საქართველოში ჩამოსული ტურისტების უმრავლესობა აჭარის კურორტებს, თბილისსა და ყაზბეგს სტუმრობს. გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის კურორტებზე საკვებით მოწამვლის რამდენიმე ფაქტი დადასტურდა. ამ საკითხზე მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე გვესაუბრება:
- არაერთმა ვიზიტორმა საკურორტო ზონებში საკვების ხარისხთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა, მოგვმართა უკრაინელმა ტურისტმა, რომელიც ბათუმში მოიწამლა, როგორც მან თქვა, - უხარისხო პროდუქტისგან უხარისხო საკვები მზადდებოდა, სასმელ წყალთან დაკავშირებითაც ჰქონდა პრეტენზია, რადგან მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა.
- აქცენტი უფრო მეტად უცხოელი ტურისტების საჩივრებზე ხომ არ გაქვთ გადატანილი?
- ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მომხმარებელი, დაზარალებული უცხოელია თუ ადგილობრივი და კანონით გათვალისწინებულ ზომებსაც მივმართავთ. თბილისელმა ტურისტმა ქალბატონმა ურეკის ერთ-ერთ რესტორანში გაურკვეველი ხარისხის ხინკალი იყიდა, ორგანოლეპტიკურად უკვე გაუმართავი (გაფუჭებული ხორცის სუნი ჰქონდა) და საკვებად გამოუსადეგარი. ამგვარ ფაქტებზე დაუყონებლივ ვრეაგირებთ.
- შემოდგომაზე რომელი პროდუქტით ინტოქსიკაციის ფაქტები მატულობს?
- ეს ამა თუ იმ პროდუქტზე მოთხოვნის ზრდაზეც არის დამოკიდებული. საკურორტო სეზონი გრძელდება, თუმცა ადამიანების უმრავლესობა სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა, სასწავლო წელიც დაიწყო და შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა ნახევარფაბრიკატებზე. ამიტომ ნიმუშები დავლუქეთ, 30-ზე მეტი ნიმუშის ლაბორატორიულ კვლევას ვაპირებთ, რომლის შედეგებიც საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი. სურსათის ეროვნული სააგენტო შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს, მაგრამ მას მხოლოდ 22 ინსპექტორი ჰყავს, ქვეყანაში კი 40.000-ზე მეტი ბიზნეს-ოპერატორი საქმიანობს სურსათის სფეროში, შეუძლებელია, 20-მა ინსპექტორმა 40.000 ობიექტი შეამოწმოს.
ამ საკითხზე კომენტარისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს გიორგი ქურდოვანიძეს მივმართეთ: "ჩვენი 22 ინსპექტორი საწარმოების გეგმურ და არაგეგმურ ინპექტირებას, ასევე მონიტორინგს ახორციელებს, თუმცა, მათი თბილისში, ცენტრალურ ოფისში თავმოყრა გარკვეულ უხერხულობას ქმნის ოპერატიული რეაგირების თვალსაზრისით. 2014 წლიდან რეგიონებში შეიქმნება შესაბამისი სამმართველოები, რომლის ინსპექტორები საწარმოების ინსპექტირებას განახორციელებენ, ხოლო ცენტრალურ აპარატში მხოლოდ ის რაოდენობა დარჩება, რაც დიდი საწარმოების შესამოწმებლად არის საჭირო; მიმდინარეობს ინსპექტორების გადამზადება; ვაწარმოებთ მონიტორინგს სარეალიზაციო ქსელებში, საზკვების ობიექტებში, ნიმუშების შესყიდვა და მათი შესწავლა ხდება. შესაბამისი სამსახური მუშაობს რისკების ანალიზზე, რის საფუძველზეც ვადგენთ მონიტორინგისა და ინსპექტირების წლიურ გეგმას. სარეალიზაციო ქსელში დარღვევის აღმოჩენისას, ამ საწარმოს მუშაობა დროებით ჩერდება და მისი არაგეგმიური ინსპექტირება ტარდება.
ესაუბრა ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)