პარტნიორები:

    გაიზრდება თუ არა პენსია მომავალ წელს

     გაიზრდება თუ არა პენსია მომავალ წელს

    2014 წელს პენსია, სავარაუდოდ, აღარ გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ საგაისო ბიუჯეტის პროექტი უკვე არსებობს, ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ საპენსიო განაკვეთების ეტაპობრივი ზრდა 2014-17 წლებზეა გათვლილი და მისი მომატებაც მომავალი 4 წლის განმავლობაში მოხდება.

    ამ დროისთვის ასაკით პენსიონერის პენსია 150 ლარს შეადგენს, პენსიონერთა რაოდენობა კი 680 ათასს აჭარბებს. იმ შემთხვევაში, თუ პენსიამ მომავალ წელს არ მოიმატა, ბიუჯეტს ამ ხარჯის გასტუმრება დაახლოებით 1,23 მლრდ ლარი დაუჯდება.

    როგორც ცნობილია, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 263 მილიონი ლარით იზრდება და 9 მილიარდ ლარს აჭარბებს. მთავრობის პრიორიტეტები ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და განათლებაა, შესაბამისად, ამ პროფილის სამინისტროების გარდა, თითქმის ყველა სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება. თუმცა, გაიზრდება თუ არა პენსიების ოდენობა, ამასთან დაკავშირებით თუნდაც ზოგადი პასუხიც კი არ არსებობს.

    "პენსიის ეტაპობრივი ზრდა 2014-17 წლებშია დაგეგმილი, ეს მოხდება 2014 წელს თუ 2015 წელს, უცნობია", - განუცხადეს "რეზონანსს" ფინანსთა სამინისტროში.

    აღსანიშნავია, რომ წლევანდელის მსგავსად, 2014 წლის ბიუჯეტშიც სოციალური ვალდებულებების დაფინანსება რეკორდულად იზრდება.

    ისევ იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი და 2,7 მილიარდ ლარს შეადგენს. 2012 წელთან შედარებით, ეს თითქმის 1 მილიარდიანი ზრდაა. სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის დაფინანსება 268,3 მილიონი ლარით იმატებს და 1,921 მილიარდ ლარს შეადგენს. აქედან პენსიებისთვის 1,326 მილიარდი ლარი დაიხარჯება – 220 მილიონი ლარით მეტი. ბიუჯეტში ჩადებულია საპენსიო განაკვეთების ეტაპობრივი ზრდა. ასევე, საპენსიო სისტემის რეფორმის ფარგლებში დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა.

    ამ დროისთვის ასაკით პენსიონერის პენსია 150 ლარს შეადგენს, პენსიონერთა რაოდენობა კი 680 ათასს აჭარბებს. იმ შემთხვევაში, თუ პენსიამ მომავალ წელს არ მოიმატა, ბიუჯეტს ამ ხარჯის გასტუმრება დაახლოებით 1,23 მლრდ ლარი დაუჯდება.

    შეგახსენებთ იმასაც, რომ პენსია 125 ლარიდან 150 ლარამდე 1-ლი სექტემბრიდან გაიზარდა. პენსიის მატება 681 392 პენსიონერს შეეხო. გარდა პენსიისა, 125 ლარიდან 150 ლარამდე გაიზარდა პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მკვეთრადგამოხატული შშმ პირთა) პენსიაც და ეს მატება 21 892 პირს შეეხო. რაც შეეხება მეორე ჯგუფის შშმ პირთა (მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების პირთა) პენსიას, ის 70 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. ეს სულ 72 200 პირს შეეხო.

    შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების პენსიამ 70 ლარიდან 100 ლარამდე მოიმატა და 12 921 პირს შეეხო. მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრების სოციალური პაკეტი 55 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა, მატება შეეხო 26 700 პირს.

    პენსიების ზრდის შესაბამისად, მოიმატა ბიუჯეტის ხარჯმაც და ასაკით პენსიონერებისთვის გასაცემელმა თვეში 17,1 მლნ ლარით გაზარდა. შშმ პირებისთვის პენსიის ზრდის შედეგად ბიუჯეტის თვიურმა ხარჯმა 3,8 მლნ ლარით მოიმატა. რაც შეეხება მარჩენალდაკარგულებს და პოლიტრეპრესირებულებს, 1-ლი სექტემბრიდან გაზრდილი პენსიის შედეგად სახელმწიფო ხაზინას ამ კატეგორიის ადამიანებისთვის გასაცემელი თვეში - 1,3 ლარით მოემატა. შედეგად, სექტემბრიდან, პენსიების ზრდის გამო, ბიუჯეტის ხარჯი თვეში - 22,2 მლნ ლარით გაიზარდა.

    ის, რომ პირველი სექტემბრიდან პენსია 150 ლარამდე გაიზრდებოდა და ის საარსებო მინიმუმს გაუტოლდებოდა, პრემიერმა ივანიშვილმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა. არჩევნებში გამარჯვებიდან რამდენიმე თვეში კი მთავრობამ პენსიების გაზრდაც დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ასაკით პენსიონერების პენსია პირველი აპრილიდან 125 ლარამდე გაიზარდა. მაშინ პენსია მოემატათ პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც.

    ფინანსთა მინისტრი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ აუცილებლად შესრულდებოდა დაპირება, რომლის თანახმად, პენსია დღეს არსებულ საარსებო მინიმუმს მიუახლოვდებოდა: "ამავე დროს გაიზრდებოდა სხვა გასაცემლები, რომლებიც მიბმულია პენსიასთან. გაიზრდება სოციალური დახმარებები სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისათვის", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ. ეს დაპირება, არსებული საარსებო მინიმუმის პირობებში 1-ლი სექტემბრიდან შესრულდა. ამჟამად პენსიაც და საარსებო მინიმუმიც ერთ დონეზეა.

    ექსპერტები პენსიების ზრდის ტენდენციას დადებითად აფასებენ, თუმცა მათი დიდი ნაწილი თვლის, რომ საქართველოში საპენსიო პოლიტიკა რადიკალურად არის შესაცვლელი და ამ მიმართულებით უნდა მოხდეს ახალი მოდელის დანერგვა, რომელიც სპეციალისტების მიერ უკვე შემუშავებულია.

    ნატა გიორგაძე

    გაზეთი ”რეზონანსი”

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია