სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელშიც რუსეთში მოღავწე ქართველი ვარსკვლავი თინა კანდელაკი გალაკტიონ ტაბიძის ლექსს - "უსიყვარულოდ" კითხულობს. მის ქართულში აშკარად შეიმჩნევა რუსული აქცენტი, ინტონაცია და კიდევ რამდენიმე შეცდომა, რამაც უამრავი ქართველის გულისწყრომა გამოიწვია.
თემას "ფეიქბუქის" გვერდზე ტელერადიოწამყვანი თამუნა მუსერიძეც გამოეხმაურა, რომელიც კანდელაკს გამოექომაგა. "ამბები.გე" თამუნა მუსერიძეს დაუკავშირდა.
- მგონი, ერთადერი ადამიანი ხართ, ვინც თინა კანდელაკი საზოგადოების რისხვისგან დაიცავით...
- კი, ასეა. გამაოცა ამ ადამიანის მიმართ გაჩენილმა აგრესიამ. სასაცილოდ აიგდეს, რადგანაც ერთი სიტყვა შეეშალა. ნაცვლად ფრაზისა ''ტყე არ კრთება სასიხარულოდ'' თქვა - ''ტყა არ კრთება სასიყვარულოდ''...
ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ ქართველია და არ უნდა შეშლოდა, მაგრამ ლექსი ხომ გულით წაიკითხა?
რაც შეეხება მის რუსულ აქცენტს, ესეც გასაგებია - ჯერ ერთი, 15 წელია აქ აღარ ცხოვრობს და თან, როგორც ჩანს, რუსეთშიც არავინ ჰყავს გვერდით ისეთი, ვინც ქართულად დაელაპარაკება.
საზღვარგარეთ ერთი წელი ვიცხოვრე და რომ დავბრუნდი, ქართული სიტყვები ერთმანეთში მერეოდა...
დარწმუნებული ვარ, ვინც თინა კანდელაკი გააკრიტიკა და სასაცილოდ აიგდო, არც ერთმა მათგანმა, ლექსი თავიდან ბოლომდე ზეპირად არ იცის.
მოდი, მათ ჯერ იმის ნახევარს მიაღწიონ, რასაც თინამ უცხო ქვეყანაში მიაღწია და მერე ილაპარაკონ... მე ის მეწყინა, რომ კანდელაკის ჩაქოლვაში ჩემი მეგობრების უმრავლესობამაც იაქტიურა. ალბათ, ამ კომენტარის შემდეგ თინას მეც ზედ მიმაყოლებენ...
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის