თიკა ფაცაცია ტელეწამყვანებიდან ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელსაც ხალხი თითქმის არ აკრიტიკებს და მისი სატელევიზიო იმიჯი ყველამ დადებითად მიიღო. საზოგადოებამ წლების წინ, როგორც მომღერალი, ისე გაიცნო, მაგრამ თიკას სატელევიზიო სახე უფრო წარმატებული აღმოჩნდა. ვანიკო თარხნიშვილთან ერთად უკვე მეოთხე სეზონია, რაც ფილარმონიის კულისებიდან ნიჭიერებს ამხნევებს.
ფეხმძიმედ არის, მესამე ბავშვს ელოდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, საშიში ნომრების ყურებას არ ერიდება. ინტერვიუები არ უყვარს, თუმცა ამჯერად სიამოვნებით დაგვთანხმდა და ია ფარულავასთვის სცენაზე ახსნილი სიყვარულის ისტორიიდან საინტერესო დეტალებიც გაგვიმხილა.
- თიკა, რით გამოირჩევა ''ნიჭიერის'' ახალი სეზონი წინა სამისგან?
- მე მგონი, უფრო მასშტაბურია. კასტინგებს რომ ვუყურებ, ძალიან მრავალფეროვანი ნომრებია. ადრე, სანამ პროექტს კარგად გაიცნობდნენ, ძირითადად სიმღერით ან ცეკვით მოდიოდნენ. ახლა უფრო გათამამდნენ და საკუთარ თავში სხვადასხვანაირი ნიჭი აღმოაჩინეს. ამას ისიც ემატება, რომ ქართველები საზღვარგარეთიდანაც ჩამოდიან მონაწილეობის მისაღებად.
- მონაწილეები ჟიურიზე ხშირად გაბრაზებულან, მაგრამ შენი და ვანიკოს ერთ-ერთი მისიაა, რომ ისინი გაამხნევოთ და დაამშვიდოთ...
- ჩვენგან კრიტიკას არავინ ელის, კულისებში ამისთვის არ ვდგავართ. არც ვაძლევთ საკუთარ თავს ამის უფლებას, მაგრამ არის მომენტები, როდესაც ჩვენც გვეცინება და მონაწილეებს ნომრის შესრულებისას ავყვებით ხოლმე. ყოფილა ნომერი, როდესაც მე და ვანიკო მონაწილეს ძალიან ვგულშემატკივრობდით და შემდეგ ჟიურიმ დაგვიწუნა. ხშირად ხდება, რომ გვერდიდან ნომერი კარგი ჩანს და დასასრულს ჟიური ამბობს, სინქრონი არ იყო, რაღაც არ გამოვიდაო. გვიკვირს, რადგან ან კარგ კუთხეში ვდგავართ, ან კეთილგანწყობილად ვუყურებთ ყველას (იცინის).
- შენ და ვანიკო თარხნიშვილი ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შეწყობილი დუეტი ხართ...
- ''ნიჭიერის'' პირველ სეზონში ერთმანეთს კარგად არ ვიცნობდით. როდესაც მივხვდით, რა უნდა გაგვეკეთებინა, რაღაცნაირად ავეწყვეთ. წინასწარ არაფერი დაგვიგეგმავს. ერთი ძალიან დიდი დამთხვევაა ჩვენს ცხოვრებაში, რომ ორივე ერთი ზოდიაქოს ქვეშ, ერთ წელსა და თვეს, ოქტომბერში ვართ დაბადებული. შუალედი მხოლოდ ცხრა დღეა. შეიძლება, მხოლოდ ეს ზებუნებრივი თანხვედრა არსებობდეს ჩვენ შორის. ხშირია, როცა ერთსა და იმავე წამს ერთნაირ ფრაზებს ვამბობთ და მერე გადავეხვევით ერთმანეთს (იღიმება).
- ჯერ კიდევ ''ნიჭიერის'' პირველ სეზონში მაყურებელმა ახალი თიკა ფაცაცია გაიცნო. ახლობლებსა თუ მე გობრებშიც ყოველთვის ასეთი მხიარული და იუმორით სავსე იყავი?
- თავიდან ამის აფიშირების ცოტა მეშინოდა. როდესაც სცენაზე გამოდიხარ და სამი წუთის განმავლობაში მღერი, გინდა, არ გინდა, რაღაც ამპლუას ირგებ. ამ შემთხვევაში კი დილიდან საღამომდე კულისებში ხარ და ბუნებრივ ემოციას ამჟღავნებ. თავიდან ვერ მივხვდი, რამდენად საინტერესო იქნებოდა ხალხისთვის, მაგრამ ბოლოს სწორედ ამან დამაახლოვა მაყურებელთან. მათ სხვა კუთხით დამინახეს და ხელახლა აღმომაჩინეს... დღეს ყოველ ნაბიჯზე ხალხი ძალიან დიდი სითბოთი მხვდება. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ამის შანსი თუ მომეცემოდა.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია