უკვე თორმეტი წელია ''პალიტრა მედიაში'' მუშაობს, მაგრამ მთელმა საქართველომ რამდენიმე თვის წინ კახა ბენდუქიძესთან ჩაწერილი ინტერვიუთი გაიცნო. მაშინ ''პალიტრა ტივის'' ეთერში ''ემას შოუ'' ახალი დაწყებული გახლდათ. ერთ-ერთ შეკითხვას, რომელიც ჟურნალისტმა ბენდუქიძეს დაუსვა, ბატონმა კახამ მისთვის დამახასიათებელი უცენზურობით უპასუხა. ემა აღმოჩნდა ერთადერთი ჟურნალისტი, რომელმაც კახა ბენდუქიძეს მისი ტონის შესაბამისად დაუბრუნა პასუხი, რაზეც ყოფილ ჩინოვნიკს მძიმე რეაქცია ჰქონდა, მიკროფონი მოიგლიჯა და სტუდია დატოვა. სკანდალური იყო ემას გადაცემა მაშინდელ განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილთან. ინტერვიუში ნათქვამი მინისტრის ფრაზა - ''პლასტელინივით ვარ, სადაც მიაგდებ, იმ ფორმას ვიღებ'' - მარგველაშვილს უკვე პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში გაუხსენეს. წარმატებული სატელევიზიო გადაცემების გარდა, ემა ტუხიაშვილს პრესაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. როგორ დაიწყო სატელევიზიო კარიერა მეათე კლასში, ამის შესახებ თავად მოგვიყვება.
- ბავშვობიდან ვოცნებობდი ტელეჟურნალისტობაზე. სახლში გვქონდა ჯოხი, რომელიც საბჭოთადროინდელი დიქტორების მიკროფონს ჰგავდა. დავიჭერდი ხელში და გადაცემები მიმყავდა. მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს აუსრულებელი ოცნება იყო. მეათე კლასში ვიყავი, როცა, მასწავლებლების სიყვარულის წყალობით, ''კავეენში'' მოვხვდი. ძალიან მარტივი როლი მქონდა. დასასრულს სცენაზე უნდა გამოვსულიყავი და მეთქვა: ''მოიცათ, მოიცათ, სახეზე გატყობთ კმაყოფილებას, ვიწყებთ მეორე განყოფილებას'' . ეს ერთი ფრაზა ისეთი ემოციით ვთქვი, რომ პუბლიკამ მქუხარე ტაშით მიპასუხა. ამ შემთხვევის შემდეგ ''კავეენზე'' ყველა მთავარი როლი მე მქონდა. მალე სკოლის დირექტორის კაბინეტში დამიბარეს, სადაც უცხო ადამიანები დამხვდნენ და მითხრეს, რომ საყმაწვილო გადაცემაში წამყვანად დამამტკიცეს. შოკში ჩავვარდი. გადაცემა კასპის ტელევიზიაში გადიოდა (იცინის). შემდეგ საყმაწვილო გადაცემები შეწყდა, მაგრამ ხელმძღვანელობას იმდენად მოვწონდი, რომ დამტოვეს და სხვადასხვა თემაზე განცხადებებს ვკითხულობდი. მათ შორის ნეკროლოგებსაც (იცინის). სკოლის შემდეგ გავივლიდი ტელევიზიაში და გადაცემას ვწერდი, რომ საღამოს ეთერში გასულიყო. ქუჩაში ხალხი მცნობდა. ტელევიზიის დირექტორს რომ ხვდებოდნენ, ეუბნებოდნენ, რომ ტელევიზიას ჩემ გამო უყურებდნენ. მაშინ დავიჯერე, რომ ოცნებები სრულდებოდა. რა ვიცოდი, რომ 35 წლის ასაკში უფრო დიდი სიურპრიზი მელოდა!..
- ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება ალბათ მაშინ გადაწყვიტე...
- ძალიან კარგი ფიზიკის მასწავლებელი მყავდა, ელზა დაბრუნდაშვილი. იცოდა, რომ ჩემგან ფიზიკოსი არ გამოვიდოდა და გაკვეთილზე თავისუფალ თემებს მაწერინებდა. რეალურად მან დაინახა ჩემი ნიჭი. მაშინ არც ვიცოდი, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩასაბარებლად თავისუფალი თემების წერა დამჭირდებოდა. რაიონულ გაზეთში პატრიოტულ თემაზე წერილებს ვაქვეყნებდი. მახსოვს, ჰონორარი იმდენი კუპონი მომცეს, ერთი ჩანთა გავავსე. სერიოზული შოპინგი მოვიწყვე. სამკაულები, ტანსაცმელი ვიყიდე. სკოლის დამთავრების პირველივე წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში მოვეწყვე. მანამდე სამი თვე ოთახში ჩავიკეტე და ჩემით ვემზადებოდი. ერთადერთი, რაშიც მშობლებმა მომამზადეს, იყო ფრანგული ენა და უმაღლესი შეფასება, ათი ქულა მივიღე.
- სტუდენტობის პარალელურად მუშაობდი?
- ცოტა ხანს ''პირველ არხზე'' შემოქმედებით გაერთიანება ''კავკასიაში'' ვმუშაობდი, პატარა სიუჟეტები მქონდა, მაგრამ საკუთარი თავი ვერ ვიპოვე და მალე წამოვედი. შემდეგ გავთხოვდი და შვილი შემეძინა. ამას ჩემს სწავლაზე არ უმოქმედია. დღე-დღეზე სამშობიარო ვიყავი და წიგნები მეჭირა ხელში. უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე, მაგრამ შემდეგ ორი წელი ანას მივუძღვენი. გადარეული დედა აღმოვჩნდი. თვითონ ვზრდიდი ბავშვს. შემდეგ დავიწყე ფიქრი, სად შეიძლებოდა მუშაობის დაწყება. ერთ დღეს მეზობელი შემოვიდა და ჟურნალი ''გზა'' შემომიტანა, სადაც ჟურნალისტებზე ვაკანსია იყო გამოცხადებული. ეს იყო 2001 წელს.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია
ასევე იხილეთ ვიდეო:
"ყ...ობას რატომ მეკითხებით?" - ბენდუქიძის სკანდალური ეთერი "ემას შოუში", 11 მაისს