NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობა მიიჩნევს, რომ არსებული ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს , თუმცა გადადგომის შესახებ პრემიერ-მინისტრის განცხადებას არ ამართლებენ.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს გახდა ცნობილი.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 63% სამუშაო ადგილებს, ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს შორის პირველ ადგილას, 46% კი ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებიდან პირველ ადგილზე კომუნალური მომსახურების ღირებულებას ასახელებს.
გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 16 პროცენტთან შედარებით, ვინც ასე არ ფიქრობს. 71 პროცენტი, განსხვავებით 18 პროცენტისგან, ნეგატიურად აფასებს პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ იგი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მალევე გადადგება. გამოკითხულთა 51 პროცენტი არ არის ინფორმირებული საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ იმ რესპონდენტების რაოდენობა, ვინც თავს დასაქმებულად მიიჩნევს 35 პროცენტამდე გაიზარდა, გამოკითხულები მაინც თვლიან, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში სამუშაო ადგილების რაოდენობა იგივე დარჩა ან შემცირდა. ასევე, გამოკითხულები მიიჩნევენ, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში კრიმინალის დონე იგივე დარჩა ან გაიზარდა. მიუხედავად ამისა, 64 პროცენტი, 30 პროცენტისგან განსხვავებით, მიიჩნევს, რომ არსებული ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს.
NDI-ის ივნისის კვლევასთან შედარებით, იმ რესპონდენტების რაოდენობა, ვინც კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში დემოკრატია, უპასუხა "დიახ", 38 პროცენტიდან 44 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო 77 პროცენტი მიიჩნევს, რომ არჩევნები ძალიან კარგად ან მეტნაკლებად კარგად ჩატარდება.
გამოკითხულთა 70 პროცენტი უკმაყოფილოა რუსეთთან ამჟამინდელი ურთიერთობით, მაშინ როდესაც რესპონდენტთა 73 პროცენტი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, გახდეს ნატო-ს წევრი და 81 პროცენტი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს გახდეს ევროკავშირის წევრი.
"ეროვნული მნიშვნელობის საკითხებიდან სამუშაო ადგილები კვლავ პირველ ადგილს იკავებს გამოკითხულთა შორის. რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ხელმისაწვდომი სამუშაო ადგილების რაოდენობა იგივე დარჩა ან შემცირდა. ასევე, გამოკითხულები მიიჩნევენ, რომ იგივე პერიოდში კრიმინალის დონე ქვეყანაში იგივე დარჩა ან გაიზარდა. თუმცა, ორი ერთთან შეფარდებით, გამოკითხულები მიიჩნევენ, რომ არსებული ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს", - აცხადებს NDI საქართველოს დირექტორი, ლუის ნავარო.
მისივე თქმით, გამოკითხულთა უმრავლესობა არ ამართლებს პრემიერ მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ იგი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მალევე გადადგება, ასევე უმრავლესობას არ მოსწონს საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან. თუმცა, რესპონდენტთან უმეტესობა მიესალმება საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი; აგრეთვე გამოკითხულთა უმეტესობა პოზიტიურად აფასებს მომავალ არჩევნებს.
კვლევა მიმდინარე წლის 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,838 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ქართულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა.