დალევა და დროსტარება ქართველებს ძალიან გვიყვარს, ამ მხრივ გამონაკლისი არც ცნობილი ქართველები არიან. სიმთვრალეში ადამიანი ხშირად აკეთებს იმას, რასაც მერე ნანობს ან მთელი ცხოვრება სახალისოდ ახსენდება. გადავწყვიტეთ, ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან სწორედ ასეთი ისტორიები შეგვეკრიბა.
პატარა გამოკითხვის შედეგად დავადგინეთ, რომ ძალიან ბევრს სვამს დიზაინერი ზალიკო ბერგერი, მისი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ბევრ ისეთ სურათს წააწყდებით, რომელზეც ბერგერი ღვინოს ყანწით სვამს. როგორც თავად დიზაინერი ამბობს, ხშირად არის თამადა და სადღეგრძელოებსაც ზედმიწევნით კარგად წარმოთქვამს. ყველაზე მეტი რამდენი დაულევია - არ ითვლის, მაგრამ ყველას კარგად ახსოვს შემთხვევა, როცა ნასვამი ზალიკო ბერგერი ერთ-ერთი ქორწილიდან პირდაპირ ტრავმატოლოგიურ კლინიკაში აღმოჩნდა: ნასვამმა დიზაინერმა გადაწყვიტა, ხელში აეყვანა ცნობილი ივენთ-მენეჯერი თაკო დოლაბერიძე, რომელიც მაშინ საკმაოდ ბევრს იწონიდა, ბერგერს დოლაბერიძე ხელიდან გაუვარდა, თვითონაც თან გადაჰყვა და ასე მოიტეხა ფეხი სიმთვრალეში.
ტრადიციული ქართული სუფრის მოყვარულია მსახიობი კოტე თოლორდავა. მას სხვადასხვა დღესასწაულის მიზეზით ხშირად უწევს დალევა. შარშან ზაფხულში მის მეგობარს ბავშვი შეეძინა, ეს ამბავი ძმაკაცებმა წავკისში, ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნეს, სადაც კოტემ ყველა სადღეგრძელო ბოლომდე შესვა, სახლთან მისულმა კი აღმოაჩინა, რომ ტაქსის მძღოლმა სხვაგან გაუჩერა და უფრო მეტიც - ტელეფონიც დაკარგა. რომლის დაბრუნებასაც მსახიობი ინტერვიუებში ითხოვდა.
ჯანმრთელობის გამო ბოლო დროს დალევაზე ხშირად ამბობს უარს მომღერალი და ყოფილი დეპუტატი ნუგზარ ერგემლიძე. "მოქეიფეც ვარ და თან კარგი. ისეთი კი არა, რომ დალევენ და ჩუმად არიან, ვერ გაიგებ, რას ფიქრობენ და მერე ერთმანეთს დაერევიან. ჩემი და ჩემი მეგობრების ქეიფი იუმორში, სიმღერებში მიდის. თამადა ხშირად არ ვარ. ჩემი მოთხოვნა არ არის, რომ სულ სუფრის ხელმძღვანელი ვიყო. პირიქით - მოსმენა მიყვარს. ღვინოს ახალგაზრდობაში ვსვამდი. ახლა ისეთ ასაკში ვარ, ბევრი ღვინო ჩემთვის მავნეა", - განაცხადა ნუგზარ ერგემლიძემ.
რაც შეხება ანრი ჯოხაძეს, მას მხოლოდ კარგი ღვინის დალევა უყვარს. ნაბახუსევზე კი, როგორც თავად ამბობს, ხინკლითა და 100 გრამით გამოდის. არასოდეს დაულევია იმდენი, რომ მეორე დღეს არაფერი ახსოვდეს. რაც შეეხება მერაბ სეფაშვილს, მასაც უყვარს დალევა და მეგობრებთან მოლხენა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, სიმღერის გამო ცხოვრებისეულ სიამოვნებებზე და მათ შორის დალევაზე უარი არასოდეს უთქვამს. ხმასაც არასდროს უფრთხილდებოდა. მომღერალი მიიჩნევს, რომ დალევასა და მოწევაზე უარი რომ ეთქვა, მისი ცხოვრება სხვანაირად წავიდოდა.
დიდი ინტერესი გამოიწვია რამდენიმე თვის წინ ინტერნეტით გავრცელებულმა ვიდეორგოლმა, სადაც მთვრალი ნინო ჩხეიძე და ხატია შამუგია ერთ-ერთ რუსულ სიმღერას მღერიან. ნინო ჩხეიძე სასმელზე უარს არ ამბობს. ნასვამი სულ ღიღინებს და კარგ ხასიათზეა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალმა განაცხადა, ის ნაბახუსევზე საკუთარი რეცეპტით გამოდის. ნაბახუსევის "წამალი" ნინო ჩხეიძისგან ასეთია: თუ მსუბუქად ნაბახუსევი ხართ, ლიმონის "ფრეში" და "ბორჯომი" უნდა სვათ, ხოლო თუ ისეთ მდგომარეობაში ხართ, რომ "კვდებით", მაშინ უებარი საშუალებაა "კოკა-კოლა ლაითში" დამატებული ცოტაოდენი ვისკი, რომელიც ნელ-ნელა უნდა წრუპოთ.
მხოლოდ ახლო მეგობრების წრეში სვამს მსახიობი და ტელეწამყვანი იუნა შაფათავა. ის მხოლოდ კოქტეილსა და შამპანურს ეტანება. "ფილმი "მსმელი" კიმ ბესინჯერის მონაწილეობით სწორედ ჩემზეა გადაღებული, ნასვამს ყველაფერი ზუსტად ისე მემართება, როგორც ფილმის მთავარ გმირს. ერთხელ, დეკემბერში, მთვრალმა თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის მონუმენტის ქვეშ ტანგო ვიცეკვე", - განაცხადა იუნა შაფათავამ. მეგობრების წრეში უყვარს დალევა მომღერალ ნინა წკრიალაშვილს. სოციალურ ქსელში ნინას გართობის ამსახველი ბევრი ფოტო უდევს, ვცადეთ მასთან დაკავშირება, რომ გაგვეგო, რამდენის დალევა შეუძლია, მაგრამ ის ზარებს არ პასუხობდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)