მაია მიმინოშვილის არ გამორიცხავს, რომ უმაღლესში უგამოცდოდ ჩარიცხვის იდეა კონკრეტულ პირებზე იყოს მორგებული

მაია მიმინოშვილის არ გამორიცხავს, რომ უმაღლესში უგამოცდოდ ჩარიცხვის იდეა კონკრეტულ პირებზე იყოს მორგებული

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება განათლების კომიტეტის მიერ მომზადებულ ცვლილებას, რომლის თანახმადაც, განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან, თუ მათ საერთაშორისო ოლიმპიადაში ან სახელოვნებო-შემოქმედებით კონკურსში უმაღლესი შეფასება აქვთ მიღებული.

მაია მიმინოშვილი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ცვლილება კონკრეტულ პიროვნებაზე იყოს ფოკუსირებული.

მისივე თქმით, მსოფლიოში უამრავი საერთაშორისო ოლიმპიადა იმართება და ცნება - "საერთაშორისო ოლიმპიადაზე გამარჯვებული" გაუგებარია.

"რომელ საერთაშორისო ოლიმპიადაზეა საუბარი? ვინ დაადგინა, რომ არის ერთი ისეთი საერთაშორისო ოლიმპიადა, სადაც გამარჯვებული ნიჭიერია. 700 ათასი საერთაშორისო ოლიმპიადა არსებობს. როგორ გავარკვიოთ? მაშინ, რა დააშავეს სპორტსმენებმა, ისინიც მონაწილეობენ ოლიმპიადებში. მათაც აქვთ ძალიან დაძაბული გრაფიკი და არიან მართლა ძალიან ნიჭიერები. ნაკრების წევრები, რომლებიც სპორტული მონაცემებით ასახელებენ ქვეყანას? რა დააშავეს მომღერლებმა და მოცეკვავეებმა, რომლებსაც ჩვენი კულტურა გააქვთ მსოფლიოში. ეს ჯაჭვი ნიჭიერების არ დამთავრდება", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, ერთიანი ეროვნული გამოცდების აწყობილი სისტემა, რომელიც 10 წლის განმავლობაში ძალიან კარგად მუშაობს, ერთი გამონაკლისის დაშვებისთანავე დაინგრევა. მიმინოშვილი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, გამოცდებს არავითარი აზრი აღარ ექნება.

"აღნიშნული ცვლილებების კატოგორიული წინააღმდეგი ვარ. ეს არის სისტემის დანგრევა. მაშინ, ჩვენ ერთიანი ეროვნული გამოცდები არ გვჭირდება. მინდა, ვინმემ ამიხსნას, რას ნიშნავს ტერმინი "საერთაშორო ოლიმპიადაში გამარჯვებული", მაგალითად, მე მაქვს უფლება, თბილისში რაღაც ოლიმპიადა ჩავატარო, სრულიად არ იქნება ჩემთვის რთული, ერთი უცხოელი ბაქოდან, ერევნიდან ჩამოვიყვანო, მივაღებინო მონაწილეობა. ვიტყვი, რომ არის საერთაშორისო ოლიმპიადა. ამ ჩემს ოლიმპიადაში გამარჯვებულიც ითვლება? დავუშვათ, ბავშვმა გაიმარჯვა ძალიან პრესტიჟულ ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში. რადგან მან ფიზიკის ოლიმპიადაში გაიმარჯვა, ამისათვის უნდა ჩავუთვალოთ მას ქართული, უცხო ენა და უნარებიც? ან ფიზიკის ოლიმპიადაში გამარჯვებულს, უნდა სამართალმცოდნეობაზე ან სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლა, რა კავშირშია ფიზიკა ამ ორ მიმართულებასთან? რას ნიშნავს, ფიზიკის ოლიმპიადაში გამარჯვებული, რომ აპრიორი გაცილებით უკეთესია, ვიდრე აბიტურიენტი, რომელმაც ეროვნულ გამოცდებზე ძალიან მაღალი ქულები მიიღო? ეს შედარება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია", - განმარტა მაია მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, გაურკვეველია სახელოვნებო-შემოქმედებით კონკურსში გამარჯვებულთა საკითხიც.

"რომელ შემოქმედებით ტურის უმაღლეს შეფასებაზეა საუბარი. მაგალითად კონსერვატორია გვაქვს თბილისშიც, ქუთაისშიც და ბათუმშიც. თბილისის კონსერვატორია არ ცნობს, ბათუმისა და ქუთაისის კონსერვატორიების შეფასებას. ამას რა ვუყოთ?", - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში რვა უმაღლესი სასწავლებელია, რომლებსაც საშემსრულებლო ფაკულტეტები აქვს, სადაც შემოქმედებითი ტურები ტარდება. მიმინოშვილის ინფორმაციით, აბიტურიენტები შემოქმედებით ტურს აბარებენ, ფინანსდებიან კულტურის სამინისტროს მხრიდან და მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო გრანტი განათლების სამინისტროდანაც მოიპოვონ. გამოცდების ცენტრის დირექტორის თქმით, ასეთი აბიტურიენტი ორი მხრიდან ფინანსდებიან, რაც უსამართლოა. მისივე მტკიცებით, ცენტრი მოითხოვდა, რომ ასეთი ტიპის აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემიდან გასულიყვნენ, თუმცა უმაღლესმა სასწავლებლებმა ეს ცვლილება არ მოინდომეს.

"ახალი კანოპროექტი მეუბნება, რომ აბიტურიენტი, მაგალითად პიანისტი, დარჩეს სისტემაში, თანხა სისტემიდან წაიღოს, ოღონდ, რომ ჩაიჭრა მაინც ჩაირიცხოს. ანუ პასუხისმგებლობაც მე უნდა ავიღო, რომ პიანისტის ადგილას ჩავრიცხო, ფულიც მე უნდა მივცე, ოღონდ მან გამოცდა არ ჩააბაროს", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

ამასთან, მაია მიმინოშვილის გაკვირვებას იწვევს კანონპროექტში არსებული ჩანაწერი, რომლის თანახმად, კანონს უკუგების ძალა აქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ სასწავლებლებში სწავლის უფლება შეუნარჩუნდებათ 2013 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე იმ პირებს, რომლებმაც ვერ გადალახეს ამა თუ იმ საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და მათი განსაკუთრებული ნიჭის მიუხედავად, სწავლის უფლების გარეშე დარჩნენ.

"რას ნიშნავს, რომ ამ კანონს უკუგების ძალა აქვს? როდესაც ერთიანი ეროვნული გამოცდები შემოვიღეთ, წინა წლის აბიტურიენტებსაც შეეხოთ? ეს კანონპროექტი კონკრეტულ პიროვნებაზეა ფოკუსირებული. შესაძლოა, ერთ ან ორ ადამიანზე, რომელიც წელს ღებულობდა გამოცდებში მონაწილეობას და სამწუხაროდ, არ გაუმართლა. კანონპროექტის დამწერს, წარმოდგენაც არ აქვს ამას რა მოყვება. კანონპროექტი გააზრებული არ არის და მორგებულია ერთ-ორ ადამიანზე", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდები, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან, თუ მათ საერთაშორისო ოლიმპიადაში ან სახელოვნებო-შემოქმედებით კონკურსში უმაღლესი შეფასება აქვთ მიღებული.

ამასთან დაკავშირებით ცვლილებები "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შედის, რომელიც განათლების და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტმა მოამზადა.

კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ დადგინდება სასწავლო გრანტით დაფინანსების წესი, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განსაზღვრავს.

კანონს უკუძალა მიეცემა და სასწავლებლებში სწავლის უფლება შეუნარჩუნდებათ 2013 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე იმ პირებს, რომლებმაც ვერ გადალახეს ამა თუ იმ საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და, მათი განსაკუთრებული ნიჭის მიუხედავად, სწავლის უფლების გარეშე დარჩნენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია