ბრიტანელმა ფსიქოლოგებმა ახალი დირექტივები მიიღეს. ახლა არასრულწლოვნობის ასაკი 25 წლამდე გრძელდება, - იუწყება ”ბი-ბი-სი”. ბავშვთა ფსიქოლოგის, ლავერნ ანტრობუსის თქმით, ადამიანი 18 წლის ასაკში ზრდასრული ჯერ კიდევ არ არის.
ადრე მიიჩნეოდა, რომ ტვინი თინეიჯერობის პერიოდში უკვე ბოლომდე იყო ფორმირებული. თუმცა, სინამდვილეში ტვინის განვითარება 25-30 წლამდე გრძელდება. ამ პერიოდში ტვინის მიერ ინფორმაციის გადამუშავების სქემები საგრძნობლად იცვლება. ეს მნიშვნელოვანია განსჯის, დაგეგმვის, პრობლემის გადაწყვეტის და გაგების თვალსაზრისით. ტვინი განაგრძობს რეორგანიზებას, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებებს კი ტვინის წინა ფრონტალური ქერქი განიცდის.
სულ არსებობს არასრულწლოვნობის პერიოდის 3 სტადია: საწყისი (12-14 წელი), შუალედური (15-17 წელი) და გვიანდელი (18 წლიდან ზევით). როგორც თავის ტვინის კვლევამ აჩვენა, გვიანდელ პერიოდშიც კი ტვინი განვითარებას განაგრძობს და ვიდრე წინაფრონტალური ქერქი საბოლოოდ არ ჩამოყალიბდება, ადამიანს ეცვლება ემოციული სიმწიფე, თვითშეფასება და განსჯა. ამის პარალელურად 20 წლის ასაკში მიმდინარეობს ჰორმონალური ცვლილებებიც.
ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ეს მოვლენა ინფანტილიზმის კულტურის ნაწილია. ადამიანები მშობლებთან სოციალური და კულტურული მიზეზებით არიან დაკავშირებულნი და რთულად შედიან ზრდასრულ ურთიერთობაში სამყაროსთან. ამის მაგალითად ასახელებენ იმას, რომ მოზრდილების დიდი ნაწილი საბავშვო მულტფილმებს უყურებს.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.