თბილისში სამგზავრო მიკროავტობუსებში ვიდეოკამერების დამონტაჟება გრძელდება. კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა" მიკროავტობუსებში ვიდეოკამერების დამონტაჟების ახალი ეტაპი დაიწყო. სხვადასხვა სამარშრუტო ხაზებზე ეტაპობრივად 200 კამერა დამონტაჟდება. ამ დროისთვის ვიდეოკამერა უკვე დამონტაჟებულია 70-მდე მიკროავტობუსში.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, დავით ასანიძემ განაცხადა, მიკროავტობუსებში ვიდეოკამერების დამონტაჟების მიზანი მგზავრთა უსაფრთხო უზრუნველყოფა და მგზავრთა რეალური ნაკადის დადგენაა.
მისივე ინფორმაციით, ვიდეოკამერები იმ მიკროავტობუსებში მონტაჟდება, სადაც დასადგენია მგზავრთა რეალური ნაკადი. ნაკადის დადგენის შემდეგ მოხდება მძღოლებისთვის მოსაკრებლების გადასახადის კორექტირება. გარდა ამისა, ვიდეოკამერები საშუალებას მისცემს "თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელობას, დაადგინოს სხვადასხვა მარშრუტზე რამდენი მიკროავტობუსია დასამატებელი ან პირიქით, თუ მგზავრთა ნაკადი ნაკლებია, შემცირდება მიკროავტობუსების რაოდენობა.
კომპანიის ცნობით, მიკროავტობუსებში ვიდეოკამერების დამონტაჟება მძღოლებთან შეთანხმებით ხდება.
ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ერთ-ერთმა მძღოლმა აღნიშნა, მისაღებია, რომ ვიდეოკამერამ დააფიქსიროს, რეალურად რა ვითარებაა მგზავრთა გადაყვანის დროს.