"დათო იმედაშვილმა, "ახალი ხმის" აღმასრულებელმა პროდიუსერმა დამირეკა და პროექტის წამყვანობა შემომთავაზა", - ამბობს მსახიობი დიმა ტატიშვილი, რომელმაც "ახალი ხმის" II სეზონზე, დუტა სხირტლაძე შეცვალა, - მას ანი იმედაშვილთან ერთად პროექტის წაყვანა უწევს.
- დათოს ამ წინადადებაზე ცოტა ხანი კი ვიფიქრე, მაგრამ მერე დავთანხმდი. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ არ ვიცოდი, დრო ამისთვის რამდენად მეყოფოდა. აღმოჩნდა, რომ დრო მყოფნის და დავეთანხმე...
კარგი პროექტია, ის ბევრი ნიჭიერი ადამიანისთვის საუკეთესო საუშუალებაა, რომ თავი გამოავლინოს და მუსიკალურ სამყაროში ადგილი დაიმკვიდროს. თუ ამ კარგი საქმის თანამონაწილე ვიქნები, სასიამოვნოა, რატომაც არა.
- თვითონ თუ მღერი?
- ჰო, ჩემთვის, მაგრამ ისეთი თავხედი არ ვარ, რომ ხალხს ჩემი ნამღერი მოვასმენინო. ისე, სულ ვღიღინებ...
- ამ პროექტში კულისებში გიწევს მუშაობა. მსახიობისთვის კულისები უცხო არ არის, მაგრამ "ახალი ხმის" კულისები, ალბათ, მაინც სხვანაირია. რას გვეტყვი ამაზე?
- შოუს მონაწილეები და მათი გულშემატკივრები ჩემთვის უცნობი ადამიანები არიან, რომელებიც კულისებში ძალიან ღელავენ... ამიტომ ამ პროექტის კულისები ძალიან განსხვავდება თეატრის კულისებისგან, სადაც ყველას თავისი ფუნქცია აქვს და იცის, რა უნდა აკეთოს. აქ კი წამყვანების, ჩვენი ძირითადი ფუნქციაა, რომ მონაწილეები და მათი გულშემატკივრები დავამშვიდოთ და გავამხნევოთ. მართლა ძალიან განიცდიან და გულისამაჩუყებელი და გადამდებია ამ ადამიანების განცდები. ამიტომ აბსოლუტურად შევდივართ მათ მდგომარეობაში. გვინდა, რომ კონკურსანტი შემდეგ ეტაპზე გადავიდეს.
ახალგაზრდა ცდილობს, საკუთარი შესაძლებლობები ხალხს, ჟიურის აჩვენოს, ჰყავს გულშემატკივრები, რომლებიც ღელავენ და ჩვენ ამის თანაზიარი და მონაწილეები ვხდებით.
- კულისებში მომხდარ რომელიმე უცნაურ ეპიზოდს ხომ არ გაიხსენებ?
- უცნაური ის იყო, რომ ერთი კონკურსანტი გულშემატკივრების გარეშე გამოცხადდა, არავინ მოჰყოლია. თქვა, - არავინ შევაწუხეო და მისი გულშემატკივრობა მე და ანას მოგვიხდა. ვუყურებით მის გამოსვლას...
მართლა გულისამაჩუყებელია ხოლმე, როდესაც გულშემატკივრები ტირიან, მონაწილეები ღელავენ. ზოგი სიხარულისგანაც ტირის, ზოგი - გულდაწყვეტილია და ამიტომ. არის შემთხვევები, როცა კონკურსანტები ერთმანეთს ამხნევებენ. ასეთიც მოხდა, როცა - კონკურსანტი მშვიდად იყო, მაგრამ დარბაზში კივილი და აჟიოტაჟი არ წყდებოდა...
- დიმა, მგონი უკვე დუტას დაემსგავსე, არა?
- არა, რას ამბობთ? დუტა ჩემზე მაგარია, ნამდვილი შოუმენია, რაც მე არ შემიძლია, მაგრამ სულაც არ ვთვლი, რომ ეს ჩემი ნაკლია. იცით, რას ვგულისხმობ? დუტამ კარგად იცის შოუს წაყვანა და მისი გაკეთება (სანახაობის მოწყობა). მე ამ კუთხით უფრო მოსაწყენი ვარ. მას შოუმენობაში არანაირად არ ვეჯიბრები, არც მაქვს იმის პრეტენზია, რომ ასეთი წამყვანი ვიყო. მთავარია, მაყურებელს ხელი არ შევუშალო იმ შოუს ყურებაში, რომელიც მიმყავს. ჩემი "მე" არავის აინტერესებს, ამიტომ საჭირო არ არის, მაყურებელს თავი დავამახსოვრო...
- პარტნიორზე, ანა იმედაშვილზე, რას გვეტყვი?
- ძალიან კარგი გოგოა, ძალიან ლამაზია და კეთილმოსურნე. თბილი ადამიანია. პირადად არ ვიცნობდი და გამიხარდა, რომ თბილი და კარგი ადამიანი აღმოჩნდა, ხალისიანია და კარგი გოგოა, თან, ძალიან კარგი შვილი ჰყავს, ორი თვის პეტრე...
- მწვრთნელებში ფავორიტი არ გყვას? ყველაზე მეტად რომლის მუშაობის სტილი მოგწონს?
- ყველა რაღაც თავისებურად ჭკვიანურად იქცევა, დათოს თავისი მეთოდი აქვს, სტეფანეს - თავისი, ლელას თავისი შარმი აქვს, მაიაც თავისებურად საინტერესოა. ერთამანეთისგან განსხვავდებიან და საინტერესოც ამიტომ არის. სპეციალურად არიან ასე შერჩეულები, რომ განსხვავდებოდნენ და სხვადასხვა მიმართულებით წაიყვანონ კონკურსანტები, ცოტა რთული კი არის, მაგრამ კონკურსანტებსაც ამოსარჩევი აქვთ, - რა ტიპის კარიერაზე ფიქრობენ და როგორი მუშაობა სჭირდებათ? მოკლედ, უნდა მოიფიქრონ და აირჩიონ. ყველას წარმატებებს ვუსურვებ.ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის