ცოტა ხნის წინ, საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ განაცხადა, რომ ქართველებს შეგვიძლია, სტალინი, როგორც ტურისტული პროდუქტი ჩინეთში გავყიდოთ. საგულისხმოა, რომ მანამდე სტალინის ტურისტულ პროდუქტად ქცევასთან დაკავშირებით საუბრობდა პრეზიდენტობის კანდიდატი, ნიკოლოზ გორგიჯანიძეც, რომელმაც საზოგადოებას, მრავალ ფრთიან გამონათქვამებთან ერთად იმით დაამახსოვრა თავი, რომ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა - ღმერთმა ნუ ქნას, არჩევნებში მე გავიმარჯვოო. გორგიჯანიძე იქეთ იყოს და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელ გიორგი სიგუასთან ინტერვიუც სწორედ ამ თემაზე ჩავწერეთ.
გიორგი სიგუა:
- ტურისტული პროდუქტის გაყიდვა ნიშნავს ვიღაცის დაინტერესებას რაღაც კონკრეტული საგნის ან ადგილის სანახავად. მე ვთვლი, რომ სტალინი, როგორც პროდუქტი, არის ჩინელებისთვის საინტერესო და რატომაც არ უნდა გამოვიყენოთ ეს ფაქტი ტურისტების მოსაზიდად?
- ჩინეთში სტალინის რეკლამირება უნდა გავაკეთოთ, რათა ისინი ამით დავაინტერესოთ?
- არა, სამწუხაროდ, იმის ფინანსები, რომ ჩინეთში სტალინის პრომოუშენი გავაკეთოთ, ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ სხვადასხვა მარკეტინგული იდეებით და ხერხებით შესაძლებელია ამის გაპიარება. ეს იქნება ინფო-ტურები, პრეს და ბიზნეს-ტურები და სხვ. ჩინელი ვინც კი შემოდის საქართველოში, ყველა ცდილობს, მოხვდეს სტალინის სახლ-მუზეუმში და ითხოვენ ავლაბარში სტამბის ნახვას.
- ვთქვათ, მოხდა ჩინელების მასიურად დაინტერესება სტალინით, გორი მოახერხებს ამდენი ტურისტის მიღებას?
- მანდ ორი საკითხია: პირველი ის, რომ იქ ტურზე წასული ადამიანი საერთოდ არ საჭიროებს ღამისთევას - თბილისის სასტუმროში დაბინავებულ ტურისტს, შეუძლია ჩავიდეს და მოინახულოს მუზეუმი და მეორე - თუ იქნება მზარდი მოთხოვნა, შესაბამისად მოხდება სასტუმროების აშენება.
- თქვენ განაცხადეთ, რომ ისრაელში ქრისტეს ვერ იტანენ, მაგრამ ისინი მაცხოვრის საფლავს იყენებენ როგორ ტურისტულ პროდუქტს...
- მე ასე არ მითქვამს და ჩემი განცხადება არასწორად გავრცელდა. მე ვთქვი, რომ იერუსალიმი წარმოადგენს ძალიან საინტერესო ტურისტულ ადგილს, რადგან იქ არის იესო ქრისტეს საფლავი და ბევრი მომლოცველი სწორედ ამის სანახავად ჩადის იქ. პირადად მე ჩავსულვარ ამის გულისთვის ისრაელში.