სხვისა არ ვიცი, მე კი თამამად შემიძლია დავიჩემო, რომ ლამის ზეპირად ვიცი ჩემს უბანში მცხოვრებ იმ ადამიანთა თავგადასავლები, ვისთან ერთადაც ყოველდღიურად სამარშრუტო ტაქსით მიწევს მგზავრობა. უბანს შეგნებულად არ ვასახელებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის მოვლენა (სწორედაც რომ მოვლენა), რომელზეც აქ ვწერ, მხოლოდ თბილისისთვის კი არა, სრულიად ქვეყნისთვის არ არის უჩვეულო. როგორც ერთი ჩემი მეზობელი იტყოდა: "მობილურ ოპერატორებს მიეცათ ჩვენი ცოდვა ამდენი უფასო წუთის გაჩუქებისთვის! ხომ შეიძლება, ერთხელ ისე ვიმგზავრო, ვიღაცის უბედური ცხოვრების დეტალების თანამოზიარე არ გავხდე?".
ჩვენი უბანი არცთუ მცირე მანძილით არის დაშორებული ქალაქის ცენტრიდან და "მარშრუტკის" მძღოლის აუღელვებელ "სიარულსაც" თუ გავითვალისწინებთ, ძალაუნებურად მიხდება ინტიმური საუბრებისა და ამაღელვებელი ისტორიების მოსმენა. ამ საუბრების თემატიკა მრავალფეროვანია: ოჯახების შერთვა-გაყრის საკითხებით დაწყებული, "გაქალაქელებული" შვილისა და სოფლად დარჩენილი მშობლის, მათი მეზობლებისა და თვით ძროხის მოკითხვით დამთავრებული. არ გჯერათ? ჩემი ყურით (და, რა თქმა უნდა, ჩემდა უნებურად) მოვისმინე საუბარი სოლიდურად ჩაცმული ახალგაზრდა ქალბატონისა, რომელიც სხვა შემთხვევაში ალბათ "სვეტების" კატეგორიაში გადის... სულ ბოლოს, სალაპარაკო თემა რომ შემოელია და ლამის ნახევარწუთიან პაუზებს დროდადრო მრავლისმთქმელ "მდაას" მოაყოლებდა, მოულოდნელად ახალი თემა ამოუტივტივდა და ჭეშმარიტი სერიოზულობით მოიკითხა სოფლად მყოფი ძროხის ჯანმრთელობის მდგომარეობა...
ასეთი უხერხულობის გასაფანტავად მძღოლებს კარგი მეთოდი აქვთ დამუღამებული (სხვათა შორის, ეს ხმამაღალი სატელეფონო საუბრები მძღოლებისთვის ზოგჯერ საუკეთესო გასართობია დარდიმანდული რადიოების მოსმენის შემდეგ). ჰოდა, იმას ვამბობდი, "მარშრუტკის" მძღოლები უხერხულობის გასაფანტავად რადიომიმღებს აუწევენ ხოლმე. ამით მგზავრების ყურადღება გადააქვთ, მოსაუბრეს კი მიანიშნებენ, რომ "აზრზე მოვიდნენ".
როგორც იტყვიან, კიდით-კიდემდეც რომ მოუხმო შინაგანი ეთიკის ნორმებს და საკუთარი თავიც ამხილო, რომ სხვისი საუბრის მოსმენა უზრდელობაა, ყურს ვერ უბრძანებ. მით უმეტეს, როცა ეს საუბარი სწორედაც რომ შენ გვერდით ხდება და თანაც ხმის უკანასკნელ რეგისტრში.
სასიყვარულო კატეგორიის საუბრები, როგორც წესი, მოკრძალებულ და ხმადაბალ ტონში მიმდინარეობს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არავინ ისმენს. უფრო ხშირად ხმადაბლა შეყვარებული მამრები საუბრობენ, მდედრები კი, ჩვეულებრივ, შეყვარებულს ხმამაღლა ესაუბრებიან, მით უფრო, თუ ისინი თინეიჯერები არიან. მათ საუბრებში ყველაზე საინტერესო "გაჭედვებია", მაგალითად ასეთი - არ მინდა, არ მინდა, არ მინდა... და ასე გრძელდება დიდხანს, ვიდრე ვინმე მადლიანი "მარშრუტკაში" მყოფ შეყვარებულს მკვახე სიტყვით ან მრისხანე გამოხედვით "აზრზე არ მოიყვანს".
ოჯახური სატელეფონო დრამის მოსმენა ხომ, დარწმუნებული ვარ, ყველა ღამის "მარშრუტკის" ძირითადი თემაა. ოჯახის უფროსის "ტკბილი" დიალოგი იწყება ბოლო ხმაზე დაღრიალებული ორი ჯადოსნური სიტყვით: "მე ვაარ!"... რა გაგრძელება აქვს ამ ოჯახურ "ბაასს", ამის მიხვედრას დიდი ფანტაზია არ სჭირდება...
სატელეფონო კურიოზებს კი "მარშრუტკაში" რა გამოლევს: ერთხელ ცოლმა ტრანსპორტში მყოფ ქმარს დაურეკა და როგორც ჩანს, შესჩივლა, ბავშვს ვერ ვაწყნარებო. მამა შვილს ტელეფონით გაესაუბრა და დაჰპირდა, თუ აღარ იტირებ, ქალებში წაგიყვანო. მართალია, "მარშრუტკის" მგზავრებისთვის უცნობი დარჩა ტელეფონის მეორე მხარეს მყოფი ბავშვის რეაქცია, მაგრამ მამის პასუხი ასე ჟღერდა: "კი, მამა, კი, ბებოსაც წავიყვანთ"...
ახლა რაც შეეხება ჭორიკანების კატეგორიას... საუბრის თემა, როგორც წესი, სხვათა ოჯახური ამბებია. თემებიც უამრავია, ძირითადად - ყოფითი. მაგალითად, როგორ მიბეგვა ვიღაცამ ვიღაც, იმ ვიღაცამ როგორ წაიყვანა ბავშვი და საზღვარგარეთ გაიპარა. ან კიდევ როგორ გაძარცვეს ვიღაც, მაგრამ ამ ისტორიაში მთავარი დაზარალებული კი არ არის, არამედ მისი ძვირფასეულობა, რომელიც მძარცველებმა წაიღეს, თვითონ კი ამ ოქროებისა და ბრილიანტების შესახებ არასოდეს სმენოდათ და "გადაირივნენ".
თემები იმდენად საინტერესოა, ზოგჯერ გულიც კი დასწყდება ადამიანს, რომ იძულებულია "მარშრუტკიდან" ჩავიდეს და ამა თუ იმ ისტორიის დასასრული ვეღარ მოისმინოს. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ ხომ უდავოა, რომ შენი საუბრით სხვა არ უნდა შეაწუხო? გასაგებია, რომ მარტო მგზავრობა მოსაწყენია და ტელეფონით საუბარი ამ მოწყენილობიდან საუკეთესო გამოსავალია, მაგრამ ადამიანს ფიქრებთან განმარტოების საშუალებაც ხომ უნდა მისცე! ასეა თუ ისე, პირად თემებზე საჯარო საუბარი ცოტა უხერხულია და "თუ მარშუტკა არ მოგწონს, ტაქსიში გადაჯექი" - გამოსავალი არაა...