"თბილისის ჰამქარი" რუსთაველზე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის პროექტის მშენებლობის შეჩერებას და ღია არქიტექტურული კონკურსის გამოცხადებას ითხოვს. ამ მოთხოვნით "თბილისის ჰამქრის" წევრებმა მოქალაქეებთან ერთად რუსთაველის N7-თან, ყოფილი პარლამენტის შენობის მოპირდაპირედ მშენებარე ობიექტთან აქცია გამართეს. აქციაში 100-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათ სამშენებლო ობიექტის ბანერზე სტიკერები მიაკრეს, რომელზეც წერია "ქალაქი ჩვენი, ნაკვეთია შენი". აქციის მონაწილეებმა, ასევე, მშენებარე ხელოვნების მუზეუმის პროექტის ამსახველი სურათი გააკრეს, რომელზეც ამ პროექტთან დაკავშირებით წარწერები გააკეთეს. მასზე მათი შენიშვნებია ასახული ამ პროექტთან დაკავშირებით. ასევე, აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები, წარწერით "დანიშნე კონკურსი" და "თბილისის მერია ქალაქის მტერია". როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, "თბილისის ჰამქრის" ხელმძღვანელმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, კარგია, რომ ამ ადგილზე მშენებლობა მიმდინარეობს, მაგრამ ცუდია ის, რომ ქალაქის ცენტრში, ასეთ მნიშვნელოვან ადგილზე ინვესტორი არავის უწევს ანგარიშს და საკუთარი სურვილით აშენებს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის პროექტს. "ქალაქი არ არის მარტო ინვესტორის, ქალაქი არის მოქალაქეების, აქ რაც შენდება, მინიმუმ 100 წელი უნდა იდგეს. ეს არის ქალაქის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულება. ამ ქალქის მოქალაქეებმა გვინდა ვუთხრათ ინვესტორს, რომ გამოაცხადოს ღია არქიტექტურული კონკურსი, რომელიც იქნება საუკეთესო, ის აშენდეს. პატივისცემის გამოხატულებას ვითხოვთ ქალაქისადმი", - აღნიშნა ელისაშვილმა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, არქიტექტორ დავით ავალიშვილის თქმით კი, რუსთაველზე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის პროექტი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი ღია კონკურსით უნდა შერჩეულიყო. როგორც მისთვის არის ცნობილი, ინვესტორმა რამდენიმე არქიტექტორს სთხოვა მოემზადებინათ პროექტი და მათგან ერთ-ერთი შეარჩია. დავით ავალიშვილმა ასევე დასძინა, რომ მერიამ ამ შერჩეული პროექტის მშენებლობის უფლება გასცა. მისი თქმით, მერიას საერთაშორისო ან შიდა არქიტექტურული კონკურსი უნდა გამოეცხადებინა. აქციის მონაწილეები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. ტერიტორიაზე, რომელიც ბანერებით არის შემოფარგლული, მშენებლობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს და მუშები ღამითაც მუშაობენ.