დიცსა და დვანში შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი პუტინისა და ივანიშვილის შეხვედრაა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თემის კომენტირებისას პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ განუცხადა.
მისი თქმით, დიპლომატიაში გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს, თუმცა განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, საჭიროა პოლიტიკურად გაბედული გადაწყვეტილებები.
"ხანდახან მხარეები დგებიან ისეთი რეალობის წინაშე, როდესაც მსუბუქი დიპლომატია, რომელიც არც მწვადს წვავს და არც შამფურს, არაეფექტური ხდება და საჭიროა თერაპიის ქირურგიით ჩანაცვლება. ვგულისხმობ მტკივნეულ, მაგრამ კრეატიულ გადაწყვეტილებებს. დღეს საჭიროა პოლიტიკურად გაბედული გადაწყვეტილება. რასაკვირველია, არ ვგულისხმობ დე გოლის პოლიტიკურ გაბედულებას, როდესაც მან ალჟირზე უარი თქვა. დღეს პოლიტიკურად გაბედული გადაწყვეტილება იქნებოდა ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ივანიშვილის პუტინთან შეხვედრა. ამის გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობს", - განაცხადა ცინცაძემ.
სოსო ცინცაძის თქმით, ეს ერთადერთი გამოსავალია, რადგან გარღვევა მხოლოდ ამ დონეზე შეიძლება მოხდეს.
პოლიტოლოგი კარასინი-აბაშიძის შეხვედრებს "ადგილზე დიპლომატიურ სირბილს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ შეხვედრებმა თავისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ამოწურა.
"ეს შეხვედრები, ისევე, როგორც ჟენევის ფორმატი, ინერციაში გადავიდა. ახლა სხვა დონე და სხვა ფორმატია საჭირო. ჩვენთან არავინ ცდილობს, გააანალიზოს, რატომ ხდება, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილი რუსებს მკვდარს და ცოცხალს აგინებდა და პუტინს ლილიპუტინს ეძახდა, საზღვრების გადმოწევა არავის გახსენებია. დღეს კი, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ადამიანი რუსეთისადმი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკით და, რომლის წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მზიდი კონსტრუქცია სწორედ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია იყო, რუსები ლამის გორთან ჩამოვიდნენ და ხვალ, შეიძლება თბილისთან მოვიდნენ. ივანიშვილის ნოუჰაუ სწორედ ურთიერთობის დარეგულირება იყო, მაგრამ ეტყობა, რუსეთი მოლოდინში მოტყუვდა. არ ვიცი, რას ელოდა რუსეთი, მაგრამ ის, რომ მოსკოვი უკვე უკმაყოფილოა ურთიერთობების დარეგულირების ფორმატითაც და ტემპებითაც, ცხადია. ამ უკმაყოფილების გარეგნული გამოხატულება კი არის საზღვრების გადმოწევა", - განაცხადა ცინცაძემ.
მისი შეფასებით, 300-400 მეტრი რუსეთისთვის რეალურად არაფერია, თუმცა ეს ნაბიჯი კრემლის ფარულ გზავნილს შეიცავს.
"ამ ქმედებით რუსეთი გვეუბნება – მე, რასაც მინდა, ვაკეთებ, სად არის თქვენი დასავლეთი?! რუსეთის ფარული გზავნილი ამაშია. დასავლეთის შეშფოთება უკვე არასოლიდური და კომიკური ხდება. რუსეთი მათ უკვე პასუხის ღირსადაც აღარ თვლის. ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს საქმეს, ვიდრე გორამდე არ ჩამოსულან. ჩამოვლენ კიდეც, ვინ გააჩერებს?!", - აღნიშნა ცინცაძემ.