ქარელის რაიონის სოფლებში - დიცსა და დვანში რუსი სამხედროები ყოვლად უკანონო ქმედებას არ იშლიან და მავთულხლართებს იქით უფრო და უფრო მეტ ქართულ მიწას აქცევენ. ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება საკმაოდ დაძაბულია. საქართველოს პარლამეტის წევრ ლევან ბერძენიშვილთან ინტერვიუ სწორედ ამ თემით დავიწყეთ.
- ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია ერთი რამ - დახმარებისთვის მიმართოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რასაც ვაკეთებთ კიდეც. ამ ზონაში ჩავიყვანეთ დამკვირვებლები, იქ ევროკავშირის წარმომადგენლები ისედაც არიან და აკვირდებიან პროცესებს, მათ უკვე გამოხატეს თავიანთი აღშფოთება. დარწმუნებული ვარ, ამას კიდევ მოჰყვება სათანადო გამოხმაურება.
- პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე ახალ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და მოსახლეობას ჰპირდება, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში საქართველოში მავთულხლართები აღარ გაიბმება...
- რას ამბობს ბურჯანაძე ან სხვა ვინმე იმის თაობაზე, თუ რას მოიმოქმედებდა პრეზიდენტი რომ იყოს, რაღაც საბავშვო გადაცემებს მაგონებს. ბურჯანაძე როცა პრეზიდენტი გახდება, მაშინ უნდა მოვთხოვოთ დაპირებულის შესრულება, თუმცა არ მოგვიწევს ამის მოთხოვნა, ეს თვითონაც კარგად იცის, ამიტომაც არიგებს ამისთანა დაპირებებს. არ ვიცი, ნინო ბურჯანაძე მომავალში როგორ მოაგვარებს ამ პრობლემებს, მაგრამ კარგად ვიცი, წლების განმავლობაში რომ ეკავა მაღალი თანამდებობა, საქართველოს იმ დროსაც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები, მაგრამ მაგის მოგვარებული არაფერი გვინახავს. რაც ხდება, ეს არის საოკუპაციო ხაზის გადმოწევა და საერთაშორისო შეთახმების დარღვევა. ჩვენ ისიც კი მოვისმინეთ, რომ თურმე ეს ყველაფერი ჩვენი ბრალი ყოფილა, რაც ბატონმა სერგო რატიანმა თქვა, არ ეკადრება რატიანს ამისთანა ლაპარაკი. ხომ იყვნენ ხელისუფლებაში და მშვენივრად იციან, რა და როგორ არის, მაგრამ პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობენ, თუმცა არ გამოუვათ, ეს ის ხალხია, რომელთა უგუნურების შედეგადაც დგანან რუსები ჩვენს ტერიტორიაზე და ასე თავხედურად იქცევიან.
- მიხეილ სააკაშვილის თქმით, თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის განცხადებებმა იმის თაობაზე, რომ 2008 წლის ომი საქართველოს ხელისუფლების ბრალია, წაახალისა რუსი ოკუპანტები...
- რუსეთი არის ოკუპანტი და იქცევა ოკუპანტივით. დღეს თითოეულ კვადრატულ მეტრზე სააკაშვილის ტირილი უკვე გვიანია, მაშინ უნდა ეტირა, როდესაც მისი უგუნურებით ამხელა ტერიტორიები იკარგებოდა. სააკაშვილის ხელისუფლებისა თუ იმის წინა ხელისუფლებების დროს, მოყოლებული ერეკლედან, რუსეთი სულ ცდილობდა ჩვენთვის რამე წაეგლიჯა. ამაში მას, სამწუხაროდ, ხელმძღვანელ თანამდებობებზე მყოფი ის ქართველებიც ეხმარებოდნენ, რომელთაც საქართველო სულ არ ანაღვლებდათ. მე ის მიკვირს, ქართველების ნაწილი ზოგიერთ მათგანს დღესაც რომ მისტირის. არ ვიცი, რამ შეაყვარა ამ ხალხს ამხანაგი სტალინი ასე. გავიგე, რომ ქართველი იყო და ულვაში ჰქონდა, მაგრამ რაში გამოადგა საქართველოს?! სააკაშვილს კი ამ საკითხზე სალაპარაკო არაფერი აქვს, მაგან რუსეთი და დაკარგული ტერიტორიები არც უნდა ახსენოს. ესაა მისი ცხოვრების მთავარი სირცხვილი და მთავარი დანაშაული, ოროსანია ამ საკითხში. ეგ წამოეგო რუსეთის პროვოკაციას და რაც კი შეიძლებოდა, ყოველგვარი სისულელე ჩაიდინა. სააკაშვილის ლაპარაკი გასათვალისწინებელი კი არა, მოსასმენიც არ არის. სააკაშვილი საინტერესოა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ უნდა გამოვიკვლიოთ კიდევ რა აქვს ჩადენილი და დავადგინოთ, მარტო პოლიტიკურად მოუწევს პასუხისგება, თუ სამართლებრივადაც. სააკაშვილმა მთელ მსოფლიოს აჩვენა მაგალითი, თუ როგორ არ უნდა ეცადო კონფლიქტების გადაწყვეტას. მე ვიყავი პარლამენტში, რომლის უმრავლესობაც მთელი სერიოზულობით გვიხსნიდა, თუ როგორ მოუგებდნენ ომს რუსეთს. კარგი იქნებოდა, მოგვეგო, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ეს შეუძლებელი ამოცანაა. სააკაშვილის აზრს კი ამ საკითხებზე არ უნდა ვუსმენდეთ, ვინც უსმენს, იმასაც აქვს რაღაც პრობლემა, თორემ სააკაშვილი რომ პრობლემატურია და კარგად ვერაა მაგ საკითხებში, ეს ცხადია. გაიგეთ ბოლოს და ბოლოს, რომ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, დასრულდა შარშან ოქტომბერში, ახლა მისი მოსმენა სპირიტული სეანსებისას სულების მოსმენის ტოლფასია.
- საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში, გაეროს გენერალური ასამბლეის მუშაობის ფარგლებში, პრეზიდენტ ბარაქ ობამას შეხვდა. სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდი ავრცელებს მათი მოკლე საუბრის შინაარსს, რომლის მიხედვითაც ობამა სააკაშვილს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: "თქვენ ძალიან მნიშვნელოვან მემკვიდრეობას ტოვებთ დემოკრატიული, რეფორმირებული საქართველოს სახით".
- ასეთი შეხვედრები გაეროში შემდეგნაირად ხდება: კიბესთან დგას სააკაშვილი, გამოივლის ობამა და მიშაც დაეძგერება. ისიც ზრდილობის გამო გამოელაპარაკება. მე ასე შევხვდი პრეზიდენტ რეიგანს და მარგარეტ ტეტჩერს, საქართველოში რომ იყო, მაშინ. უნივერსიტეტიდან გამოდიოდა, მე გარეთ ვიდექი და პირდაპირ მივეჭერი. სამწუხაროდ, მაშინ "ფეისბუქი" არ იყო, თორემ დავწერდი, შევხვდი და ჭკუა ვასწავლე-მეთქი. ხომ ნახეთ, სააკაშვილმა როგორ უკარნახა ობამას, ეს უკანასკნელი როგორ უნდა მოიქცეს, დაუბარა - საფრთხეშია საქართველო და ყურადღება მიაქციეთო, ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, ბოლო ხანს ჯანზე რომ ვერ არის. თანაც ობამას გაუმხილა, რომ საგანმანათლებლო საქმიანობას აპირებს. მართალი გითხრათ, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების წაკითხვის შემდეგ ასე გემრიელად არაფერზე მიცინია. ისედაც რა დღეშია ეს საწყალი საგანმანათლებლო სისტემა და სააკაშვილი რომ გაგვანათლებს, საბოლოოდ ავშენდებით. კიდევ ბიბლიოთეკის გაკეთებას აპირებს. ესეც ძალიან სასაცილო ამბავია კაცისგან, რომელსაც წიგნი ხელში არ აუღია. ერთხელ პირადად გამიმხილა, რომ ერთი მხატვრული ნაწარმოებიც კი არა აქვს წაკითხული.
- როდესაც თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ 27 ოქტომბერს კოჰაბიტაცია დასრულდება, რას გულისხმობს?
- კოჰაბიტაცია ნიშნავს, რომ მაგალითად, აღმასრულებელი ხელისუფლების შიგნით ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი ძალაა, რის მოწმენიც დღეს ჩვენ ვართ. 27 ოქტომბერს ახალ პრეზიდენტს ავირჩევთ და ესეც დასრულდება... ეს განცხადება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობას შევწყვეტთ.
- საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ეს ისე ესმის, რომ დაიწყება ე.წ. სამართლიანობის აღდგენა და წინა ხელისუფლების ბევრ ჩინოვნიკს მოუწევს პასუხისგება...
- ეგ მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაიმარჯვებს ქალბატონი ბურჯანაძე. არავითარი მასობრივი და პარტიული პასუხისგება არ დაიწყება. მხოლოდ ბურჯანაძე გვპირდება, რომ ყველას დაიჭერს მამამისისა და ქმრის გარდა, აბა, ახლა საკუთარ "კუდს" ხომ არ მოიჭრის. ჩვენ რეპრესიებს არ ვაპირებთ. ეს რომ დავიწყოთ, უნდა გამოვეთხოვოთ დასავლეთს, ევროპასაც და ნატოსაც. წინა ხელისუფლების წარმომადგენლებიდან თუ ვინმე დამნაშავეა, მათი საქმეების გამოძიება ახლაც მიმდინარეობს, ასე რომ, განსაკუთრებული ზომების მიღებას არავინ აპირებს.
- თუმცა საზოგადოების ნაწილს მოსწონს ბურჯანაძის რადიკალიზმი...
- ბურჯანაძე აიღებს ხმების იმდენივე პროცენტს ან ოდნავ მეტს, რაც თავის დროზე აიღო ცხონებულმა ბადრი პატარკაციშვილმა. მას არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გამარჯვების არავითარი შანსი არა აქვს. არა მგონია, ამ ერთ თავეში რაიმე ისეთი მოხდეს, რომ შანსი გაუჩნდეს. ქალბატონ ბურჯანაძეს პრეზიდენტობის შანსი ჰქონდა 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, მაგრამ არ გამოიყენა. იმჟამად ბურჯანაძე ჩემზე ამბობდა, მაგას ხელს არ ჩამოვართმევო, რაც დიდად არ მწყენია, მაგრამ მერე იმისთანებს ჩამოართვა ხელი, საერთოდ დაკარგა პოლიტიკური პერსპექტივა.
- ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებიდან წავა, საზოგადოების ინტერესი უფრო იმისკენ მიმართა, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, ვიდრე იმისკენ, თუ ვინ იქნება პრეზიდენტი...
- გასაგებია, რომ მოლოდინი დიდია, რადგან პრემიერს გაცილებით მეტი უფლებები აქვს. ჯერჯერობით კოალიციის შიგნით ამ საკითხზე კონსულტაცია არ დაწყებულა, როგორც ჩანს, ჯერ თვითონ პრემიერსაც არ შეურჩევია სავარაუდო კანდიდატი თუ კანდიდატები. არ ვიცი, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, მაგრამ შემიძლია საიდუმლოდ გაგიმხილოთ, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იქნება.
ნათია დოლიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)