატარკაციშვილიების ოჯახს შორის გაფორმებულ შეთანხმებას გრიფით საიდუმლო ადევს.
"მაგრამ რამდენად ეს შესატყვისობაშია და რამდენად ეს სწორი შეფასებაა ცალკე საანალიზოა. პირადად მე ეს არ წამიკითხვას, მხოლოდ მოხსენება წავიკითხე იუსტიციის მინისტრის და კიდევ რამდენიმე რეპლიკა მაქვს პროკურატურიდან, რომ ეს მასალები პროკურატურაშია და დიდი ხანია იკვლევენ და იძიებენ", - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.
მისი თქმით, შოკისმომგვრელია, როცა მსგავს შეთანხმებებს სახელმწიფო მოხეელეები აწერენ ხელს და გრიფით საიდუმლო ადევს. ივანიშვილი დასძენს, რომ აღნიშნულ საკითხს საქართველოს პროკურატურა სწავლობს.
"ტელეიმედის" საქმის გრიფით საიდუმლო სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და მთავრობის კანცელარიას 12 სექტემბერს მიმართა. მთავრობის კანცელარიამ საიას 19 სექტემბერს მისწერა, რომ მათი წერილი იუსტიციის სამინისტროშია გადაგზავნილი.
"საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული" კოდექსის მე-80-ე მუხლის მიხედვით სახელმწიფო უწყებები ვალდებულები არიან მათ უწყებაში მისული განცხადება, თუ აღემატება მათ უფლებამოსილებას, გადაუგზავნონ შესაბამის უწყებებს.
"სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" კანონის მიხედვით, განსაზღვრულია, რა ტიპის ინფორმაცია რა ვადით შეიძლება იყოს საიდუმლო ინფორმაციად მიჩნეული. ინფორმაცია საიდუმლოდ შეიძლება მიჩნეული იყოს 3-დან არაუმეტეს 20 წლისა. კანონით დადგენილი ვადებით, სახელმწიფო უწყებები, რომლებსაც ეს უფლებმოსილება აქვთ მინიჭებული, ვალდებულები არიან გადაამოწმონ, ხომ არ დაიკარგა ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევის საფუძველი.