"თბილისობა" წელს 4-6 ოქტომბერს აღინიშნება. ”ამბები.გე” წარმოგიდგენთ იმ ღონისძიებების ნუსხას, რომელიც "თბილისობა 2013"-ს იგეგმება. აგრეთვე, შეიტყობთ, თუ როგორი ამინდი გველის "თბილისობის" დღეებში.
4 ოქტომბერი, 20:30 სთ, ჯანსულ კახიძის ბაღი - ახალბედა მუსიკალური ბენდების კონკურსი "თბილისი Newcomers 2013" დაჯილდოება.
პროგრამის მიხედვით, ძირითადი ღონისძიებები 5-6 ოქტომბერს გაიმართება. კერძოდ, მეიდანზე, გორგასლის მოედანზე, ტრადიციული საწნახელი მოეწყობა და ყურძენი დაიწურება.
აბანოთუბანში ბავშვებისთვის თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა "ფიროსმანი" ჩატარდება.
მეიდანზე ასევე ქორეოგრაფიულ ანსამბლ "როკვას", ბიჭუნათა ფოლკლორულ ანსამბლ "ჩოხოსნების" და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ "შეჯიბრი-პატარა მედოლეების" კონცერტი გაიმართება.
ჩატარდება ნარდისა და ჭადრაკის სამოყვარულო ტურნირები, ხილის ფესტივალი, თბილისის IV საერთაშორისო სამხატვრო პლენერზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა, ავტოშოუ, სადღესასწაულო მსვლელობა ბოტანიკურის ქუჩაზე, გასეირნება მტკვარზე ტივით - მეარღნის, მედუდუკეებისა და ყარაჩოღელების თანხლებით, ბაიდარების მსვლელობა მტკვარზე, პანტომიმის თეატრის წარმოდგენა რიყის პარკის ამფითეატრში, ევროპის მოედანზე ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა -"შავფაროსნები", ბაზიერების შოუ; ასევე, გორგასლის მოედანზე ქართული პოპ მუსიკის კონცერტი, სხვადასხვა ეროვნების ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა; აბანოთუბანში, გორგასლის მოედანზე კი ჯგუფი "ეგარი" და ჯგუფი "ბანი" კონცერტებს გამართავს. ევროპის მოედანზე ოთარ რამიშვილის 75 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტი იგეგმება, რომელზეც ოთო ნემსაძე ოთარ რამიშვილის დაუვიწყარ მუსიკას შეასრულებს.
6 ოქტომბერს კი თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
რაც შეეხება ამინდს, თბილისობის დღეებში, თბილისში, ხვალ, 5 ოქტომბერს დღის განმავლობაში მოსალოდნელია ქარი და ხანმოკლე წვიმა. სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმას 6 ოქტომბერსაც პროგნოზირებენ.