ამ კვირის ჟურნალ "რეიტინგში" მასალა გამოქვეყნდა, სათაურით "ყოფილი ნაციონალი მაღალჩინოსნის მეუღლე დახმარებას ითხოვს" . ჩვენი რესპონდენტი ქალბატონი გიული ჯაგაევა გახლდათ, რომელიც თავად გვესტუმრა რედაქციაში და ყოფილ მეუღლეზე პრესის ფურცლებზე საუბარი გაბედა. ის ამბობდა, რომ ყველაფრის დაკარგვის საშიშროების წინაშე იდგა, რადგან მისი ათწლიანი ოჯახური ცხოვრება განქორწინებით დასრულდა.
გიული ჯაგაევასა და ზვიად გოგიაშვილის საქმე დღეს სასამართლოშია. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, მისი ყოფილი მეუღლე ყველა ხერხსა და ღონეს იყენებს იმისთვის, რომ ბინის გარეშე დატოვოს და შვილები წაართვას.
ზვიად გოგიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი გახლდათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, მაღალჩინოსანი, კერძოდ კი, გია ბარამიძის შს მინისტრობისას კადრების სამმართველოს უფროსის პირველ მოადგილედ მუშაობდა.