საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს პარლამენტში კვიპროსზე, ლიმასოლში ჩასვლასთან დაკავშირებით მოუწია განმარტებების გაკეთება. სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უმცირესობის წევრმა, ჩიორა თაქთქიშვილმა ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ კარასინთან 5 ივნისის შეხვედრის შემდეგ, აბაშიძემ 11 ივნისს დაბადების დღე აღნიშნა კვიპროსზე, ლიმასოლში, ევგენი პრიმაკოვის აგარაკზე, პრიმაკოვისა და სხვა რუსი მაღალჩინოსნების გარემოცვაში. ოპოზიციონემა დეპუტატმა აბაშიძეს ამასთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთება სთხოვა.
"11-ში არა, მაგრამ მოგვიანებით ლიმასოლში გახლდით. ჩემი ბავშვობის მეგობარს, ძალიან ცნობილ კარდიოლოგს დავით იოსელიანს აქვს იქ ბინა. დაგვპატიჟა მეუღლესთან ერთად და ეს ამბავი ვიზეიმეთ. ნამდვილად, იქვე ახლოს ბინა აქვს პრიმაკოვს. მე მას კარგად ვიცნობ, მაქვს დიდი ხნის ურთიერთობა და კარგად ვიცნობ არა მხოლოდ ბატონ პრიმაკოვს, არამედ უამრავ ხალხს მოსკოვში. სხვა მაღალჩინოსნები ამას არ ესწრებოდნენ - იყო ჩემი პირადი მგზავრობა, ერთი ლარი არ ამიღია ბიუჯეტიდან. კიდევ უკეთესს გეტყვით, დავით იოსელიანს ხვალ 70 წელი უსრულდება, პურ-მარილი აქვს მოსკოვში, 50 წელია, ამ კაცს ვიცნობ, გადაყოლილია ჩემზე, არის ჩემი მკურნალი ექიმი და იმის გამო, რომ ასეთი კითხვა არ დამისვან, ერთი დღითაც კი ვერ მივდივარ მოსკოვში. გავუშვი ცოლი, როგორც ოჯახის წარმომადგენელი. ხალხო, მეტი ნდობა უნდა იყოს ერთმანეთთან! ჩემი თხოვნაა, რომ მეტი ნდობა იყოს!" - განაცხადა აბაშიძემ ჩიორა თაქთაქიშვილის საპასუხოდ.
აბაშიძეს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე უსმენენ.