საქართველოში ადამიანები უგზო-უკვლოდ იკარგებიან. კანონის თანახმად, პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუკი მისი ადგილსამყოფლის დადგენა ორი წელი ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 4 წელიწადში საქართველოში 631 კაცი გაუჩინარდა, აქედან მხოლოდ 61 დაბრუნდა, ხოლო 69 - გარდაცვლილი იპოვეს, დანარჩენების კვალს ძალოვანებმა ვერ მიაგნეს. მხოლოდ წელს საქართველოში 83 კაცი დაიკარგა. შემაშფოთებელია მცირეწლოვანების გაუჩინარების სტატისტიკაც. ბოლო ოთხ წელიწადში 62 არასრულწლოვანი დაიკარგა, აქედან მხოლოდ 12 ბავშვია ნაპოვნი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე ხშირად 25-დან 44 წლის ასაკის ადამიანები იკარგებიან.
სულისშემძვრელი იყო ჩვენს გაზეთში ახლახან გამოქვეყნებული ინტერვიუ ლამზირა მახარაძესთან. ის დაკარგული 17 წლის დარეჯან დიასამიძის დედაა. სოფლიდან გაუჩინარებული გოგონას კვალს დღემდე ვერ მიაგნეს. დიასამიძეებისგან განსხვავებით გაუმართლა ჩარგაზიებს. სამართალდამცველებმა რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ ზუგდიდელი 24 წლის თეონა ჩარგაზია იპოვეს. გოგონა 28 ივლისს, დასთან ერთად ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე იყო, საიდანაც მოულოდნელად გაუჩინარდა. დაკარგული გოგონა დიდი ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ ნასაგურში იპოვეს და ოჯახს ჩააბარეს.
ქუთაისელი 19 წლის ნათია გიორგიძე 2010 წლის 31 ოქტომბერს დაიკარგა.
რუსუდან გიორგიძე, ნათია გიორგიძის დედა: - ჩემი გოგონა სამი წლის წინ, 31 ოქტომბერს, დღის 12 საათზე გავიდა სახლიდან. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი იყო. ნათია დღის 3 საათზე პუშკინის ქუჩიდან დაიკარგა. პოლიციას მაშინვე მივმართეთ, მაგრამ უშედეგოდ, ვერსად მიაგნეს.
ვიდეოკამერამ იმ ტერიტორიაზე იმ დროს შავი ჯიპი დააფიქსირა, მაგრამ სამართალდამცავებმა მისი მეპატრონის დადგენა ვერ შეძლეს. დღემდე შემოდებულია თაროზე ჩემი შვილის საქმე.
- ქალბატონო რუსუდან, თქვენ რა ვერსია გაქვთ?
- ვერსია და კითხვა ბევრია, მაგრამ პასუხი არ არის.
ერთხელ შევიტყვეთ, რომ საბერძნეთიდან ბაღდათელი ქალი დაუკავშირდა მეუღლეს და უთხრა, ნათია თურქეთში ვნახეო. ის ქალი არალეგალურად მიდიოდა საბერძნეთში. თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში შემთხვევით შეხვედრია ჩემს შვილს. იმ ქალს ქმრისთვის დაურეკავს, აქ ერთი ქართველი გოგოა, ორი წელია ქუთაისიდან გაუტაციათ, 20-21 წლის არის, ნათია გიორგიძეაო. თუმცა შემდეგ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, ის ქალი იქ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა და ჩამოასვენეს. მისი მეუღლე კი თავს იკავებს ამ დეტალებზე საუბრისგან, ამბობს, არ მახსოვს, რა გვარი მითხრა ცოლმაო. სამწუხაროდ, გამოძიება ამ ინფორმაციით არ დაინტერესებულა.
- თვლით, რომ თქვენი შვილი ტრეფიკინგის მსხვერპლია და საქართველოდან გაიყვანეს?
- დიახ. ასაკი, აღწერილობა ჩემი შვილისას ემთხვევა. ვის არ მივმართე, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. გამწარებული დედა ვარ, ისღა დამრჩენია, ვისზეც ეჭვი მაქვს, მასზე ვიძიო შური.
- ეჭვი ვინმეზე გაქვთ?
- ნათიას ჰყავდა მეგობარი გოგონა, რომელიც დაკარგვამდე 6 თვით ადრე გაიცნო. ვფიქრობ, ის არის გარეული ამ საქმეში, მან იცის სიმართლე.
- ძალოვანებს რა ვერსია აქვთ?
- თითქოს ჩემი შვილი რიონში დაიხრჩო და წყალმა წაიღო. თუ მდინარეში დაიხრჩო, ცხედარი მაინც ხომ უნდა გვენახა. დღისით დაიკარგა ბავშვი, თვითმხილველი არ არსებობს, რომ რამე გვითხრას. ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა, ამიტომ ამ ვერსიას გამოვრიცხავ.
მინდა ვთხოვო ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს, ჩვენისთანა გაჭირვებულ ოჯახებს მოგვხედონ. ჩემი ნათია თუ ვინმემ მოკლა, რატომ უნდა მოეკლათ? რა მოგებას ნახავდნენ, ან ასეც რომ ყოფილიყო, ცხედარი ხომ მაინც უნდა მენახა? სამართალდამცავებმა ნათიას სატელეფონო საუბრები ამოიღეს, იმ გოგოს ჩემი შვილის დაკარგვამდე ერთი საათით ადრე 16 მესიჯი აქვს გაგზავნილი, სამწუხაროდ, მესიჯების წაკითხვა ვერ შევძელით.
იმედის ნაპერწკალი ჯერ ისევ მაქვს, თუ არა და, იმ გოგოზე ვიძიებ შურს, ჩემს სიმწრით გაზრდილ შვილს არავის შევარჩენ.