ლურსმული დამწერლობა მდინარე ტიგროსსა და ევფრატს შორის ძველი წელთაღრიცხვის IV-III ათასწლეულში წარმოიშვა. ლურსმული მას ვიზუალური ფორმის მიხედვით შეარქვეს. საწერ მასალად იყენებდნენ სველი თიხის ფირფიტას, რომელზეც სამკუთხა წვერის მქონე ჯოხით, სტილუსით გამოჰყავდათ ნიშნები. შემდეგ ამ ფირფიტებს მაღალ ტემპერატურაზე წვავდნენ. ლურსმული დამწერლობა მეტად მოუხერხებელი იყო, მაგრამ ის მაინც გავრცელდა ბაბილონიდან მთელ წინა აზიამდე.
რატომ წერდნენ ძველ შუამდინარეთში თიხაზე? - უბრალო მიზეზის გამო: თიხის გარდა სხვა მასალა არ მოიპოვებოდა,რაც შეიძლებოდა საწერად გამომდგარიყო. მესოპოტამია კი მდიდარი იყო თიხით. იღებდნენ თიხის ნაჭერს, კარგად ზელდნენ სქელი, ბლანტი ცომი რომ მიეღოთ. აძლევდნენ მას სასურველ, ხშირად, სწორკუთხა ფილების ფორმას. ჩვეულებრივ, მათი სიგრძე თითქმის ორჯერ მეტი იყო სიგანეზე. თიხა რომ ოდნავ შეშრებოდა, "ქაღალდი" საწერად მზად იყო. ფანქრებსა და კალმებს ლერწმის ჯოხი ცვლიდა. როცა ნიშნის გამოყვანას იწყებდა, მწერალი თავდაპირველად უფრო აჭერდა ხელს და თიხაზე რჩებოდა სამკუთხედის ანაბეჭდი - სოლი, ანუ ლურსმული ნიშანი. ლურსმული წერა განაპირობა მასალის ხასიათმა, რომელსაც იყენებდნენ შუამდინარელები. ნიშნების სოლისებური წერა შენარჩუნდა ქვაზე, ბრინჯაოზე, ვერცხლსა და სხვა მყარ ლითონებზე წერის დროს, დაკანონდა და საყოველთაო გახდა. ლურსმული წერა-კითხვის სწავლა ძალიან ძნელი იყო, ამიტომ ტაძრებთან არსებობდა საგანგებო სკოლები, სადაც მწერლებს ამზადებდნენ.
არქეოლოგებმა გათხარეს რამდენიმე სკოლის შენობა და აღმოაჩინეს თიხის რვეულები ორთოგრაფიული შეცდომებით, მასწავლებლების მიერ შესწორებული. სწავლა იწყებოდა ყველაზე მარტივით: მოსწავლეს ასწავლიდნენ როგორ მოემზადებინა თიხის გუნდისგან თიხის ფირფიტა. შემდეგ იგი უნდა დაეხაზათ, რათა სტრიქონები სწორი გამოსულიყო. ამას წვრილი თოკებით ახერხებდნენ. შემდეგ მოსწავლეს ხაზზე უნდა გამოესახა ცალკეული ნიშნები. დიდი ხნის ვარჯიშის შემდეგ, როცა იგი დაოსტატდებოდა, მას ასწავლიდნენ სოლების შეერთებით შეედგინა მარცვალი, სიტყვა, ციფრები, მთელი წინადადება.
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)